ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

ახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

"საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ახალი მთავარი პროკურორის ბიოგრაფია, სადაც აღნიშნულია, რომ ბატონი გიორგი ბადაშვილი 2013 წლის მაისიდან საქართველოს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მივიღეთ 2013 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული წერილი №60953/11 საქმეზე გადაწყვეტილების შესახებ, სადაც ამავე სასამართლოს სახელით ხელს აწერს სასამართლოს იურისტი რეფერენტი ბ-ნი გიორგი ბადაშვილი. აქსიომურია, რომ გიორგი ბადაშვილი 2013 წლის ოქტომბრის თვეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტ-რეფერენტისა და შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ერთდროულად ვერ იქნებოდა, რამეთუ "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ" პრინციპი ევროსასამართლოსთვის უცხოა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურითახალი მთავარი პროკურორი თავის ნამდვილ ბიოგრაფიას მალავს?

"შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ბადაშვილი ნამდვილად იყო იურისტი-რეფერენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გაყალბებულია მისი ბიოგრაფია. თუ არ იყო იურისტი რეფერენტი, მას ევროპული სასამართლოს სახელით სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ან კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლება არ ჰქონდა და შესაძლებელია, საქმე გვაქვს უარესთან, კერძოდ, ხელისუფლების მიერ ჩადენილ სიყალბესთან ან ევროსასამართლოში კორუფციის შეტანასთან, მოსარჩელეებისთვის/დაზარალებულებისთვის რეაბილიტაციის, რესტიტუციის ან კომპენსაციის უფლების ხელოვნურად აღკვეთის მიზნით იმ საქმეებზე, რომელთა გამოთხოვაზე იუსტიციის მინისტრმა ევროსასამართლოს მიმართა მოსარჩელეებთან მორიგების აბსურდული მოტივით", - აღნიშნავს გამოცემა.

"აღნიშნული ინფორმაცია "ალიას" არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული და სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარემ, გერონტი აშორდიამ მიაწოდა. ამიტომ მას დეტალების დასაზუსტებლად დავუკავშირდით", - წერს სტატიის ავტორი.

"მე მაქვს მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც მოგაწოდეთ. რამდენჯერმე დამიკავშირდნენ და მკითხეს, ეს ბადაშვილი სხვა ხომ არ არისო? დიახ, ისაა, რადგან სხვა გიორგი ბადაშვილის თაობაზე არავინ იცის არაფერი. ასეთი დოკუმენტები, გიორგი ბადაშვილის ხელმოწერით, უამრავია საქართველოში და ყველა აბსურდული, დაუსაბუთებელი და მასში მითითებულ 34-ე და 35-ე მუხლებთან შეუსაბამო", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული და სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარე, გერონტი აშორდია.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არიან საქართველოდან წარდგენილი კადრები, იურისტი-რეფერენტები, რომლებიც სასამართლო განხილვისთვის ამზადებენ საქმეებს და მათთან მოსარჩლეებს არავითარი ურთიერთობა არა აქვთ. სტრასბურგის სასამართლოში იყო ჩვენი სარჩელი რეგისტრირებული და ამაზე გაგვაჩნია 2011 წლის 8 დეკემბრის დოკუმენტი იურისტ-რეფერენტის, ნინო ხაინდრავას ხელმოწერით. როდესაც გამოვთქვი პროტესტი, რომ თეა წულუკიანი ახდენდა სარჩელების დაბლოკვას, მხედველობაში მქონდა ის დოკუმენტი, რომელიც თქვენ იხილეთ. იქნებ სულაც არაა ეს გიორგი ბადაშვილი ის, ვინც აღნიშნულ დოკუმენტზე აწეტრს ხელს, მაგრამ ვერც ის ადამიანი ვნახე, რომელიც სხვა გიორგი ბადაშვილს იცნობს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გერონტი აშორდია.

"არ ვიცი გიორგი ბადაშვილი თეა წულუკიანის კადრია თუ არა, მაგრამ უდავოა, რომ ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდნენ, რამეთუ სარჩელების დაბლოკვა თავის თავზე ხომ თეა წულუკიანმა მოახდინა. მგონი, თეა დააკვალიანებდა მას და ასწავლიდა, როგორ ეშოვა სტრასბურგში ბინის შესაძენი ფული. სტრასბურგში გაიცნო, თუ აქ გააცნეს და დაავალეს, იქ გზა გაუკვალეო, არ ვიცი", - დასძენს რესპონდენტი.

"ალია" კომენტარისთვის მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თემურ დოლიძეს დაუკავშირდა. "სხვა გიორგი ბადაშვილი იქნება, ახალ მთავარ პროკურორს სტრასბურგში არ უმუშავის", - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თემურ დოლიძემ. გერონტი აშორდიას პროკურატურის პასუხი გავაცანით, რაზეც გვიპასუხა: "ორი დღეა, ვარკვევ მაგას და მეუბნებიან, ერთი და იგივეაო. შევეცდები დავამტკიცო ეს და მერე რა პასუხს გამცემენ, მაგას ვნახავთ...", - დასძენს გამოცემა.