„რატომ დუმდა ამდენი წლის განმავლობაში გივი თარგამაძე? საქმე ისაა, ყველაზე კარგად მან იცოდა, ვის უნდოდა მისი ლიკვიდაცია“

„რატომ დუმდა ამდენი წლის განმავლობაში გივი თარგამაძე? საქმე ისაა, ყველაზე კარგად მან იცოდა, ვის უნდოდა მისი ლიკვიდაცია“

დაზუსტებით არ ვიცი, რატომ არ ენდობოდა სააკაშვილი თარგამაძეს, მაგრამ გუნდში ცნობილი იყო, რომ თარგამაძე ჩაფლული იყო კორუფციულ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინას და შემდეგ ნაცების ობშჩიაკში ფული არ შეჰქონდა, - აცხადებს მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

გივი თარგამაძეს არ სჯერა პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი მას ტერორისტულ აქტს უწყობდა. თარგამაძე, რომელმაც, წესით, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რაზე წამსვლელნი იყვნენ მისი თანაპარტიელები, ამბობს, რომ ცინიკურია, თითქოს ჭიჭიაშვილს შეხვდნენ სააკაშვილი და გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მისი თვალთვალის მიზნით. თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის დაკვეთას ბიძინა ივანიშვილს და, კონკრეტულად, ღარიბაშვილის სიმამრს აბრალებს. რამდენად დამაჯერებელია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე ნაცმოძრაობას მათთვის არასანდო თარგამაძის მსხვერპლშეწირვა მოეწყო რევოლუციური დიადი მიზნის მისაღწევად? მით უმეტეს, ეს ის პარტიაა, რომელიც ხან ორ გვამს ითხოვდა, ხან ორსული ქალის მოკვდინებას?

- ამ ეტაპზე ჩემთვის სავსებით დამაჯერებელია გამოძიების შედეგები და იმის აღიარება, რაც მოვისმინეთ პროკურატურისაგან. მინდა აღვნიშნო, რომ თარგამაძესაც და უგულავასაც, რომელმაც გააკეთა განცხადება თარგამაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, ყველანი ვიცნობთ, როგორც ძალიან დიდ მატყუარებს, რომლებსაც ბევრი ამაზრზენი ტყუილი აქვთ ნათქვამი, ისევე, როგორც კარგად ვიცით სააკაშვილის ტყუილები. სააკაშვილის გარდა, თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა დაასახელა გია ლორთქიფანიძე, ლაფანყურის სასტიკი, სისხლიანი ჟლეტის ორგანიზატორი. იმ პერიოდში ლორთქიფანიძე მერაბიშვილის მოადგილე იყო და შემდეგ სააკაშვილმა დაისვა ბუნების წიაღში სადღაც ლოპოტას ხეობასთან, კაფეში და ტელევიზიით საჯაროდ განაცხადა, აი, გია ლორთქიფანიძემ ბრწყინვალედ ჩაატარა ეს ოპერაცია, უფრო კარგად, ვიდრე ბევრი სხვა გაცილებით უფრო ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო მოახერხებდა ამის გაკეთებას. გავიდა დრო და სააკაშვილმა უკვე სხვა ვერსია შემოგვთავაზა, საერთოდ არ ვიცი, ვისზე მელაპარაკებით, ვინ არის გია ლორთქიფანიძე, არ ვიცნობ ასეთს და არც გამიგია. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენ გვახსოვს ლას ვეგასში წასული მერი უგულავა როგორ გვატყობინებდა იქიდან, რომ წასულია ნაგვის მანქანების შესარჩევად და ისიც გვახსოვს, რომ დადიოდა ღამის სტრიპტიზ კლუბებში შესაბამისი დონის ქალებთან ერთად, ისე, რომ ჯერ ჩარიცხავდა სტრიპტიზ კლუბებში მერიიდან ბიუჯეტის თანხას და შემდეგ ერთობოდა. ამ დონესთან გვაქვს საქმე, ამიტომ მათ განცხადებს ფასი არ აქვს. საინტერესოა, რატომ იყო ამდენი წელი გაჩუმებული თარგამაძე? საქმე ისაა, რომ ყველაზე კარგად მან იცოდა, ვის უნდოდა მისი ლიკვიდაცია. უგულავას მსგავსად, ახლაც თარგამაძე ისეთი პრესის ქვეშაა, რომ სხვანაირად ვერც ილაპარაკებს.

გულისხმობთ იმას, რომ თარგამაძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპრომატები აქვთ?

