გრიგოლ ლილუაშვილი: „ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ ბევრ სერიალებს“

გრიგოლ ლილუაშვილი: „ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ ბევრ სერიალებს“

როგორც მოსალოდნელი იყო კომპრომატებით ომი დაიწყო. სოციალურ ქსელ youtube-ზე „კიბერ კმარას“ სახელით გავრცელდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში მყოფ ინსტრუქტორს ე.წ. ქოუჩინგის შესახებ ესაუბრება და არაფორმალური განათლების მიღებით ინტერესდება. ტრადიციულად ფარული ჩანაწერი ხელში ჩაუვარდა „ტვ პირველს“, რომელმაც პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების მოსმენაში სუს-ი დაადანაშაულა.

„კიბერ კმარას“ სახელით გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა. ლილუაშვილი აანონსებს, რომ არჩევნებამდე მსგასვი სახის ჩანაწერები სერიალების სახით გავრცელდება.

„რა ავთენტურობაზე უნდა ვისაუბროთ, ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ ბევრს, სერიალებს, რომელსაც წინასაარჩევნოდ, ალბათ, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც სიუჟეტს ნახავთ, მიხვდებით, რა მიზანს ემსახურება ეს სიუჟეტი, რომელიც მელაძის შაბათის გადაცემაში იყო. პირველია ის, რომ თითქოს, რაღაც აჟიოტაჟი შექმნა - რუსული გვარი, რუსული დიპლომი, პასპორტი, ონლაინ კურსების შედეგად და მეორე, ეს იყო საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურის დადანაშაულება პოლიტიკოსების და მისი ოჯახის წევრების მოსმენაში. პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც აქტიურდება წინასაარჩევნო კამპანია?

სრულიად სერიოზულად გეუბნებით, მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის ორკესტრირებული. რატომღაც მაინცდამაინც ეს ტელევიზია იგებს ყველაფერს ყველაზე ადრე, მაინცდამაინც ეს ტელევიზია ფლობს ექსკლუზივს ამა თუ იმ გაურკვეველ საიტზე ატვირთული ინფორმაციების შესახებ. არ გამოვა, ხალხს ვერ მოვატყუებთ, ვერც ტელევიზიები, ვერც ჩვენ, ვერც ვერავინ. აბსოლუტურად სასაცილოდ ჩანს ეს ყველაფერი. რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა და ამდენი დრო ეთმობა იმას, რომ რაღაცა უტოპიური აზრის განვითარებას შეუწყოს ხელი და მე მგონია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, სუს-ის უფროსი აღნიშნავს, რომ მოსმენებს გეოგრაფია არ აქვს და მისი განხორციელება ათასობით კილომეტრის დაშორებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, ამბობს, რომ განცხადება იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები - თუკი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, ლილუაშვილის განცხადებით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. მისივე თქმით, ჩანაწერები არა სუს-იდან, არამედ იმ ჯგუფებიდანაა, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას მშვიდობიან თანაცხოვრებაში.

„უკანონო მოსმენებს ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ისე სხვადასხვა ქვეყნის შეძლებული სამსახურები. ამ პროცესს გეოგრაფია არ აქვს. არის აპლიკაციები, სადაც შეიძლება ათასობით კილომეტრის დაშორებით მოუსმინო. ისიც არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს ჩანაწერი და რომ ფაბრიკაცია არ არის, ამაზე დიდი დროს ნუ დავკარგავთ. ალბათ, ამ სიუჟეტის ავტორებმა კარგად იციან ვისგანაც იღებენ დაკვეთას და რა ნიჭიერებითაც ასრულებენ იმ ნიჭიერებით გააგრძელონ ამ საქმის გაკეთება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

სუს-ის განცხადების საპასუხოდ რადიკალები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვს, ფარული ჩანაწერების გავრცელებით შეეცდება ამომრჩეველზე ზეწოლის განხორციელებას. აქვე პირობას დებენ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პოლიცია, როგორიც მათივე მტკიცებით არის სუს-ი, გაუქმდება.

მაშ ასე, რადიკალებით არჩევენებამდე ერთი კვირით ადრე სწორედ ფარული ჩანაწერების გავრცელებით შეეცდებიან ხელისუფლების დისკრედიტაციას, თუმცა ლილუაშვილი აანონსებს, რომ ასეთ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. თბილისის მერის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანოს, თუმცა კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ხედავთ, არჩევნები როგორ ვითარებაში მიმდინარეობს. ეუთო/ოდირის დასკვნაც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია გარემოება, რაც ქვეყანაში გვაქვს და როგორი საარჩევნო კამპანიაც მიმდინარეობს - მშვიდი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანონ.

თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან. ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, ადამიანებს კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ არჩევანს და ეს იქნება ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ სუს-ის ჩანაწერები ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს, „ქართული ოცნება“ ყალბი რევოლუციის სცენარს დგამს, სინამდვილეში კი ორგანიზატორი მისი ხალხი იქნება. მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას არ შეიძლება სხვა მიზანი ჰქონდეს, გარდა წინასაარჩევნო წარმატების მიღწევისა.

„წინა შემთხვევაში როგორც სუს-ის კრებსები გამოქვეყნდა, დაახლოებით ახლაც მსგავსი რაღაც შეიძლება იყოს, როგორც მაშინ ვფიქრობდი, რომ ამის ინიციატორი თავად სუს-ში იყო, ახლაც მთავარი გამომჟონავი თუ საჯაროდ გამომგდები სუს-ის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი იქნება. ახლანდელი მიზანი წინასაარჩევნოა.

რა მიზანი აქვს, არ ვიცი, რა გამოქვეყნდება, მერე ვნახავთ, მაგრამ ახლა არ შეიძლება, რამე სხვა მიზანი ჰქონდეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, გარდა წინასაარჩევნო წარმატების მიღწევის. მაგალითად, როდესაც სუს-ის კრებსები გამოქვეყნდა, ეს იყო ეკლესიის დაშინების მცდელობა და მის ავტორებს, შეიძლება, კიდეც გამოუვიდათ, ამჯერად რა არის მიზანი, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ისევ ირწმუნება და პირობას დებს, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ „გაისუსება და არასდროს აღარ იარსებებს“.

„სუს-ი საქართველოში არის უკანონობის, აღვირახსნილობისა და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების, ყველა სიბინძურის წყარო. ვეუბნები სუს-ის უფროსს, თქვენი სამსახური გაუქმდება, როგორც კი ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „კაგებეშნიკურ“ მოქმედებებს საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, ჩავაბარებთ წარსულს. პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება და არასდროს აღარ იარსებებს!

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ყველა ეს ნარატივი ყალბია, ისევე როგორც ყალბია სუს-ის ანატომია. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს სატყუარა, წლების განმავლობაში, არაერთხელ გამოავლინა. ამიტომ სუს-ი იქნება, პრემიერი თუ ვინც იქნება, ვეუბნები, შეეგუეთ მარცხს! ხალხი იმარჯვებს! საქართველო წავა ევროკავშირისკენ! კორუმპირებული ჩინოვნიკების ადგილი ამ ქვეყანაში არასდროს იქნება. ჩვენ წავალთ სწრაფი სვლით ევროპისკენ!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.