"უკრაინაში უკვე სისხლი იღვრება, ათობით ადამიანი დასახიჩრებულია. ამერიკა აკრიტიკებს იანუკოვიჩს იმის გამო, რომ მან უარი თქვა ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე მაშინ, როცა არც ერთი ორგანიზაცია რუსეთთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ არაფერს აძლევს. კიდევ ერთი ნარინჯისფერი რევოლუცია და მაგისი ჯანი, მსგავსი სცენარი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ქვეყნის დაფინანსება მილიარდებით. ჩვენი მთავარი თემა ამჯერად მაინც ის არის, გადმოედება თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს, შეეცდება თუ არა პუტინი, ასოცირების ხელშეკრულების ვადის მოახლოებასთან ერთად, სიტუაციის არევას? როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, სოჭის ოლიმპიადის ჩამთავრებამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, მაგრამ შემდეგ რუსეთის მხრიდან ნამდვილად დაიწყება არნახული ზეწოლა, მავთულხლართების გავლების გაგრძელება და რუსული ბაზრიდან გამოძევებით შანტაჟი", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა ფარულ სცენარზე მუშაობს სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი?
"მოსკოვში მცხოვრები საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ამტკიცებს, რომ დასავლეთიდან და ამერიკიდან ჩვენში რევოლუცია არ იქნება, რადგან დღევანდელი ხელისუფლება უარს არ ამბობს დასავლურ კურსზე. კი, ბატონო, უარს არ ამბობს, რადგან რუსეთი ხმას არ იღებს და ეს ჩვენთვის ბაირამობაა, მაგრამ რას ვიზამთ შემდეგ, როცა პუტინი საქართველოსთვის მოიცლის? ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ძალა აქვს რეალურად ევროპასა თუ ამერიკაში გაკეთებულ იანუკოვიჩის საწინააღმდეგო განცხადებებს. ასე რომ, ერთია განცხადებები, მეორე - რეალობა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ნაციონალები უკრაინულ სცენარზე ოცნებობენ. გაიხსენეთ მათი დემარში პარლამენტში უკრაინული დროშებითა და კაშნეებით, ხოლო შემდეგ კიევში ჩავარდნა, სააკაშვილის თამადობით. რა თქმა უნდა, ნაციონალებს ჰაერივით სჭირდებათ უკრაინული სცენარის გადმოტანა საქართველოში. თუკი კიევში სიტუაციას ჯონ მაკკეინი და მისი მომხრე კონგრესმენები მართავენ, საქართველოშიც დიდი სიამოვნებით გააკეთებენ იგივეს. მით უმეტეს, როცა კეზერაშვილის საქმეში, ანუ იარაღით ვაჭრობაში, შესაძლოა, მათი ხელიც ერიოს", - განაგრძობს გამოცემა.
"მოდით, გავიხსენოთ, რატომ დაიარებოდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი რეგიონებში და ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრეებს აგროვებდა, რეგიონების უმრავლესობაში უკვე შექმნა ორგანიზაციები და როგორც განაცხადა, ხალხს უნდა ავუხსნათ, როგორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპისკენ სვლა და არა ჩრდილოეთისკენ და თუ მთავრობა ევროპულ კურსს უღალატებს, აქციებსაც გავმართავთო. ახლა მოდით, ისიც გავიხსენოთ, რას აცხადებენ "ნაცების მიკროფონები" - გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი, ჩიორა და ა.შ. გამოკვეთილად აბრალებენ ხელისუფლებას იმას, რაც რეალურად არ ხდება - "მთავრობა ევროპულ კურსს ღალატობს", "ხელისუფლება რუსეთთან დათმობებზე მიდის" და ა.შ. ანუ გამოდის, აქციებისთვის საფუძველს წინასწარ ამზადებენ, აქციებზე კი რა პროვოკაციებს მოაწყობენ, არავინ იცის, ეგენი ხომ სულით პროვოკატორები არიან", - წერს სტატიის ავტორი.
"რეალობა გვაჩვენებს, რომ ჩვენ ჯერაც ვერ გამოვედით "ნაციონალური" თამაშიდან. თუ ადრე, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენი ახლანდელი დეპუტატები და მომავალი ჩინოვნიკები ერთს ლაპარაკობდნენ, ახლა მეორე ჩვენებას აწვებიან. მაგალითად, გორიზ ბაზარი ავიღოთ, საიდანაც ხალხს ძალით ერეკებიან ახალ ბაზარში. მოვაჭრეებს მიაჩნიათ, რომ სავაჭრო ადგილი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში და არა სამხედრო ბაზის გვერდით. კი, ბატონო, ასეა, მაგრამ ეს აინტერესებს ვინმეს? ადგილობრივი ჩინოვნიკები, რომლებსაც თავი მარტო ბალიშზე დასადებად უნდათ, ხელებს შლიან: ჩვენ რა ვქნათ, როცა ძველი ბაზრის ტერიტორია კერძო ინვესტორმა შეისყიდაო? რა უნდა ქნა და სწორედ ეგაა გასარკვევი, ვინ, რატომ და რისთვის გაყიდა, რამდენი გადაიხადა? ხომ ამბობდით არჩევნებამდე, ყველა ობიექტი, რაც სააკაშვილის დროს გაიყიდა, შესასწავლია და თუ დანაშაული გამოიკვეთა დამნაშავე დაისჯებაო. სად არის თქვენი დაპირება, რომელი საქმე შეისწავლეთ რიყის და "იმედის" გარდა?" - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ერთი მთავარი პროკურორის დანიშვნა? წესით, პროკურორი იუსტიციის მინისტრმა უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ თეა წულუკიანი იძახის, ამის შესახებ მე არაფერი ვიციო. მე პირადად არ მჯერა, რომ არაფერი იცის, პრემიერმა თქვა, განხილვა წულუკიანთან ერთად მიმდინარეობსო, მაგრამ თუ არ იცი, აბა, რიღას მინისტრი ხარ და რა გევალება? მარტო პირადობის მოწმობების დარიგება? ისე, იმ ქვეყანაში, სადაც საარჩევნო ბარიერზე წლების განმავლობაში მიდის ბჭობა და ერთმანეთის თათხვა, რა გასაკვირია, რომ მთავარ პროკურორს ვეღარ ვნიშნავთ? თუ ატყობთ, რასაც ჩვენ ნაციონალებს ვედავებოდით, იმაზე უარესს აკეთებს "ოცნების" ხელისუფლება. კმარა, შეასრულეთ ის, რასაც ქართველ ხალხს შეჰპირდით!" - დასძენს სტატიის ავტორი.