- რა თქმა უნდა. ცნობილია, რომ ადეიშვილმა მოასწრო და წაიღო საქართველოდან კომპრომატები ნაცების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით. ადეიშვილმა დატოვა საქმეები, რომლებიც თვითონვე აღძრა უგულავას წინააღმდეგ. იმ პერიოდში ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილმა გაოცებულმა შეგვატყობინა, რომ თაროებზე იდო უგულავას წინააღმდეგ აღძრული საქმეები. ეს იყო ის დავალებები, რასაც თვითონ ადეიშვილი აძლევდა უგულავას, უგულავა ამ დავალებებს ასრულებდა - კორუფციული ტრანზაქციები, კორუფციული ტენდერები, შესაბამისად, იმ დღესვე აღძრავდა საქმეს ადეიშვილი. ეს არის ძალიან ძველი ჩეკისტური მიდგომა, რომ თვითონ ავალებენ ადამიანს დანაშაულებრივ საქმეებს და მერე თვითონვე სჯიდნენ ამ დანაშაულის შესრულებისთვის. ადეიშვილი ამას იყენებდა. ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და დაიწყოს უგულავათი, რომელმაც გამოაცხადა, რომ გივი თარგამაძის საქმეზე ივანიშვილია დამკვეთი და თამაზაშვილია შემსრულებელიო. პროკურატურამ უნდა გამოჰკითხოს თარგამაძეც, რის საფუძველზე ამბობს ამას, რა ინფორმაცია აქვს.

თარგამაძე ამტკიცებს, რომ შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში ვერ ჩავიდოდა, რადგან ნაცმოძრაობასთან დაპირისპირებული იყო.

- რას ჰქვია, განა არ იციან, საიდან ჩამოვიდა ის ადამიანი, ან იქ რას წარმოადგენდა? ეს ადამიანი (ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილი ) პირდაპირ ასახელებს გია ლორთქიფანიძეს. ეს ის გია ლორთქიფანიძეა, რომელსაც თურმე საერთოდ არ იცნობდა სააკაშვილი, მაგრამ სწორედ ამ გია ლორთქიფანიძემ შემოგზავნა და მან გაუკეთა ორგანიზება, რომ სააკაშვილი არაჟანთან ერთად არალეგალურად შემოვიდა საქართველოში.

შესაძლოა, თარგამაძეს ამ ეტაპზე არ სურს იმის აღიარება, რომ მიშას დავალებით მას უთვალთვალებდნენ, მაგრამ ერთ დღესაც რომ გამოტყდეს და აღიაროს, რომ სააკაშვილსა და მას შორის დაპირისპირება იყო, მაშინ რა მოხდება, პრობლემა შეექმნება თარგამაძეს, რადგან გამომზიურდება მის წინააღმდეგ კომპრომატები? ისე, საინტერესოა, რატომ არ ენდობოდა სააკაშვილი თარგამაძეს? თუ, უბრალოდ, ხალხში არაპოპულარულ ამ ადამიანს იოლად შეელია?

- ეს არ ვიცი, რატომ არ ენდობოდა სააკაშვილი თარგამაძეს, მაგრამ გუნდში ცნობილი იყო, რომ თარგამაძე ჩაფლული იყო კორუფციულ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინას. თარგამაძეს დააკისრეს არმატურის შემოტანა უკრაინიდან და ძალიან დიდი ფული უშოვია ამით. რაკი ეს იყო მონოპოლიები, ოლიგოპოლიები, შესაბამისად, ისეთი ფასი ღირდა საქართველოში, რომელიც საბაზრო ფასზე გაცილებით მეტი იყო. შემდეგ მან ობშჩიაკში ფული არ შეიტანა და ამაზე აიღეს ეჭვი ნაცებმა. გახსოვთ, ალბათ, გეგენავას შემთხვევა, როდესაც ეჭვი შეიტანეს, რომ ობშჩიაკს საკმარის ფულს არ უხდიდა და ერთ დღეში გაუსწორდნენ. ჩვენ ეს დეტალები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება დაფუძნებული იყო შიგნით ძალადობაზე, როგორც ნამდვილი მაფიური დაჯგუფება. სამადაშვილის საუბარიც ხომ მოვისმინეთ სააკაშვილის შესახებ და მერე რუსულ სიტყვას რომ ამბობს სამჯერ -ნახ... ნახ... ნახ... ასეთი დამოკიდებულება იყო შიგნით ერთმანეთთან. ამიტომ ამ გუნდში ადამიანის გაწირვა ძალიან მარტივი იყო.

სააკაშვილი საკუთარ გარემოცვას კი არა, ალბათ, საკუთარ თავსაც არ ენდობოდა. მაგალითად, არ ენდობოდა ბოკერიას, უგულავასთანაც ჰქონდა გაუგებრობა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც თარგამაძე ამოიღეს მიზანში, ცოტა იყო მოსაკლავი ობიექტი? თუნდაც ბოკერიას წინააღმდეგაც შეეძლო სააკაშვილს ტერაქტის მოწყობა, რადგან სააკაშვილი ბოკერიას ანტიქრისტიანულ ძალას ეძახდა, თავად კი ქრისტიანობით აპელირებდა. ბოკერია ყველაფერია, რაც ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოა, - ეს სააკაშვილის სიტყვებია.

