ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკაში ძალთა ახალი ბალანსი დაიწყება. ერთ-ერთი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილიც დიდ პოლიტიკაში დაბრუნებასა და გააქტიურებას აპირებს და საკუთარი, თითქმის მკვდრადქცეული პარტიის რეინკარნაციასა და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პირადად გეგმავს.
პარტია, რომელიც თეო ტლაშაძის ქოლგის იმედადღაა, სერიოზულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს საჭიროებს. დიდი პოლიტიკა დიდი ავიაცია არაა, რომ ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებდეს, მაგრამ ოქრუაშვილს დიდ პოლიტიკაში მოსაბრუნებლად ესოდენ შელახული იმიჯი შეუშლის ხელს. არადა, "ოქროს" არც ფული უჭირს და სააკაშვილის ხელისუფლებიდან ნაშოვნიც ბევრი შეირგო დედის რძესავით, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილი არ ასვენებს. სხვა თუ არაფერი, კარგად გვახსოვს, ზარი ბაჩო ახალაიასთან სააკაშვილის მმართველობის დროს აქციებისას, მიტინგს დავშლით და მიშას უთხარი, პრემიერად დამნიშნოსო. ოქრუაშვილის სააკაშვილისგან გამიჯვნის რეალური მიზეზიც ხომ სწორედ ეს იყო. ოქრო ძალაუფლებას ეკონომიკის მინისტრის რანგში ვერ გრძნობდა. ახლა კი, როგორც ამბობენ, კოალიციის შექმნის სურვილიც აქვს და თვითმმართველობის არჩევნებში შიდა ქართლში პირადად აპირებს კენჭისყრას, რათა შემდგომ უფრო მაღალი თანამდებობის, გუბერნატორის პოსტი დაიკავოს სამომავლო ტრამპლინისთვის. ცნობილია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება და მის საპირწონედ შექმნილი სამხარეო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი სწორედ არჩეული კანდიდატებიდან შეირჩევა.
მართალია, საქართველოში პოლიტიკოსებს მალე ჩამოაწერენ ხოლმე ცოდვებს, მაგრამ ხალხს არც ისეთი ამნეზია სჭირს, ოქრუაშვილის ნაკეთები საქმეები დავიწყებოდეს. პოლიტიკური ექსპერტებისა თუ უბრალო მოხელეთა აზრით, მისი სახელი შემდეგი უბედურების დამკვიდრებასთან ასოცირდება: ბიზნესში - დაჭერასთან, ღამ-ღამობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ბიზნესში "ჩაჯდომასა" და წილების გადაფორმების დამკვიდრებასთან ან უფრო ჟარგონულად "ახევასთან", ტელეკომპანია "იბერიაში" ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების შევარდნასთან, ბორდელების ტელეკამერებით ჩამოვლასთან, კამერების წინ დასაჭერ-დაჭერილების საწოლ ოთახში შევარდნასთან, ბუტა რობაქიძის საქმესთან, ჯარში სტრატეგიული დეპარტამენტების გაუქმებასა და გაუმჭვირვალე ტენდერებთან, უხარისხო ტექნიკის შეძენასთან, ჟანგიან ტანკებსა და ნეპოტიზმის აყვავებასთან, პროკურატურაში დასაკითხად მისული მოწმეების კაბინეტის აივნიდან გადახტომის მცდელობასთან (ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში, პროკურატურის შენობიდან ზოოპარკის ყოფილი დირექტორი დავით ნარსია ხტებოდა).
