იგორ კვესელავა: „თუ ხელისუფლება ხალხის გაღიზიანებას არ მოეშვება, შეიძლება „დარდუბალა

იგორ კვესელავა: „თუ ხელისუფლება ხალხის გაღიზიანებას არ მოეშვება, შეიძლება „დარდუბალა" განმეორდეს"

„2003-ში ფაქტობრივად შევარდნაძის ბედი „დარდუბალამ" გადაწყვიტა. ამ „დარდუბალის" ერთ-ერთი ავტორიც დღეს ოპოზიციას ებრძვის. მაშინ შევარდნაძემ „დარდუბალა" არ აკრძალა, ან არ შეეძლო ამის გაკეთება. გამორიცხული არაა, რომ მეორე „დარდუბალა" განმეორდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თუ შევარდნაძის ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, არც ამათმაც ქნან," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: ხელისუფლება 2020 წლის შესაძლო სცენარს იმეორებს. პრინციპში ამას კი არ იმეორებს, არამედ ელოდება, რომ საქართველოში აუცილებლად განმეორდება ის პერიოდი, რაც რამდენიმე ხნის წინ იყო. რა იყო მაშინ და ვინ იყო ამაში დამნაშავე, ამაზე აღარ ვისაუბრებ, თუმცა მაინც უნდა ვთქვა, რომ ამ სიტუაციაში უფრო მეტი მოეთხოვება მთავრობას, ვიდრე ოპოზიციას, რადგან ის მართავს ქვეყანას და ყველა მიმართულებით იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ ხელისუფლება ყველანაირად ვალდებულია თავიდან აირიდოს ის და ზოგჯერ მეტი დათმოს. ეს ნამდვილი პოლიტიკოსებისთვისაა დამახასიათებელი და არაა სწორი ცეცხლზე ნავთის დასხმა.

მაგალითად გუშინ „რუსთავი 2"-ზე „ოცნების" ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოვიდა, რომელიც აბსურდულ და უფროსებისგან ნათქვამ სიტყვებს იმეორებდა. ეს არაა შერიგების, ერთობისა და კოალიციისკენ მიმართული ქმედება. ეს პირდაპირი მოქმედებაა, რომლითაც მოუწოდებოდა, რომ ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ დიპლომატიით კი არა, არამედ ცემა-ტყეპით და ურთიერთობის დაძაბვით.

მე ხელისუფლებას მოუვუწედებდი, რომ თავი შეიკავონ გამაღიზიანებელი, არაფრის მთქმელი და ბოროტი მოქმედებებისგან. თუ ასე არ მოხდება, მაშინ 2020 წელზე უფრო უარესი სცენარი განმეორდება.

26 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. ან გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, ან დამარცხებით. საქმე იმაშია, რომ აქ საშუალო არ არსებობს, რადგან არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ამის საშუალებას არ იძლევა. ხელისუფლებები მიდიან და ხალხი რჩება. რა არის გასაკვირი? მთავრობაში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა და რამდენიმე წელი დარჩა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მოვიდა და ისიც წავიდა. თუმცაღა ის საგანგაშოდ არ წასულა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც „ნაცმოძრაობის" დროს შეეძლოთ გაეყალბებინათ (არჩევნების შედეგი). ამის გეგმაც იყო, მაგრამ სააკაშვილმა ამაზე უარი თქვა, რადგან გარკვეულწილად ამერიკიდანაც იყო წინადადება, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს მშვიდობიანი გზით ხელისუფლება უნდა დაეტოვებინა.

ასე რომ, ჩვენ ძალიან მძიმე დღეს ველოდებით, თუ ხელისუფლებამ საზოგადოების მკვეთრად საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. არჩევნებზე თავისუფალმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა მთავრობაში და არა დაშინებულმა ხალხმა. ეს დღე საქართველოსთვის არის გადამწყვეტი და არა ოპოზიციისთვის. ამიტომ ფრთხილად, მორიდებულად და ჭკვიანად უნდა ვიყოთ და ჩვენი ძალაუფლება მუდმივად ხელისუფლების დარჩენას არ უნდა შევწიროთ.

