როგორ მიითვისა „გუდვილმა“ სააკაშვილის დახმარებით სხვისი ქონება

როგორ მიითვისა „გუდვილმა“ სააკაშვილის დახმარებით სხვისი ქონება

,,საბას’‘ მფლობელი წართმეულ ქონებაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და ,,მარშეს’‘ მფლობელთა მორალურ პასუხისმგებლობას ითხოვს

იმის შესახებ, თუ როგორ გააკულაკეს ნაციონალებმა სს ,,თბილელექტროაპარატის’‘ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სავაჭრო სახლ ,,საბას’‘ მფლობელი პაატა კაჭარავა, ,,ვერსია’‘ უკვე წერდა. მკითხველმა ისიც იცის, რომ კაჭარავას ქონების ნაწილი ოფშორული კომპანიის შვილობილმა შპს- - ,,მიწა და უძრავმა ქონებამ’‘ დაისაკუთრა; რაც შეეხება მეორე ნაწილს, კერძოდ, ,,თბილელექტროაპარატის’‘ 3 მილიონად შეფასებულ წარმოებას, სადაც ფართო გამოყენების პლასტმასის ნივთები მზადდებოდა, 2010 წლის 10 მაისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, პირდაპირი მიყიდვის წესით, ,,გუდვილის’‘ ერთ-ერთ მეწილეს, სარფის საბაჟოს ყოფილ უფროსსა და, თავის დროზე, ასლან აბაშიძესთან დაახლოებულ გოგი შევარდნაძეს 500 ათასად უბოძა. პაატა კაჭარავას კუთვნილ 29 500 კვადრატულ მეტრზე შევარდნაძემ მაღაზია, საწყობი და წარმოება ,,მარშე’‘ გახსნა, თუმცა ნათქვამია, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო და ექსმებაჟესაც ასე დაემართა - რამდენიმემილიონიანი დავალიანების გამო, ზემოხსენებული ქონება თიბისი ბანკმა გადაიფორმა ანუ სახეზეა ,,ნაციონალური კოლმეურნეობიზაციის სამკუთხედი’‘ სახელმწიფო-,,მარშე’‘-თიბისი ბანკი. თუ ქვეყანაში ოდესმე სამართლიანობის აღდგენა დაიწყო, ამ სამკუთხედიდან ვინ უნდა აგოს პასუხი? პაატა კაჭარავა, უპირველესად, ნაციონალების დასჯას ითხოვს, ამასთან, გოგი შევარდნაძის მორალურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, წართმეულ ქონებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს  
- ბატონო პაატა, ქონების ეს ნაწილი, პირდაპირი მიყიდვის წესით, 2006 წელსვე გაყიდეს? 
- არა, თავდაპირველად, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა სამი-ოთხი წლის განმავლობაში უპატრონოდ იყო მიტოვებული და ხალხი ძარცვავდა - შენობა-ნაგებობებს ანგრევდა და ჯართს აგროვებდა.  
- ეს შენობები თქვენი აშენებულია? 
- არა, მაგრამ მას მერე, რაც ,,თბილელექტროაპარატის’‘ აქციები შევიძინე, გავარემონტე. როცა შევიძინე, საწარმო წამგებიანი იყო და ვალიც ჰქონდა, მაგრამ გავისტუმრე, წარმოების ახალი ტექნოლოგები ავითვისე და მომგებიანი გავხადე. 
- წარმოება რა ფართობზეა გაშლილი ანუ ,,მარშეს’‘ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, პირდაპირი მიყიდვის წესით, სულ რა რაოდენობის მიწის ნაკვეთი ,,უფეშქაშა’‘? 
- 29 500 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული ორი ძირითადი და რამდენი დამხმარე შენობით. 
- სააკაშვილმა თქვენი კუთვნილი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც, გოგი შევარდნაძეს რატომ უბოძა? 
- როგორც ვიცი, გოგი შევარდნაძე ე.წ. აჭარის რევოლუციის დროს ახალაიებს დაუახლოვდა - მაშინ შევარდნაძე სარფის საბაჟოს უფროსი იყო, ვიდრე ასლან აბაშიძე საქართველოდან წავიდოდა, სააკაშვილმა აჭარაში, საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად, როგორც მსმენია, ახალაიები და ვასილ სანოძე გაგზავნა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ შევარდნაძემ და ნაციონალებმა საერთო ენა, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გამონახეს. 
- ბატონო პაატა, თუ საწარმო მუშაობდა და მომგებიანი იყო, სახელმწიფომ რატომ გაყიდა? 
