„ბორელი ცრუობს, საქართველოს მოლდოვასთან შედარება მართლა შუბლის ძარღვის გაწყვეტაა“

„ბორელი ცრუობს, საქართველოს მოლდოვასთან შედარება მართლა შუბლის ძარღვის გაწყვეტაა“

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლობისტი - მორიგ დეზინფორმაცია და უსამართლო განცხადება, ასე აფასებს მმართველი გუნდი ჯოზეფ ბორელის განცხადებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია. ეს მაშინ, როდესაც საქართველო მოლდოვასთან შედარებით ევროკავშირის კრიტერიუმებით მოწინავე პოზიციაზეა. მმართველი გუნდისთვის კი ეს განცხადება ოპოზიციის მორიგი მაშველი რგოლია.

„ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის მთავრობის გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე და განვაგრძობთ მხარდაჭერას. საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის“, – განაცხადა ბორელმა.

„ლობისტების ჯგუფს ემატება კიდევ ახალი სახელი და გვარები, რომლებიც ღიად არიან ჩართული დესტრუქციული ოპოზიციის, კოლექტიური ნაცმოძრაობის ლობიზმში, იქნება ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია, რომლის თქმით, წინასაარჩევნოდ გაკეთებული ბორელის განცხადება რეალობასთან ყოვლად შეუსაბამოა.

„არ ვიცი, ბორელის განცხადებას რა უნდა ვუწოდო. ეს განცხადებები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტისაც კი აღარ არის. მით უმეტეს, ვის გვადარებენ, ქვეყანას, რომელიც ისევ დსთ-ს წევრია და რომელიც საქართველოს ყველა მიმართულებით ჩამორჩება? საზოგადოებისთვის ასეთი განცხადება, სულ მცირე, შეურაცხყოფაა. სამწუხაროდ, მიზანი ისევ ერთია – იმ ლობისტების ჯგუფს ემატება კიდევ ახალი სახელი და გვარები, რომლებიც ღიად არიან ჩართული დესტრუქციული ოპოზიციის – კოლექტიური ნაცმოძრაობის ლობიზმში, ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან.

ამ ვიწრო ჯგუფებს და მათ მიერ ლობირებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, განსაკუთრებით ასეთი სამმაგი, ოთხმაგი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს. ბორელის მხრიდან წინასაარჩევნოდ კეთდება განცხადება, რომელიც ყოვლად არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

როდესაც გამოდიხარ და საქართველოს მოლდოვას ადარებ, ამბობ, რომ საქართველოში ბნელა და მოლდოვაში სინათლე და დემოკრატიის შუქურაა, როგორ შევაფასოთ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება? ამის შემდეგ ობიექტური ეჭვი მიჩნდება, რომ ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს. იქნებ, აგვიხსნას, რომელი კრიტერიუმებით და რა ფაქტებზე დაყრდნობით გვესაუბრება. ამას ახსნა არ აქვს – ეს არის წინასაარჩევნო მშრალი განცხადება, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული. ამის შემდეგ რატომ არ უნდა გამიჩნდეს ეჭვი, რომ ეს რაღაც დონით ლობიზმს და წინასაარჩევნო პერიოდში უხეშ ჩარევას ემსახურება?“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ბორელის განცხადება კი ოპოზიციისთვის უკვე პოლიტიკური განცხადებების საბაბი გახდა. კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრმა, იურისტმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების მიზანი საქართველოში ავტორიტარიზმის შესაძლებლობის გამორიცხვაა.

„ავტორიტარი სახელმწიფოები, ბუნებრივია, ვერ ხდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის შესაძლებლობა გამოირიცხოს ახლაც და სამომავლოდაც; გატარდეს რეფორმები სასამართლოში, ამასთან, დეოლიგარქიზაციისა და სხვადასხვა მიმართულებით. ანტიკორუფციული ბიურო სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გამოირიცხოს. ბორელის ეს განცხადება ასახავს იმას, რაც დღეს საქართველოშია - ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო. სწორედ ეს არის დამახასიათებელი ნიშნები“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ვინ თუ არა ყველაზე უკეთესად ჟოზებ ბორელმა იცის, რა განსხვავებაა საქართველოსა და მოლდოვას შორის. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ყველა მათ მიერ დაწესებული საერთაშორისო ინდიკატორით, საქართველო ბევრად წინ არის მოლოდვაზეც და უკრაინაზეც. თუმცა საქართველოს არ პატიობენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ქვეყნის შიდა საქმეებში უკვე პირდაპირ და ღია ჩარევა ხდება.