„რეზონანსი": რას უნდა ველოდოთ საერთაშორისო საზოგადოებისგან არჩევნების შემდეგ?

ი.კ: პოლიტიკასა და დიპლომატიაში არსებობს მოთმინება, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს. ერთხელ გააფრთხილა ევროპამ და ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება, ორჯერ, სამჯერ და ა.შ. მაგრამ არ შეიძლება სამი ათასჯერ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამით „ოცნება" მიხვდება, თუ რას ამბობენ ისინი, რაღაცებს გარდაქმნიან და სხვანაირად მოქცევას დაიწყებენ, თუმცა ეს არ გაკეთდა. ამიტომ ეს გამაფრთხილებელი იყო, რომ არჩევნებამდე გაკეთდებოდა. არჩევნების შემდეგ ისეთ რაღაცას გააკეთებენ, რისი თქმაც ახლა არ შეიძლება, თუმცა რაც არჩევნების შემდეგ უნდა ეთქვათ, ახლა იძახიან. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ანუ ისინი არსებული ხელისუფლების მთავრობაში დარჩენას არ ეთანხმებიან. როგორ და რა გზით მოხდება ეს, სხვა საკითხია.

მე პარტია „ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. იქ იყო ის, რაც ქვეყანას უნდა. კონკრეტულად როგორ განხორციელდება, 26-მა ოქტომბერმა უნდა გადაწყვიტოს. ხოლო, რასაც „ოცნება" ამბობს, რომ იმას და ამას გავაკეთებთ, ყველაფერი ძალიან ზოგადია. რაც დაპირდა ხალხს და რა გააკეთეს? მე მოვუწოდებ დანარჩენ პარტიებს, რომ გამოვიდნენ და ნათლად ჩამოაყალიბონ, რაც მათ სურთ ქვეყნისთვის, ისე როგორც გვარამია გამოვიდა. მე ბევრი რამე მომეწონა, მაგრამ მთავარია ეს თეორიული ნაწილი პრაქტიკაში განხორციელდეს. ეგრე შევარდნაძეც ამბობდა, რომ საქართველოს გაამთლიანდებდა და ააყვავებდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.

„რ": როგორ შეაფასებდით სუს-ის განცხადებას, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებულ „ფალსიციფირებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ"?

ი.კ: ჩვენთან ამის პრაქტიკა იყო, როდესაც შევარდნაძემ ვერ გამოავლინა თავისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა. არ იცოდა, თორემ გამოავლენდა ალბათ. შეგახსენებეთ „დარდუბალას", ამაზე უარესი აქ არაფერი არ იქნება. ფაქტობრივად მაშინ შევარდნაძის ბედი „დარდუბალამ" გადაწყვიტა. ეს იმ ტელევიზიით გადიოდა, რომელიც ახლა ხელისუფლების გვერდით დგას, მაშინ კი შევარდნაძის ხელისუფლებას ებრძოდა. ამ „დარდუბალის" ერთ-ერთი ავტორიც დღეს ოპოზიციას ებრძვის.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს გაკეთდეს. მაშინ შევარდნაძემ „დარდუბალა" არ აკრძალა, ან არ შეეძლო ამის გაკეთება. გამორიცხული არაა, რომ მეორე „დარდუბალა" განმეორდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თუ შევარდნაძის ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, არც ამათმაც ქნან. თუმცაღა, იქ სხვა ვითარება იყო: შევარდნაძე „დამჭკნარი ყვავილი" იყო და ვერ მოახერხა, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა და ხელისუფლებას თუ ექნა ამის თავი, აუცილებლად იზამს, რადგან თავი გადაირჩინოს.

კარლო ამას ეტყობა ისევ შევარდნაძის ხანაში ცხოვრობს, ამდენი ბოროტი არსებაა ამ პატარა ქვეყანაში
2 თვის უკან