„გახარია უფრო რთული შემთხვევაა, ხაზარაძე-ჯაფარიძე კი ლომბარდზე უარესი წარმონაქმნია და მძარცველები არიან ხალხის თვალში“

„გახარია უფრო რთული შემთხვევაა, ხაზარაძე-ჯაფარიძე კი ლომბარდზე უარესი წარმონაქმნია და მძარცველები არიან ხალხის თვალში“

ვინ არიან ყველაზე საშიშნი ქართულ პოლიტიკაში?! აქამდე გვეგონა, რომ ამ ნომინაციას ნაცები არასდროს დათმობდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვაგვარად ფიქრობს ხელისუფლება. მმართველი გუნდის კლასიფიკაციით, ხაზარაძე-გახარიას წყვილი ყველაზე საშიშია ქართულ პოლიტიკაში ზუსტად იმიტომ, რომ ნაცები, ასე თუ ისე, გაშიფრულნი არიან, მაზაკვალის თავი კი თურმე დამარხულია იქ, სადაც, ერთი შეხედვით, უწყინარი გახარია და ხაზარაძე არიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძე-გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულნი არიან ნაცმოძრაობისგან.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი თვლის, რომ გახარიას პარტია ეს არის ნაცმოძრაობის პროექტი ქართველი საზოგადოების თვალის ასახვევად.

მართლაც დადეს თუ არა ფსონი უცხოელებმა ხაზარაძე-გახარიაზე?

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, უცხოეთს რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ფსონი საქართველოში დადებული არ აქვს, შესაბამისად, არც გახარია-ხაზარაძეზე. უბრალოდ, ნაციონალურ მოძრაობას, ერთად იქნებიან, თუ ცალ-ცალკე, ანუ ერთობა იქნება, თუ გვარამიას ახლები ერთი და იგივე ამომრჩეველი ჰყავს. ეს ამომრჩეველი ყოველთვის ნაცმოძრაობას და მის განაყოფებს უჭერდა მხარს. ქართულმა ოცნებამ მშვენივრად იცის, რომ ამ ამომრჩეველს თავისკენ ვერ წაიყვანს, ვერც ადრე წაიყვანა და 12 წელია, ეს ამომრჩეველი ინარჩუნებს ნაცმოძრაობის მიმართ ერთგულებას, ვინმეს მოსწონს ეს, თუ არ მოსწონს. ამიტომ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მნიშვნელოვანია მესამე ელექტორალური ბაზა, რომელიც ძირითადად შედგება ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერებისგან, რომლებიც წამოვიდნენ ოცნებიდან, მაგრამ არ წასულან ნაცებისკენ. ისინი გადანაწილდნენ ორ ფრთაზე, ერთია გახარია და მეორეა ლელო.

შეტევა ამ ორ პარტიაზე სრულიად გასაგებია. ქართული ოცნება მათ უტევს და ამით ცდილობს, თუ ვერ წამოიყვანა თავისკენ ამომრჩეველი, ის მაინც გააკეთოს, რომ ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე. ამიტომაც დაიწყო გახარიასა და ხაზარაძის გამალებული კრიტიკა. რეალურ გამოკითხვებსაც ხომ ატარებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ მშვენივრად იციან, რომ ეს ორი პარტია არათუ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ჩემი აზრით, ორნიშნა პროცენტს მიიღებენ. ამდენად, თუ ვინმეს განეიტრალება შეიძლება დღეს ქართული ოცნების პროპაგანდით, ეს არის სწორედ ის ამომრჩეველი, რომელიც გახარიას და ლელოს ამომრჩეველია, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, უცხოელი პატრონების მხრიდან ფსონი სულაც არ არის დადებული გახარიასა და ლელოზე, რადგან ვერანაირი ფსონი, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოეწყობა გარედან, თუკი ქვეყანაში შიგნით არ არის ამის ბაზა. ვახტანგ ძაბირაძე ინტერესდება, განა უცხოელები არ იყვნენ 2020 წელს, კბილებით რომ იცავდნენ ქართული ოცნების მიერ მიღებულ ხმებს და მოუწოდებდნენ ოპოზიციას, შესულიყვნენ პარლამენტში?! მაშინ სად იყო ეს გლობალური ომის პარტია, რაზეც დღეს ლაპარაკობენ? გამოსვლებიც იყო საქართველოში, ბოიკოტიც იყო, რატომ არ დაუჭირა გლობალური ომის პარტიამ მხარი ოპოზიციას?! იგივე მოხდა 2012 წელსაც. თუ სააკაშვილი და მისი გუნდი გლობალური ომის პარტიის მონა-მორჩილი იყო, უცხოელებმა რატომ დაუჭირეს ივანიშვილს მხარი?!