პარტიულ პოლიტიკაში: ავანტიურიზმთან, თანაპარტიელების მიერ გაფარჩაკებასა და ტყუილებში მხილებასთან, ერთმანეთის დასმენასა და ფულის მოტეხვასთან, უფრო დიდ პოლიტიკაში ტყუილ დაპირებებთან, პოპულისტობასა (ხან გმირად თავის წარმოჩინება, ხანაც ცრემლმორეული სიტყვების უკან წაღება, ხან ჟვანიას, ხანაც პატარკაციშვილის საქმეებით მანიპულირება და კვამლის გამოშვება) და წითელ ხიდზე ჩამოსვლის ფუჭ იმედებთან. მოკლედ, "ოქროს" ბაქიბუქს ფასი პოლიტიკაში დიდი ხანია ლარის კურსივით დაუვარდა. ერთხანს, მას "ტერორის მამასაც" უწოდებდნენ, თუმცა შემდგომ ეს პოლიტდევნას მიაწერეს და ახლა მას დიდი შრომა დასჭირდება, რომ რამენაირად ჯერ მოქმედ პოლიტიკურ სპექტრთან გამონახოს ენა, მერე ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ "ბუა" და "ტერორის ფუძემდებელი" არაა ქართულ პოლიტიკაში. ჯერ საქმე მხოლოდ პოლიტიკური კონსულტაციების დონეზეა, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ თავად ოქრუაშვილი აპირებს, კენჭი გორის რაიონიდან იყაროს, საიდანაც წარმოშობითაა. მართალია, ოქრუაშვილი დიდად არც გორელებს ეხატებათ გულზე, კარგად ახსოვთ გორელ ბიზნესმენებს მისი და მისი გუბერნატორი "ბიჭის", ქარელის "საქმენი საგმირონი", თუმცა მშობლიური ტყვიავი მაინც ერთადერთი ადგილია ოქრუაშვილისთვის, საიდანაც ფერფლიდან აღდგენას ეცდება.
არიან ისეთებიც, რომლებიც ოქრუაშვილის იქ დაბრუნებას უჭერენ მხარს, სადაც ის თბილისის აეროპორტიდან მიაბრძანეს გლდანის საპყრობილეში. იმ ჯარისკაცების ოჯახები, რომლებიც ოქრუაშვილის მინისტრობის დროს სამხედრო ნაწილებში აწამეს, ფული გამოსძალეს და დაჭრეს. ამ ფაქტების შესახებ მასალები ომბუდსმენის, ჯერ კიდევ სოზარ სუბარისდროინდელი აპარატიდან, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის გადაუგზავნეს. მათ შორისაა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, გიორგი შარიქაძის, ჯარისკაც ვალერი სარიშვილის, ჯარისკაც ზვიად ბელთაძის საქმე და ა.შ. ჯარისკაცების დამცირების, ცემისა და დაჭრის ფაქტები ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში. ეს და სხვა მაკომპრომეტირებელი მასალები დღეს მოქმედ ხელისუფლებასაც აქვს გადანახული. ამას გარდა, პროკურატურაში საჩივრების შეტანა იმ ბიზნესმენების ნაწილმაც გადაწყვიტა, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილის ზენიტში ყოფნის პერიოდში დაზარალდნენ. შესაძლოა თუ არა ოქრუაშვილის ხელახლა დაბარება პროკურატურაში, ამას დრო აჩვენებს.
ვის დაიყენებს ამჯერად გვერდით იმიჯშელახული ოქრუაშვილი, რომელსაც პარტიული რგოლებიდან თითქმის აღარავინ შემორჩა, მხოლოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილების ხარჯზე პარტიის აღდგენა ხომ ვეღარ გამოუვა?! რა თქმა უნდა, იქ აღარ წავა ეკა ბესელია, რომლის ინტერვიუებიდანაც კარგად გვახსოვს, როგორი ინტრიგები მოუწყვეს ერთხელ უკვე ოქრუაშვილის "ქართულ პარტიაში". მაშინ ბესელია თეო ტლაშაძის მისამართით იმასაც ამბობდა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად ამუშავებდნენ, "გასაფუჭებელ" ოპოზიციონერთაგან ალასანიას, გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძეს, ხოლო მათი ანტიპიარის სავარაუდო დამკვეთად კი ოქრუაშვილს მიანიშნებდა.
"მრისხანების დღის" ტყუილებმა, როცა ოქრუაშივლი, თითქოსდა, ჩამოსვლას აპირებდა და ხალხი გადააგდო, პოლიტიკაში ავანტიურისტის სახელი დაუმკვიდრა. მაშინ "მაესტროს" ეთერში კოკა გუნცაძემ ბლეფი უწოდა იმას, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ შეუშალეს ხელი. "ქართული პარტიის" ყოფილმა წევრმა, კოკა გუნცაძემ მაშინ პარტიის თანათავმჯდომარეს ირაკლი ოქრუაშვილს "გაფარჩაკებული და გაბახებული კაცი" უწოდა.
