რისთვის შეხვდა პრეზიდენტი გილაურს და ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის დამოუკიდებელი კანდიდატი?!

რისთვის შეხვდა პრეზიდენტი გილაურს და ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის დამოუკიდებელი კანდიდატი?!

წინასაარჩევნო პერიოდი საინტერესო ფაზას გადის - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს, ამასთან ის პრემიერ-მინისტრობის დამოუკიდებელი კანდიდატის ძიებაშია. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ორბელიანების სასახლეში ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, თუმცა, ცნობას თითქოს გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, არ ადასტურებენ.

პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ განხილულიყო ნიკა გილაურის შესაძლო პრემიერობის საკითხი. თუმცა, მისივე შეფასებით, პარალელურად, პრეზიდენტი შესაძლოა სხვა პოტენციური კანდიდატების ძიებაში იყოს და მომავალში მის მიერ სხვა სახელი და გვარი გაჟღერდეს, როგორც პრემიერ-მინისტრობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

თუ ეს პიროვნება არ განიხილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ისმის კითხვა, რისთვის მიიწვია ის ზურაბიშვილმა? ყავის და კრუასანების გასასინჯად? - გასაგებია, რომ მათი შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლოა, განხილულიყო გილაურის პრემიერ-მინისტრობა.

თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებიდან გამოვალთ, სავარაუდოდ, ისინი ვერ შეთანხმდნენ, ანდა ზურაბიშვილი გილაურს შეხვდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატს. არ არის გამორცხული, რომ ის პარალალურად კომუნიკაციას აწარმოებდეს სხვა პოტენციურ კანდიდატებთანაც, მაგალითად, ახლა დასახელდა შვედეთში მოღვაწე მედიცინის პროფესორი ზაალ კოკაიას გვარი. შესაძლოა მომავალში კიდევ ვიღაცის გვარი ამოტივტივდეს.

როდესაც შედგება მოკლე სია, ზურაბიშვილი იქიდან რომელიმეს დაადებს თითს. საზოგადოებას გილაურის მიმართ შესაძლოა რაიმე განსაკუთრებული გაღიზიანება არ ჰქონდეს, მაგრამ ის ნაციონალური მოძრაობის დროს პრემიერ-მინისტრი იყო და მისი წარმოჩენა, როგორც აპოლიტიკური ფიგურის, პრობლემატურია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ის იყო ჩვეულებრივი ტექნიკური მინისტრი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, მაგრამ მე მას პრემიერ-მინისტრობის სიიდან არ ჩამოვწერდი. ამასთან, ეს შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც ქატიის პირობის დარღვევა. როგორ მიიღებს ამას საზოგადოება, გასაგებია - არ მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც ნაცმოძრაობის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, მის კანდიდატურა აღფრთოვანებით შეხვდეს, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრობის კანდნდიატი უნდა დასახელდეს, არასწორია, რადგან ამას მმართველი პოლიტიკური ძალა სათავისოდ გამოიყენებს. ამასთან, ძაბირაძე არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტს გილაურთან პრემიერ-მინისტრობის სხვა შესაძლო კანდიდატის შესახებ ესაუბრა.

თუ გამოვალ იმ კონტექსტიდან, რასაც პრეზიდენტი საუბრობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს პარტიული წარსული, მაშინ გილაური არ უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი - ის პრემიერი და ნაცმოძრაობის წევრი იყო. თუმცა, ახლა ქართული ოცნება შეეცდება, რომ ეს თემა გამოიყენოს, რაც ყველაზე ცუდია. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ დაასახელებს პრემიერობის კანდიდატს და როდესაც ასეთ პიროვნებას ხვდება, ეჭვი ჩნდება და ამას, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება სათავისოდ გამოიყენებს.

მგონია, რომ პრემიერობაზე ყოფილიყო საუბარი - როგორც ვიცი, გილაურმა საქართველოს განვითარების პროგრამა შექმნა და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ პროგრამაზე ყოფილიყო საუბარი. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გილაურთან პრეზიდენტს განეხილა დამოუკიდებელი პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ არა უშუალოდ გილაურის კანდიდატურა, არამედ სხვა ვინმეზე ყოფილიყო საუბარი, ან რაიმე ტიპის კონსულტაციები ყოფილიყო ამ მიმართულებით გილაურთან, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არც სალომე ზურაბიშვილი არის საინტერესო და არც ნიკა გილაური, რომელიც სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იმპიჩმენტის წესით თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო და მერე საერთოდ, არც ნიკა გილაური, რომელიც სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო. ასეთი გამონათქვამი არსებობს: იყო და რა გაეკეთებინა? ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. როდესაც მან თანამდებობა დატოვა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც კი არ იყო, როდესაც ჩვენ 90 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა. აქედან ჩანს თუ რამდენად უსუსურები არიან ეს ადამიანები.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვიცით, რომ მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იმპიჩმენტის წესით უწევს თანამდებობის დატოვება“,- განაცხადა კობახიძემ.