- არ ვიცი, რატომ თარგამაძე და არა ვიღაც სხვა, იმდენი სიბინძურეა ნაცების შიგნით, როდის რომელი აირჩიეს, ეს არ ვიცი, ზოგს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ზოგს ჭკუას ასწავლიდნენ და არ კლავდნ. თუ არ ვცდები, თარგამაძის შესახებ ჩანაწერი იყო, რომ მიშა რაღაცას ამბობს მასზე. ამ ჩანაფიქრით თარგამაძის მკვლელობის მცდელობა დაბრალდებოდა ოცნებას, რადგან ეს იყო ცნობადი ადამიანი, პოლიტიკოსი თარგამაძე.

თანაც, სულს ამოგხდით, - ცნობილი სიტყვების ავტორი, რომელზეც შემდეგ თარგამაძემ ბოდიში მოიხადა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არასწორად გაუვრცელეს ... თარგამაძე იყო იქ, სადაც პარტიას სჭირდებოდა, წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ჩანდა, რომ ხან 300 დესანტი გადასვა დონეცკში არეულობის მოსაწყობად, იულია ტიმოშენკოს დასახმარებლად, ხან 50-მდე სპეცრაზმელი და დამრტყმელი ძალა ჩამოიყვანა სამეგრელოდან არეულობის მოსაწყობად თბილისში... ერთი პერიოდი, იყო მცდელობა, გივი თარგამაძეს მოერგო ქართველი ჩე გევარას როლი, როცა რუსეთში თითქოს მილიონიანი მარშის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ საქართველოში გივი თარგამაძის შესაძლებლობებს ასე იდეალიზებულად არასდროს უყურებდნენ და მიაჩნდათ, რომ თარგამაძე მილიონკაციან მარშს კი არა, ათასკაციან მარშსაც ვერ მართავდა.

- გარდა ამისა, შეგახსენებთ, თარგამაძის საუბარს ქართველ კანონიერ ქურდებთან, რომლებიც გადასულნი იყვნენ უკრაინაში. მისი დავალებით ქურდები ერთ ადგილას შეიკრიბნენ და თარგამაძე ელაპარაკება, ახლა უზრუნველყავით, ტიმოშენკო აირჩიონ პრეზიდენტად, თორემ ჩამოვალ მანდ და მთელ ამ დონეცკს... და მერე მოდის დედის მიმართ უწმაწური სიტყვები. ანდა უმიკაევთან მისი შეხვედრა, წამოწოლილი თარგამაძე, რომელიც გადასცემს უმიკაევს ფულს რუსეთში გადატრიალების მოსახდენად. ეს იმდენად არაადეკვატური ადამიანია, რომ რაშია გახვეული, თვითონაც არ იცის. მახსოვს, იმ პერიოდში დამირეკა ძალიან ცნობილმა ავსტრიელმა ჟურნალისტმა და მკითხა, პეტრე, ესენი გიჟები არიან თუ ნორმალურები?! თარგამაძე რომ აძლევდა რუს გენერლებს 50 000 $-ს, რათა აეფეთქებინათ სტალინის ძეგლი. ისინი კი ეუბნეოდნენ, ამ კაცის ხათრითაა, რომ ისე ვიქცევით, როგორც ვიქცევით საქართველოშიო. ჩვენი კანონმდებლობით, საქმიანი ურთიერთობა შავ სამყაროსთან, ქურდებთან ისჯება და ისჯებოდა მრავალი წლის ციხით. თარგამაძე არც უარყოფს ქართველ კანონიერ ქურდებთან საუბარს, მაგრამ რამე აღიძრა მის წინააღმდეგ? არც ოცნებას არ უზრუნია იმაზე, რომ თარგამაძის წინააღმდეგ აღეძრა საქმე, რადგან ისეთი განწყობა იყო იმ პერიოდში, რომ იყვირებდნენ, პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღიძრა საქმეო. თარგამაძის შესახებ ბევრი რამის გახსენდება შეიძლება, თუნდაც ის რად ღირს, ჩემს სიძეს ვეტყვი, მაფიოზაა იტალიაში და მოკლავს, ვიღაცაზე რომ თქვა. თარგამაძე ყველაფრის შემსრულებელი იყო, თანაც გამოირჩეოდა თავშეუკავებლობით. საიდან ჰქონდა მას კანონიერი ქურდების ტელეფონის ნომრები? როგორ მოახერხა მან მათი შეგროვება ერთ ადგილას? წინასწარ რომ შეუთვალეს ქურდებს, თქვენ შეგროვდით და თარგამაძე დაგირეკავთო.

ანუ ნაცების გათვლით, მავრმა თარგამაძემ თავისი საქმე შეასრულა და მავრი უნდა მომკვდარიყო?!

- სავსებით ლოგიკურია, თანაც საგანგებოდ შეარჩიეს, ვინ გავწიროთ, რომ დავაბრალოთ მერე ოცნებასო. თარგმაძე უთუოდ გავიდოდა საგანგებოდ შერჩეულ მოსაკლავ პირთა კატეგორიაში, რადგან რას უკეთებდა ნაცმოძრაობას გარდა იმისა, რომ ისედაც გატეხილ სახელს კიდევ უტეხდა თავისი განცხადებებითა და ქცევით?!