„ეს ტელევიზიები რეალურად შავი ფულის გასათეთრებლად გამოიყენება და მას მედიასთან არანაირი კავშირი არა აქვს“

„ეს ტელევიზიები რეალურად შავი ფულის გასათეთრებლად გამოიყენება და მას მედიასთან არანაირი კავშირი არა აქვს“

კრიმინალური რეციდივი - როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ ფულის გათეთრების სქემა ამჯერად „მთავარ არხში“ აამოქმედა.

უკანონო ოპერაციები, საეჭვო ტრანზაქციები პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული, მათ შორის 8 500 000 დოლარი ქეშად, საიდანაც 2 000 000, სხვადასხვა ვალუტით, უცხოეთშია გადარიცხული. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარი არხის ერთ-ერთი დირექტორის საჩივარს ასაჯაროებს, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება. სამი დოკუმენტი, სამივე ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი.

გიორგი ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც 2019 -2024 წლებში, ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს და რის გამოც ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად „მთავარი არხი“.

წერილებში ფიგურირებს გვარები: კობა ნაყოფია, ირაკლი ნიჟარაძე და თეა გვარამია. ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატია - ნაღდი ფულით მილიონების შემომტანი, მეორე „მთავარი არხის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მესამე კი, ამავე არხის ექსკლუზიური პარტნიორი სარეკლამო სააგენტოს „ნიუ სეილსის“ დირექტორი.

ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამია.

საეჭვო სქემა, თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ გაშიფრა, რომელიც თავის მხრივ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია. არხის დირექტორი წერს, რომ საეჭვო გადარიცხვები დღესაც გრძელდება.

ეროვნულ ბანკში შეტანილი ბოლო საჩივარი 11 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში წერია, რომ მას თან ახლავს 11 დანართი - სულ 382 ფურცელი.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე საუბარი არ უკვირს ოპოზიციის ნაწილს - მაგალითად, პარტია „გირჩის“ წევრები ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში შავი ფული უცხო არ არის.

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ კი გამოძიების დასრულების გარეშე საკითხზე ზედაპირული საუბრები სამართლიანად არ მიაჩნიათ.

„პირველ რიგში, ბუნებრივია, იქნება ეს შავი ფული თუ იქნება ეს ფულის გათეთრება - ეს არის სერიოზული ბრალდება და ამაზე ზედაპირული საუბარი გამოძიების დასრულების გარეშე არ მგონია სამართლიანი მით უფრო მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია და არჩევნების მანიპულაციებისთვის სხვადასხვა თემა გამოიყენება „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია.

„ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას.

„ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედია-საშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ამ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტკოსი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დიდი განსხვავება არაა ენჯეოებსა და იმ ტელევიზორებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან არიან კონკრეტულ ბმაში. ქადაგიძის თქმით, ტელევიზიები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან სხვადასხვა გრანტების სახით იღებენ, „ატკატების“ კლასიკური სქემით მოქმედება მარტივია.

„როგორც ჩანს, და ეს ახალი ამბავი არ არის, ეს პოლიტიკური პარტია ფულის გასათეთრებლად ტელევიზიას იყენებს. ფაქტი ერთია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ და, დიდი ალბათობით, ამ შავ ფულს, რომელსაც ტელევიზიის გავლით იღებენ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგი პერიოდის გამოსაყენებლად ინახავენ. ცდილობენ გარკვეული რეზერვი შეინახონ და 27 ოქტომბრისთვის ეს ფული გამოიყენონ. არსებობს გონივრული ეჭვები და ამას ემატება ხელმძღვანელი პირის აღიარება შავ ფულზე, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რეალურად ეს მედიით შეფუთული ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომელთაც კამერები, მიკროფონი უჭირავთ და თავს ჟურნალისტებს უწოდებენ, რეალურად ჩვეულებრივი ექსტრემისტები არიან. ამიტომ მათთვის არ წარმოადგენს პრობლემას ამ ფულის ექსტრემიზმისთვის გამოყენება“,-ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ყველაფერის მობილიზება ახლა ერთ საერთო სალაროში ხდება. ვის შეიძლება ებაროს, ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ ეს რომელიმე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს ექნება ჩაბარებული.

„ამ სალაროს გახსნას 27 ოქტომბერს აპირებენ და ამ ექსტრემიზმს და რადიკალიზმს სწორედ აქედან დააფინანსებენ, რომელსაც არჩევნების შემდეგ ამზადებენ. სამართალდამცველებმა ეს სქემა აუცილებლად უნდა გაშიფრონ და როგორც ვიცი, გამოძიებაც უკვე დაწყებულია. პოლიტიკოსებმა კი ამას პოლიტიკური შეფასება უნდა მისცენ. რეალურად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე.

ეს ტელევიზიები რეალურად შავი ფულის გასათეთრებლად გამოიყენება და მას მედიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ესეთი პანდორას ყუთებია ყველა რადიკალური ოპოზიციური მედია. თითქმის ყველა ასეთი მაქინაციებით შავი ფულის შოვნას ცდილობენ. შემდეგ მას აბანდებენ და მიზნობრივად იყენებენ. თავისუფლად შეიძლება ეს სია უფრო გაიზარდოს, ნაყოფიას და სხვა პირებს კიდევ დამატებით ადამიანების ვინაობაც დაემატოს. უბრალოდ, სამართალდამცველებმა ამის გამოძიება მალევე უნდა მოახერხონ და ღიად ითქვას, ვინ რით არის დაკავებული და როგორ ცდილობენ შავი ფულით ქვეყნის არევას და მოსახლეობის დეზინფორმირებას“, - ამბობს ქადაგიძე.