„კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა, ეს არის ის, რამაც ქუჩებში შეიძლება ასი ათასი ადამიანიც კი გამოიყვანოს“

„კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა, ეს არის ის, რამაც ქუჩებში შეიძლება ასი ათასი ადამიანიც კი გამოიყვანოს“

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს“, - აცხადებს თბილისის მერი, რომლის თქმით, დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება ატარებს პროქართულ და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას. 

მკლევარის, ლუკა ეხვაიას განცხადებით, კახი კალაძის განცხადებამ დაადასტურა, რომ საქართველოზე ნამდვილად იყო ზეწოლა, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს რადიკალურმა ოპოზიციამ და სტრატეგიულმა პარტნიორებმა.

for.ge ლუკა ეხვაიას ესაუბრა.

როგორ აფასებთ თბილისის მერის განცხადებას, რომ ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევაც იყო, რომ გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს? კალაძის ამ განცხადებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კელი დეგნანი მისსავე სამუშაო კაბინეტში აიძულებდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საქართველო ჩართულიყო ომში...

ლუკა ეხვაია: დავიწყოთ იქიდან, რომ კახი კალაძის განცხადების გარეშეც ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ასეთი რამ ხდებოდა კულისებში. ერთადერთი რაც შეიცვალა, წლების წინ, თუ ეს ხდებოდა კულისებში, ჩვენგან, საზოგადოებრივი აზრისგან და საზოგადოების დიდი ნაწილისგან დაფარვით, ეს ყველაფერი ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოდის. მაგრამ სააშკარაოზე გამოდის ორივე მხრიდან. თუ ერთი მხრივ მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირ ალაპარაკდნენ, რადგან სხვა გზა აღარ დარჩათ, რომ დასავლეთი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, მეორე მხრივ ამერიკის საელჩოც პირდაპირ ალაპარაკდა მთელ რიგ საკითხებზე.

რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ერთი კვირის წინ „რადიო თავისუფლებამ“ ჩაწერა ამერიკის ელჩთან ინტერვიუ, სადაც ელჩი ამბობს შემდეგ რამეს - პირველი, ის პირდაპირ, ყოველგავრი შელამაზების გარეშე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თავის პირად და ფინანსურ ინტერესებს აყენებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ანუ, დასავლეთის პირველი რანგის ელჩი, ასეთი პიროვნული შეტევით უტევს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია რას ამბობს მოგვიანებით.

ნახეთ, რას ამბობს - „აშშდა საელჩო უკან არ დაიხევს ყველა იმ ბერკეტისა და მექანიზმის გამოყენებაზე, რაც მათ ხელთ აქვთ. ეს არის პირდაპირი მუქარა, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ. მაგრამ ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ამ ინტერვიუს 95 პროცენტი მთლიანად ნეგატივზე და მუქარაზე იყო დაფუძნებული, იქვე ამბობს რამდენიმე პოზიტიურ განცხადებას.

პირველი, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმური. მადლობა მას, რომ ამას გვეუბნება და მეორე, აღნიშნა, არჩევნების შედეგები როგორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, ამერიკა განაგრძნობს საქართველოსთან თანამშრომლობას და ზურგს არ აქცევს ქართველ ხალხს. ანუ, ეს დიპლომატიური ტონი ბოლომდე ხაზგადასმული არ არის და შენარჩუნებულია.

ეს გასაგებია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, მუქარის უკან რა შინაარსი შეიძლება წავიკითხოთ და ზეწოლის რა ინსტრუმენტები აქვთ არსენალში, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ?

- საკმაოდ ბევრია ასეთი ინსტრუმენტი. არჩევნებამდე ჩვენ თუ ველით, რომ მხოლოდ აგრესიული რიტორიკით შემოიფარგლებიან, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი გაააქტიურებენ უფრო ხისტ მეთოდებს, როგორიც არის პირველ რიგში, კიდევ უფრო ყოვლისმომცველი სანქციების პაკეტი, მაგრამ სანქციების პაკეტი არ არის ის თემა, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, მათ სჭირდებათ კიდევ დამატებითი მექანიზმების გააქტიურება.

პირველი - როგორიც არის კანდიდატის სტატუსის გადახედვა და მეორე - რაც იქნება და რასაც გააჩნია პოტენციალი, რომ ქუჩებში რამდენიმე ათასი და შეიძლება ასი ათასი ადამიანიც კი გამოიყვანოს, ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 100 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს ამ სერვისით, ეს არის მართლაც ის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რასაც შეუძლია ხალხის მობილიზაცია მოახდინოს. ეს არის მთავარი მექანიზმები რაც ჯერჯერობით გააქტიურებული არ აქვს დასავლეთს.

რა შემთხვევაში შეიძლება ეს მექანიზმები გაააქტიუროს დასავლეთმა? გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას...

- ეს რიტორიკა არახალია ჩვენთვის. ხშირად ვხვდებით ასეთ აგრესიულ რიტორიკას ევროკავშირისგან და ამერიკის ადმინისრაციისგან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარალელურად, გამოჩნდნენ ისეთი ევროპარლამენტარები და ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ და ამბობენ, რომ საქართველოში მზადდება იგივე სცენარი, რაც იყო უკრაინაში. ეს აზრთა სხვადასხვაობა ევროპაში და ზოგადად დასავლეთში ყველა თემის გარშემო არსებობს.

ჩვენთვის საგულისმოა ის, რომ ჯერჯერობით თუ ამ ყველაფერს ლაპარაკობენ დაბალი დონის პოლიტიკოსები დასავლეთში, არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და გაცილებით მაღალი იერარქიული საფეხურის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები დაიწყებენ ზუსტად იგივე რიტორიკას, სცენარი იქნება ტრადიციული, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში, არჩევნები უნდა გამოცხადდეს გაყალბებულად, ამის გარეშე გადატრიალების მცდელობა ვერ მოხდება, ეს არის გამორიცხული.

ამას არა მარტო უახლესი ისტორია გვიჩვენებს, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ისტორია 2000-იანი წლებიდან დაწყებული რა რევოლუციებიც ხდებოდა. იყო ფერადი რევოლუციები, შემდეგ არაბული გაზაფხული და შემდეგ უკვე მაიდანიზაცია. ყოველთვის ეს ფორმულა იყო უცვლელი - არჩევნები უნდა გამოცხადდეს გაყალბებულად. ამას მოსდევს ცესკოზე დარტყმა, როგორც ეს მოხდა 2020 წელს.

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ და გარკვეული დოზით იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული, რაღაც სიახლეებს უნდა ველოდეთ და კიდევ უფრო ინოვაციური ელემენტების დამატებას, როგორიც შეიძლება იყოს კანდიდატის სტატუსის გადახედვა და ვიზა ლიბერალიზაცია. მაგრამ ამავდროულად, ნელ-ნელა მზადდება სხვა მხრივაც ნიადაგი.

რას გულისხმობთ?

- თბილისში ჩამოდიან ბლოგერები, რომლებიც საკმაოდ ავტორიტეტული ბლოგერები არიან დასავლეთში, მათ ჰყავთ მილიონობით გამომწერი და ერთი და იგივე ნარატივს ატრიალებენ. იძახიან, რომ არჩევნები გაყალბდება და საქართველო რუსეთისკენ მიექანება. აი, ეს ორი ნარატივი ტრიალებს მუდამ.

Gami ეს რა აბდაუნდაა, სად ნახეთ ეს ტიპაჟი?
14 საათის უკან