როცა ქვეყანაში ანტისახელისუფლებო განწყობაა, იქ გარედან მოწყობილი რევოლუცია არადამაჯერებელია. ფერად რევლუციებზე რომ საუბრობენ, შუა აზიაში ხომ იყო რევოლუციის მცდელობა, მაგრამ ვერ განახორციელეს, რადგან მზად არ იყო ხალხი. აღარაფერს ვამბობ ეგვიპტეზე და ა.შ. როდესაც ხელისუფლებას მოსახლეობაში არ აქვს საყრდენი, როცა მისი საყრდენია ძალოვანი სტრუქტურები, ეს სააკაშვილი იქნება, ივანიშვილი თუ შევარდნაძე, ის არჩევნებს უბრალოდ აგებს. თუ ეცდება ხელისუფლების ძალით შენარჩუნებას, მაშინ მივიღებთ ლუკაშენკოს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია საქართველოში ლუკაშენკოს რეჟიმის დამყარება, ეგ კიდევ ცალკე თემაა, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ დასავლელმა პატრონებმა ხაზარაძე-გახარიაზე ფსონი დადეს. პეტრე მამრაძის აზრით, არც დასავლელი პატრონები არ არის სწორი ტერმინია, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთს ურთიერთობა აქვს ენჯეოებთან, ისიც რეალობაა, რომ სააკაშვილს ჰყავს თავისი მრევლი, რომელიც მისცემს ხმას ნაცებს და სხვას არავის, ეს არის ამომრჩევლების 12%. დანარჩენები არ მისცემენ ხმას ნაცმოძრაობას, რადგან იმ სხვების თვალში ნაცმოძრაობა არის საშინელი სადისტური სისტემა.

ვინ არის ამ მხრივ შედარებით ნეიტრალური? გახარია, რომელიც საკმაოდ პოპულარული პრემიერი იყო თავის დროზე. რამდენი ინტელიგენტი ადამიანი ამბობდა, რომ გახარია, ეტყობა, მესამე ძალა იქნება, ალბათ, ივანიშვილი ხელს უწყობსო. მერე გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, ასეთი ხმები დადის, თითქოს გახარია ჩემს მიერ მოყვანილი ძალაა, მაგრამ პირდაპირ ვაცხადებ, მოღალატეა ეს კაცი. გახარია უფრო რთული შემთხვევაა, ხაზარაძე-ჯაფარიძე კი მოსახლეობის უმეტესობის თვალში მძარცველები არიან, ეს ლომბარდზე უარესი წარმონაქმნია. ბინების გაყიდვა, ხალხის გასახლება, სააკაშვილის რეჟიმის დროს ხალხს რომ ართმევდნენ ბიზნესებს, ვიღაცაზე ხომ უნდა გადაეწერათ და ამ ყველაფერს აძლევდნენ ხაზარაძეს. ელიტ ელექტრონიქსია ჩამორთმეული, ბანკი კონსტანტა. ეს მაინც ხალხის მეხსიერებაში ტრიალებს,-აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი გახარიას ახლო წარსულსაც იხსენებს და ეთანხმება კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოუხსნეს პარლამენტში მელიას იმუნიტეტი. ვეუბნებოდით გახარიას, რომ მოვუხსნათ მელიას იმუნიტეტი, მერე ხომ უნდა დავაპატიმროთ კანონის ძალით და გვინდა ეს ხმაური? გახარია კი ამბობდა, არა, ეს აუცილებელია. ამის შემდეგ დადგა დაპატიმრების საკითხი, რადგან ამ კაცმა სამაჯური მოიხსნა მიტინგზე, პირდაპირ ეთერში, ისროლა სამაჯური, დამიჭირონ, თუ შნო აქვთო. იმ პერიოდში ხელისუფლება რომ ჩამძვრალიყო ბუჩქებში, ამას სჯობდა, გადამდგარიყო, რადგან ეს იგივეა, კაცმა პირდაპირ ეთერში ვიტრინა გატეხოს რუსთაველზე, ოქროულობა აიღოს და თქვას, მიმაქვს ყველაფერი და დამიჭირეთ, თუ ბიჭები ხართო. ფაქტობრივად, ეს გააკეთა მელიამ და დაჭერის მომენტი როცა დადგა, მოვარდა გახარია და ამბობდა, ახლა არ დაიჭიროთ, სამი დღე მაცალეთო, არც აუხსნია, ეს სამი დღე რისთვის სჭირდებოდა.