„ბორელი იქნება ნაციონალების ლობისტი თუ გერმანიის ბუნდესტაგი და მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ქართველი ერის ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალური მოძრაობა“ მოიშორონ. ხომ იციან გერმანიის საელჩოში, რა განწყობებია ქართულ საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, იგივე იციან ევროკავშირშიც და ბორელმაც. ისინი ზომავენ ქართული ელექტორატის განწყობებს და მშვენივრად უწყიან, რომ მათთვის სასარგებლო შედეგი არ არის და ვერც იქნება. ქართულ საზოგადოებაზე ასეთი ე.წ. პრესინგით და ზეწოლით უნდათ იმოქმედონ, რათა განწყობა შეიცვალოს. რასაკვირველია, განწყობა ვერ შეიცვლება, გარდა ერთი მეხუთედისა, რომელსაც ნაცბაბლი ჰქვია და არფერი ეშველებათ. დანარჩენი რეზოლუციები, მყვირალა განცხადებები, ამას უფრო აღვივებს, რომ დიახ, 26 ოქტომბერს უნდა მივიდეს ამომრჩეველი და ხმა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას მისცეს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, მაგალითად, ხარაგაულის და მესტიის ამომრჩეველს სულაც არ ადარდებს, რას ფიქრობს ბორელი, გერმანიის ბუნდესტაგი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს რიტორიკა, რომლიც ყოველდღიურ რეჟიმში შანტაჟის სახეს იღებს, პირიქით, ოცნების ამომრჩევლის მობილიზებას იწვევს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა ნაცლობისტებს კიდევ ერთი ადამიანი, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი შეუერთდათ. ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ეს ის ბორელია, რომელმაც 2020 წელს უკრაინას სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში აუდიტი ჩაუტარა.

„ბორელმა უკრაინაში შეამოწმა, როგორ მიდიოდა ასოცირებით გათვალისწინებული რეფორმების საკითხი, რა მდგომარეობაში იყო ქვეყანაში კორუფცია, სასამართლო სისტემა და ა.შ. 2020 წელს რეფორმების პასუხისმგებელი პირი მიხეილ სააკაშვილი იყო. ჟოზებ ბორელს სექტემბერში გამანადგურებელი დასკვნა ჰქონდა უკრაინაზე. არც ერთი რეფორმა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც კი იყო დაწყებული. ბორელი ასევე ამბობდა, რომ უკრაინა ევროკავშირს განიხილავს მხოლოდ ბანკომატის რანგში. ეს იყო საკონტროლო გასროლა იმ ყველაფრისთვის, რაც აბსოლუტურად იქნა სულ რაღაც წელიწად-ნახევარში დავიწყებული. ზარზეიმით იქნა უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღებული. ამიტომ მე ვსვამ კითხვას - ჟოზეფ ბორელი არის არაკომპეტენტური პირი თუ მატყუარა? იქნებ ორივე ერთად არის? ამიტომ ახლა რაც არ უნდა თქვას ბორელმა და რა სახის ლობისტად არ უნდა დაუდგეს ამ მომაკვდავ ოპოზიციას, არა მგონია, რომ უკვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ძალიან კარგად გვახსოვს რას ამბობდა რამდენიმე წლის წინ უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი პატრონებმა მიუთითეს, მაშინვე შეცვალა პოლიტიკა. ალბათ, ახლაც ასეა, ბორელი ცრუობს, საქართველოს მოლდოვასთან შედარება მართლა შუბლის ძარღვის გაწყვეტაა“,-ამბობს ქართველიშვილი.

Gami ამ ბურჯანაძემ მეორე ფეხიც აწია?..
7 საათის უკან