„ოპოზიციას ვურჩევ, ძალის დემონსტრირებას თავი დაანებონ, რადგან მეორე მხარესაც არ უჭირს ძალის ჩვენება“

„ოპოზიციას ვურჩევ, ძალის დემონსტრირებას თავი დაანებონ, რადგან მეორე მხარესაც არ უჭირს ძალის ჩვენება“

როგორც ჩანს, 20 ოქტომბერს ოპოზიცია და მესამე სექტორი წინარევოლუციურ რეპეტიციას გეგმავს. მმართველ გუნდს და ანალიტიკოსების ნაწილს სწორედ ეს ვერსია აქვთ, რომ ოპოზიცია არ ემზადება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის და მათი მზადების მთავარი რიცხვი 27 ოქტომბერია. შესაბამისად, ამ მარშით ეცდებიან, დასავლეთს აჩვენონ რამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და რამხელა მხარდაჭერა აქვთ, ხოლო თუკი გაყალბებაზე საუბარი წავა, ეს მარში მტკიცებულების სახით ექნებათ. მეორე მრივ კი ეს იქნება ერთგავრი ტესტი ხალხის იმ რაოდენობის და მხარდამჭერების გასაზომად, რომელთა იმედიც სახელმწიფო გადატრიალებისთვის უნდა ჰქონდეთ. ამ სარეპეტიციო აქციაში მოანწილეობა შესაძლოა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღოს.

როგორც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მედიასთან ამბობს, კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი ამ მარშზე მივა და „პროევროპულ ლიდერებს“ შეუერთდება. ზურაბიშვილის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის მარშზე მივიდეს.

უკვე ცნობილია, რომ ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით - ჩვენ გვინდა ევროპაში!

შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს ივანიშვილმა“, - ამბობს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

„ევროინტეგრაციისთვის ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და მნიშვნელოვნად მიაჩნია, 20 ოქტომბერს დაგეგმილი მარშით, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთი საერთო მიზნის, ქვეყნის ევროპული მომავალისთვის ერთიანდებიან.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. ჩვენ უნდა ვანახოთ ყველას, საკუთარ თავებსაც და მთელ მსოფლიოს, რომ კი, ჩვენ ვართ განსხვავებულები, კი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვანაირი მოსაზრებები, ჩვენ მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, მაგრამ არის ერთი საკითხი, რის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ეს არის საქართველოს ევროკავშირში წევრობა“, - ამბობს ეკა გიგაური.

„ვისთვისაც სამშობლო და ჩვენი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია, ყველანი ჯერ 20 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ქუჩაში და შემდეგ 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა.

მან კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოების მისი მნიშვნელობა იდეალურად ესმის.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რა თქმა უნდა, 20 ოქტომბრის მარშს გარკვეული პოლიტიკური დანიშნულება აქვს და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამით ოპოზიცია და მესამე სექტორი დასავლეთისთვის მხარდამჭერების რაოდენობის ჩვენებას ცდილობს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული რეპეტიცია არჩევნების შემდეგი დღეებისთვის - თუნდაც საკუთარი ამომრჩევლისთვის იმედის და სტიმულის მიცემის მცდელობა. თუმცა ამან შესაძლოა მათთვისვე ცუდი შედეგი მოიტანოს.

„პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ მსგავსი მხარდამჭერების მობილიზება და ვიღაცისთვის ძალის ჩვენება თავისუფლად „ოცნებასაც“ შეუძლია და ეს არაერთხელ უკვე გააკეთეს. მეორე მხრივ კი, მსგავსი ძალის და კუნთების თამაში კარგს არაფერს თავად ოპოზიცას არ მისცემს. საქმე ისაა, რომ აქციაზე თუ არ მივიდა იმ რაოდენობის ხალხი, რასაც ელიან, მაშინ ეს არჩევნების წინ ძალიან ცუდ გავლენას მათსავე ამომრჩეველზე მოახდენს. თუმცა, მთავარი მიზანი ამ მარშის ის არის, რომ ოპოზიციას სურს დასავლეთს მხარდამჭერების და ევროკავშირის მომხრე ხალხის რაოდენობა აჩვენონ.

როცა 27 ოქტომბერს არჩევნების შედეგი არ მოეწონებათ და ყვირილს ატეხენ, რომ არიქა, გაგვიყალბეს, ეს მარში მაგალითად ექნებათ. იტყვიან, ამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ევროპის მხარდასაჭერად და მაშ „პრორუსულ“ „ოცნებას“ მხარი როგორ დაუჭირესო. თუმცა, შესაძლოა, ამან ოპოზიციისთვის უკუეფექტი გამოიწვიოს - თუკი მარშზე 20 ოქტომბერს მართლაც ბევრი ხალხი დაინახა „ოცნების“ ამომრჩეველმა და ჩათვალა, რომ ეს რაოდენობა არჩევნების ბედს შეცვლის, შესაძლოა, მმართველი გუნდის მხარდამჭერებს არჩევნებზე მობილიზაციის და დიდი რაოდენობით მისვლის სურვილივ კი გაუჩინოს. ამიტომ მე ოპოზიციას ვურჩევ, მსგავს აქციებს და ძალის დემონსტრირებას თავი დაანებონ, რადგან მეორე მხარესაც არ უჭირს ასეთი ძალის ჩვენება“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტრ ზურაბიშვილის მარშზე 20 ოქტომბერს მისვალს, საყვარელიძე ამბობს, რომ გასაკვიირი არ იქნება, რადგან ზურაბიშვილი პირდაპირ საუბრობს უკვე იმაზე, რომ „ოცნება“ პრორუსული ძალაა. ხოლო თავად ევროპა აირჩია. ის ამ იმიჯის შემქნას უკვე უკრაინის ომის შემდეგ ცდილობს და დასავლეთში ამაში ხალხიც დაარწმუნა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ის ამ მარშზე მივა და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას კიდევ ერთხელ ეცდება.