რა ხდებოდა ამ სამ დღეში? ვიცით, რომ სააკაშვილი აპირებდა საქართველოში შემოსვლას, ნაცები აპირებდნენ მობილიზებას, ასეთ დროს რატომ ითხოვდა გახარია სამ დღეს?! დღემდე არ ახსნა ეს ფაქტი გახარიამ. ხომ შეეძლო, გამოსულიყო გახარია და ეთქვა, ტყუილია ეს ყველაფერი, არ მომითხოვია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, არ ვითხოვდი სამ დღეს, რომ არ დაეჭირათ, მაგრამ გახარიამ ხმა ვერ ამოიღო, რადგან ბევრი მოწმე ჰყავდა ამ ყველაფერს და, ალბათ, ჩაწერილიცაა მისი ნათქვამი. ან ის რა იყო, როცა ბოლო დღეს, შაბათს, როცა უკვე თავდებოდა თბილისის მერობის კანდიდატების განცხადების შეტანა, მივიდა კალაძესთან, ჩემი მეგობარია, დავურეკე და შევხვდიო. გახარიამ მაშინ უთხრა კალაძეს, დღეს გადავწყვიტე, ვიყარო კენჭი მერად. რატომ გააკეთა ეს? გიჟი ნამდვილად არ არის, თავისი ბიოგრაფია ჰქონდა მანამდეც, ასე თუ ისე, მაღალ თანამდებობაზე ლუფტჰანზაში მუშაობდა მოსკოვში. ხომ იცოდა, რომ მერი ვერ გახდებოდა ვერავითარ შემთხვევაში, მაგრამ ისიც იცოდა, რომ შლეიფი ჰქონდა, თითქოს ივანიშვილის მესამე ძალა იყო და ამით დააგროვებდა გარკვეულ ხმებს. მგონი, 12% დააგროვა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ მეორე ტური შემდგარიყო, თორემ კახა კალაძე თავისუფლად იმარჯვებდა პირველ ტურში, ანუ გახარიამ კალაძის ხმები წაიღო. მეორე ტური რომ დაინიშნა, სხვათა შორის, აყვირდნენ ხაზარაძეები და ჯაფარიძეები, რომ მელია ხდება მერი, ჩვენ ვქმნით საქართველოში პირველ კოალიციურ მთავრობას, ანუ თბილისის მთავრობას. საბოლოოდ გაიმარჯვა კალაძემ მეორე ტურში, მაგრამ ხომ მიაღწიეს ასეთ აჟიოტაჟს?! ისიც ხომ გვაჩვენეს, როგორი შავი და დიდი ჯიპები მიადგა მანამდე გახარიას სახლს. ამის შემდეგ განულდა გახარია, რად უნდოდა მერობის კანდიდატურის წამოყენება და თავის მოჭრა?!- იხსენებს პეტრე მამრაძე.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-გახარიასგან საშიშროება ნამდვილად მოდის, ისინი გამალებით მუშაობენ იმაზე, ჩვენ არ ვართ მორალურად გასვლილნი ნაცმოძრაობასთან ურთიერთობაშიო. სხვათა შორის, ზურაბიშვილსაც უნდოდა მათი გაერთიანება, მაგრამ ვერ მოხდა მათ შორის შეთანხმება. პეტრე მამრაძის აზრით, ამ შემთხვევაში, ხაზარაძე მართალი იყო. მან თქვა, მაშინვე ვუთხარი გახარიას, კოალიცია თანაბარ პირობებზე შევქმენით და, თუ ამ პირობებზე მოდიხარ, კი ბატონო, მაგრამ გახარიამ არ მოინდომა თანაბარი პირობები. ცხადია, რასაც მოინდომებდა გახარია-განსაკუთრებულ ადგილს სიაში.

ლევკოთეა მე კი მგონია, რომ ხაზარაძესაც შეუძლია ოცნებას წააშველოს ხმები პარლამენტში თუნდაც ლაზიკას სანაცვლოდ და გახარიას ხომ შეუძლია და შეუძლია.
ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის, ნაცების სიტყვას რომ არ დაეჯერება. თორემ კი იქნება სააკაშვილი უკვე შეპირებული ათი ლაზიკის ხელა ტერიტორიას.
2 საათის უკან