ოქრუაშვილი, მართალია, პარიზში ეიფელის კაფეტერიაში ხვდებოდა მიშაზე განაწყენებულ მაშინდელ ოპოზიციონერებს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში მაინც ვერა და ვერ დაიმკვიდრა პროდასავლური პოლიტიკოსის იმიჯი - იგი რუსული სპეცსამსახურების წრეებს მიაბეს. პრესა და ანალიტიკოსები ხშირად მიუთითებდნენ მის კავშირებზე რუსეთის ფსბ-ს გავლენიან მაღალჩინოსნებთან, პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი პრესსპიკერი ელისო კილაძე მაშინ ყვებოდა კიდეც, რომ ქართული პარტიის შექმნის დავალება ოქრუაშვილმა ეფესბე-ს მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელ გენერალ სერგეი ბესედასგან მიიღო. ოქრუაშვილი რუსეთის დედაქალაქში ჩაიყვანეს რუსეთის ეფესბე-ს შეფის ალექსანდრ ბორტნიკოვის (რომელიც პუტინის თანაკურსელია) დავალებითო, - აცხადებდა ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი პრესმდივანი.
"ოქრუაშვილს ბორტნიკოვის დავალებით შეხვდა ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის ანუ მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელი, არმიის პოლკოვნიკი სერგეი ბესედა. როგორც კი პირველი დავალება მიიღო პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა წევრობის კანდიდატებთან გაიმართა შვეიცარიაში და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მათი მასპინძელი იყო საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. სწორედ მის ვილაზე გაიმართა პირველი შეხვედრა", - აცხადებდა მაშინ ელისო კილაძე ჩემთან ინტერვიუში. ლაშა ნაცვლიშვილის კოორდინირების შესახებ ინფორმაციაც სწორედ კილაძეს ეკუთვნოდა. იქვე გაჩნდა იგორ გიორგაძესთან და ცხინვალში ვიზიტების თაობაზე "ნიუსები", ამასაც და ოქრუაშვილის რუსეთში ვოიაჟებსაც მისი პარტიის მაშინდელი წევრები არ ადასტურებდნენ, თუმცა მოგვიანებით, ოქრუაშვილიც და მისი მაშინდელი პარტნიორი კოტე გოგელიაც მოსკოვში დააფიქსირეს. მათ შორის, რუსული პრესაც წერდა ამის თაობაზე. ამჯერად კი, როგორც ამბობენ, ოქრუაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს დაიწყებს სხვა პარტიებთან ან პოლიტპერსონებთან. კავშირები რუსეთზე გავლით, შესაძლოა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც მოიძებნოს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ალიანსზე საუბარი კახა კუკავასა და სხვა, "ოცნებისადმი" ანტაგონისტურად განწყობილ ძალებთანაც დაიწყება. ოქრუაშვილი რომ სააკაშვილთან შეამხანაგებულ ოპოზიციონერობას თამაშობდა, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებიც მიუთითებდნენ, მაგალითად, გენერალი ტრისტან წითელაშვილი: "ოქრუაშვილის ოპოზიციონერობა არასდროს დამინახავს. მართლა ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო, ციხიდან არ გამოუშვებდნენ და საფრანგეთში მოპარულ ფულებს არ გადააქაჩვინებდნენ".
ასეა თუ ისე, ოქრუაშვილი ახლა პოლიტდევნილის სტატუსის მორგებას ცდილობს, თუმცა გორელებს კარგად ახსოვთ, ატენის ხეობაში მდებარე, წეროსხევის "მონადირეთა სახლი", რომელიც, ლამის, აგარაკად ჰქონდა ქცეული, პოლიტკონსულტაციებსაც მართავდა და საიდანაც გამოსული მოქეიფე მონდირეები ადგილობრივ შინაურ საქონელზე ვარჯიშობდნენ იარაღის სროლაში. მოკლედ, "ქორი" და "ქორის პარტია" ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებენ. თინა ხიდაშელის არ იყოს, მკვდრები არ ცოცხლდებიან, მაგრამ ოქრუაშვილი აპირებსო და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.