- ვიცოდი, რასაც ვაწარმოებდი, მათ კი არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ქონება იმიტომ წამართვეს, რომ ნახეს, ფული არ მქონდა და ვერ გადავიხდიდი. ისე, ფული რომც მქონოდა, მაინც არ გადავიხდიდი.

- გოგი შევარდნაძემ თქვენი ქონება რამდენად იყიდა? 
- 500 ათასად. 
- ქონების თვითღირებულება რა იყო? 
- ნაციონალებმა ეს ქონება 3 მილიონის სანაცვლოდ ჩამომართვეს. მოგვიანებით, ,,მარშემ’‘, დამატებით, ამ ქონების მიმდებარედ, 55 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 51 ათას ლარად ანუ კვადრატული მეტრი, დაახლოებით, 920 -ად შეიძინა. აქედან გამომდინარე, მარტივად შეიძლება დაითვალოს, რა მოგება ნახა ,,მარშემ’‘, რომელსაც ჩემი ქონება პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. 
- გარკვეული პრობლემები, როგორც ვიცი, ,,მარშესაც’‘ აქვს... 
- კი, გაკოტრების რეჟიმშია - თიბისი ბანკმა, ვალის სანაცვლოდ, მხოლოდ ,,მარშე’‘ კი არა, მგონი, ,,გუდვილიც’‘ წაიღო. 
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავარ პროკურატურას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ქონების ამ ნაწილზეც მიმართეთ? 
- სარჩელი ორივე საქმეზეა შეტანილი. 
- გოგი შევარდნაძეს პირისპირ არ შეხვედრიხართ? 
- არა, ერთხელ შევუთვალე - ეს წართმეული ქონებაა-მეთქი... ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე, ლამის, 4 წელი ჰქონდა გამოტანილი, მაგრამ არ იყიდებოდა, ამიტომ ფასი თანდათან აკლდებოდა და, ბოლოს, მილიონზე ჩამოვიდა, მაგრამ ამ თანხადაც ვერ გაიყიდა და გოგი შევარდნაძეს ნახევარმილიონად მისცეს. სხვათა შორის, ფასმა მილიონამდე რომ დაიწია, ვაპირებდი, ჩემივე ქონება შემესყიდა, მაგრამ, ამასობაში, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. როცა გოგი შევარდნაძე ამ ტერიტორიაზე შემოვიდა, ე.წ. წითელი ხაზების, საერთო ჯამში, 23 კვ.მ-ს კონტროლი დაიწყო. ჩვენი ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთი ფანჯარა წართმეულ ტერიტორიას გადაჰყურებს - ყველაფერი ეს ხომ ერთიანი წარმოება იყო. მოკლედ, შევარდნაძემ ჯერ არქიტექტურის სამსახურში მიჩივლა, მერე - ფინანსურ პოლიციაში, ეგონა, დამაშინებდა, მაგრამ გამომძიებელს ვუთხარი, შევარდნაძეს გადაეცი, დააყენოს, თორემ დავაყენებინებ-მეთქი... ამის მერე კაბელი აგვიფეთქა. 
- რას გულისხმობთ? 
- ელექტროგადამცემი სადენის გატანას გვთხოვდა, ეს ტერიტორია ახლა ჩემი საკუთრებაა და რომ დაზიანდეს, სამუშაოების ჩატარების უფლებას არ მოგცემო. არ დავთანხმდი, კაბელი ხელოვნურად დააზიანეს და აღდგენის საშუალებაც არ მოგვცეს. ერთ-ერთი ავტომანქანა, შავი ,,პრადო’‘, რომელიც, ასე ვთქვათ, გვაკონტროლებდა და კაბელის აღდგენის საშუალებას არ გვაძლევდა, კუდ-ზე იყო რეგისტრირებული...  
- გოგი შევარდნაძე, პრინციპში, დამნაშავე არაა - სახელმწიფო ქონებას ყიდდა და მანაც იყიდა. 
- დამნაშავე იმდენადაა, რამდენადაც წართმეული ქონება იყიდა და არც შეერგო - დაკარგა. სხვათა შორის, იმხანად, ,,გუდვილთან’‘ ათი ჰექტარი მიწა ბევრად იაფად იყიდებოდა და შეეძლო, ის ეყიდა. ყველამ იცოდა, მიშა რასაც აკეთებდა და გოგი შევარდნაძეს გაგონილი არ ჰქონდა? ბოლოს და ბოლოს, ბიზნესმენია და არ იცის, რომ ქონებას, რომელიც სახელმწიფოსგან იყიდე, სახელმწიფოს აღარ აჩუქებ? საჯარო რეესტრის ამონაწერში პირდაპირ წერია, რომ ეს ქონება ნაჩუქარია და თუ დაინტერესდებოდა, შეეძლო, ეს ინფორმაცია ამოეღო. 
