Human Rights Watch-მა 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარი შეეხება მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. მთავარი აქცენტი სირიაში არსებულ ვითარებაზეა გაკეთებული. ანგარიშში ერთი თავი საქართველოსაც ეძღვნება.
„ჰიუმან რაიტს უოტჩის“ ყოველწლიურ ანგარიშში შეჯამებულია მდგომარეობა გასული წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, მკვლევრების თვალსაწიერში მოხვდა გასული წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების მიმართ პატივისცემის ფარგლებში, როგორიც არის გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლება, თუმცა დამკვირვებლებს აღნიშნული აქვთ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებიც, მათ შორის ის, რომ 2013 წლის ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ზუგდიდსა და ბათუმში აგრესიულად განწყობილი მოქალაქეთა ჯგუფი დაესხა თავს. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა და სასამართლომ ისინი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ჰიუმან რაიტს უოტჩი“ წერს, რომ ნელი ტემპით მიმდინარეობს ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება და ამ პროცესს აკლია გამჭვირვალობა. როგორც „ჰიუმან რაიტს უოტჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ამბობს, კითხვებს ბადებს წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიების პროცესი და ის, რომ გამოსაძიებლად საქმეების გადაცემა ხდება შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკურად მოტივირებულობის პრინციპით:
„ანგარიშში უკმაყოფილებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობდა და არასათანადოდ გამჭვირვალე იყო. აქვეა მოყვანილი ფაქტები, როცა საპროცესო შეთანხმებები ფორმდებოდა წამებაში მხილებულ პირებთან, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ შეესაბამება. ასევე შედარებით დეტალურად არის განხილული წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიება, ანუ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი“.
გიორგი გოგია ამბობს, რომ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ასევე სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების საკითხი. მისი თქმით, როგორც წესი, აქ გამოძიების მექანიზმები არაადეკვატურია. გიორგი გოგია იხსენებს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ დასახელებულ მისი დასაკითხად გაყვანის ფაქტს. ეს ინფორმაცია ანგარიშში არ მოხვდა, ვინაიდან მასზე მუშაობა ნოემბერში დასრულდა:
„პასუხისმგებლობის პრობლემა ჯერჯერობით მწვავედ დგას საქართველოში, განსაკურებით იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ხდება დანაშაულის ჩადენა. დღესდღეობით ერთ-ერთ პრობლემად საქართველოში ისიც რჩება, რომ არ არსებობს ადეკვატური დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც შეძლებდა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებას, რამაც მწვავედ იჩინა თავი მთელ რიგ შემთხვევებში“.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ გაანადგურა პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები, ხელისუფლებას სხვა უკანონო ფარული ჩანაწერები არ გაუნადგურებია, ნათქვამია ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ, რომ ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის ძალითაც უკანონო თვალთვალში ჩართული პირები, აგრეთვე ის პირები, რომელთაც ასეთი ჩანაწერები ჰქონდათ და ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ 20 ნოემბრამდე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებოდნენ, თუმცა ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს ფარული თვალთვალისა და მიყურადების აპარატურას კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორთა შენობებში, რაც მას აძლევს ყველანაირი კომუნიკაციის ავტომატური წვდომის შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან კონტროლის გარეშე.
გიორგი გოგიას სიტყვებით, ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ მწვავედ აღარ დგას ციხეების გადატვირთულობის პრობლემა, რაც ძირითადად იმ მასშტაბური ამნისტიის შედეგია, რომლის წყალობითაც 8 ათასი პატიმარი გათავისუფლდა. მთლიანობაში, გიორგი გოგიას თქმით, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, მდგომარეობა გარკვეულ სფეროებში უმჯობესდება, თუმცა არის სფეროები, სადაც უარესდება. მაგალითად, რელიგიური შეუწყნარებლობის თემა ასე მწვავედ ბოლო წლების განმავლობაში არ მდგარა. ანგარიშში აღანიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარ დარღვევებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი განცხადებები კეთდებოდა, თუმცა არ ყოფილა შესატყვისი ქმედითი რეაგირება. რამდენიმე ხნის წინ ეს აღნიშნა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც, როცა რელიგიური უმცირესობებისთვის ლოცვის უფლების შეზღუდვაზე აკეთებდა კომენტარს:
„აქ საუბარია იმ რამდენიმე ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში და ჭელაში. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით დღესდღეობით მდგომარეობა შეცვლილია, ანუ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს საკუთარი რელიგიისა და აღმსარებლობის რეალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა რეაგირება იყო ძალიან დაგვიანებული რიგ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან და ეს იყო სწორედ პრობლემა - ხდებოდა რეაგირება, მაგრამ რიგ შემთხვევებში იყო არაადეკვატური რეაგირება ან კვალიფიკაცია იყო საკმაოდ მსუბუქი, რაც, ფაქტობრივად, ახდენდა წახალისებას მსგავსი დანაშაულისა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან“.
„ჰიუმან რაიტს უოტჩის“ ანგარიშში საუბარი შეეხება ასევე მედიის თავისუფლებას და ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ მაუწყებლის შესახებ მიღებული კანონი დადებითი ნაბიჯია, თუმცა ანგარიშში მოხვდა ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორი ჟურნალისტისთვის - ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძისთვის - კონტრაქტების შეწყვეტის თემა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით კი, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.