- სამართლებრივად, სახელმწიფოს ედავებით თუ გოგი შევარდნაძეს? 
- პირველ რიგში, ნაციონალების სახელმწიფოს... რაც შეეხება შევარდნაძეს, აქ მორალური მხარეა. რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა მქონდა: რაღაც ქონების შეძენა მინდოდა, მაგრამ შევიტყვე, რომ წართმეული იყო და იქით აღარც გამიხედავს... 
- თქვენი ქონება, ამჟამად, მესამე პირის - თიბისი ბანკის ხელშია ანუ მდგომარეობა არცთუ მარტივია და სამართლიანობა როგორ უნდა აღდგეს? 
- სამართლიანობა რომ აღდგეს, გამოძიება უნდა დაიწყოს, რითიც დადგინდება, რომ ჩუქება ზეწოლით მოხდა - მინდობილობა საპყრობილეში დავწერე. გარდა ამისა, ნაციონალებს ჩემი თანამშრომლებიც მძევლებად ჰყავდა. კოტე ყიფიანმა მითხრა კიდეც - თქვენი თანამშრომლების საქმე ცალკეა გამოყოფილი და თუ შემდგომში გაასაჩივრებ, მათ დავიჭერთო. ამ საქმეს ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა და ვიდრე ვადა არ გავიდა, არ დახურეს. სხვათა შორის, გამოძიებით ისიც უნდა დადგინდეს, სააკაშვილი სახელმწიფო ქონებას როგორ ანიავებდა. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, პრეზიდენტს რამის პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ქონება თუ სახელმწიფოს საკუთრებაა, ესე იგი, ის საერთო-სახალხო საკუთრებაცაა და როგორ შეიძლება, ერთმა პიროვნებამ პირადი შეხედულებებით განკარგოს?! ისე, ბიზნესმენთა ნაწილი წართმეული ქონების ყიდვას ერიდებოდა და ყველაფრის მფლობელი, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს გაიყიდა, ესა თუ ის ოფშორული კომპანიაა, რომლის უკანაც ნაცმოძრობა დგას, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ კანონი უნდა მიიღოს, რითიც ოფშორში რეგისტრირებული ყველა კომპანიის რეალური მფლობელი გამოაშკარავდება. თუ პატიოსანი ხარ და ბიზნესს პატიოსნად აკეთებ, ოფშორში რატომ იმალები? აი, თუნდაც დავით კეზერაშვილი, რომელსაც ოფშორში უამრავი კომპანია აქვს რეგისტრირებული... სხვათა შორის, კოტე ყიფიანი, რომელმაც ქონება წამართვა და, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსია, დავით კეზერაშვილმა ფინანსური პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში წაიყვანა და სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშნა. თუ გამოძიება სამართლიანად წარიმართება, კეზერაშვილის ბრალდებებს ჩემი საქმეც დაამძიმებს, რადგან კეზერაშვილი და ყიფიანი ერთი ჯაჭვია და, გასაკვირია, რომ ეს ადამიანი კვლავ ხელისუფლებაშია! თუ ვინმეს ჰგონია, მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ ბიზნესს აღარ ატერორებენ, ცდება - ხელისუფლების ვალდებულებაა, ადამიანის უფლებები, მათ შორის, კერძო საკუთრება დაიცვას. ვინც ნაციონალების დროს მე და სხვა უამრავი ადამიანი გააუბედურა, პასუხი აუცილებლად უნდა აგოს და არ შეიძლება, ისინი კვლავ ხელისუფლებაში იყვნენ, რადგან დანაშაულს ჩაიდენენ! მანუჩარ კაპანაძე და მერაბ ჯორბენაძე, რომლებმაც გამასამართლეს, დღესაც მოსამართლეები არიან, არადა, ასეთი ხალხისგან ყველა სახელმწიფო უწყება უნდა გაიწმინდოს! 
- ბატონო პაატა, რას გრძნობთ, როცა თქვენს წართმეულ ქონებას ხედავთ? 
- ,,თბილელექტროაპარატში’‘ მუშაობა 1988 წელს დავიწყე, ოსტატობიდან საამქროს უფროსობამდე, ყველა საფეხური გავიარე და საწარმო ეკონომიაზეც გავიყვანე. მოკლედ, გული მტკივა... სხვათა შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თიბისი ბანკმა ეს ტერიტორია აუქციონზე გამოიტანა - 12 მილიონად ყიდდა, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა... 
- ამ ქონების წართმევით, ჯამში, რამდენი იზარალეთ? 
- გარდა იმისა, რომ მსხვილი გადამხდელი ვიყავი და ბიუჯეტში ერთი და ორი კი არა, რამდენიმე მილიონი შემქონდა, მას შემდეგ, რაც ქონება წამართვეს, სახელმწიფომ, მხოლოდ დღგ-ს ნაწილში, 18 მილიონი იზარალა, პირდაპირი მიყიდვით კი რაც მიიღო, ჩანს - ,,მარშე’‘ გაკოტრებულია.  პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები: წართმეულ ქონებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს - ამ ქონების გაყიდვა დროებით უნდა აიკრძალოს, თორემ ნაციონალებმა, შეიძლება, ფიქტიური გაყიდვა დაიწყონ. სამწუხაროდ, მთავრობამ სამართლიანობის აღდგენის კომისიის შექმნა გააჩერა.  
- ბატონო პაატა, ალბათ, ილუზია არ გაქვთ, რომ ზარალს ვინმე აგინაზღაურებთ. ამ თემის გააქტიურებით ღირსების აღდგენას ცდილობთ? 
- დიახ, ასეა! კაცობრიობა უსამართლობას ებრძვის. სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა ფორმის უსამართლობა არსებობდა და, როცა უკანონოდ მოგექცევიან, ვიდრე ცოცხალი ხარ, იბრძვი, რომ სამართლიანობა აღდგეს! ნაციონალები დინოზავრების ქურდები იყვნენ და იმას ასამართლებდნენ, ვისაც მოლეკულის მოპარვის სურვილი ჰქონდა! კანონით, მოქალაქე, რომლის ოჯახის ანუ ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთა საერთო შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ვალდებულია, საგადასახადოში ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს და სამართლიანობის აღდგენაც სწორედ ამით უნდა დაიწყო - 9 წლის განმავლობაში რომელმა ნაციონალმა და მისმა სანათესაო-სამეგობრომ წარადგინა დეკლარაცია?  
- როცა ქონება წაგართვეს, თქვენი ვაჟები პატარები იყვნენ. იციან, რა გადაგხდათ? 
- რა თქმა უნდა, იციან და სულ მეკითხებიან, მამა, რა ხდებაო. უსამართლობა შვილებშიც გადადის - ბაბუაჩემი, კომუნისტების დროს, კოლექტივიზაციის მსხვერპლი გახდა, გადაასახლეს და აღარ დაბრუნებულა. მას მერე რამდენიმე ათეული წელი გავიდა, მაგრამ მაინც ბაბუაზე ვლაპარაკობ. ჩემი საქმეც ასე იქნება და თაობიდან თაობაზე გადავა! 
- ისე, ბატონო პაატა, ცოტა ცინიკურია - ამხელა ქონება წაგართვეს და 2008 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს ნაცმოძრაობას კიდევ 10 ათასი ლარი შესწირეთ... 
- თუ არ ,,შევწირავდი’‘, დამიჭერდნენ - მაშინ კოტე ყიფიანი ისევ ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა და მათი დატერორების საშუალება, ვისი საგამოძიებო ვადაც გასული არ იყო, კიდევ ჰქონდა... ფინანსური პოლიციიდან დარეკეს, შეხვედრა გვინდაო და გვითხრეს, პარტიას უნდა დაეხმაროთ, აი, ანგარიში და ათი ათასზე ნაკლებს ნუ გადარიცხავთო.  
- პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა ხომ არ გიცდიათ? 
- არ მიცდია... პრობლემა საყოველთაოდ ცნობილია - ეს ხელისუფლება სწორედ სამართლიანობის აღსადგენად მოვიდა, მაგრამ გამოდის, ნაციონალებს დანაშაულს ,,უპრავებს’‘ - ნაციონალები ისევ უმრავლესობაში არიან და იცით, როგორი მდგომარეობაა? - მწყემსებს საჭმელი რომ გამოელიათ და ცხვრის ფარას კატა ჩამოუკიდეს: კატა კნაოდა და ცხვარი ზემოთ იყურებოდა, რა ხდებაო. ჩვენც ასე ვართ - პარლამენტს ვუყურებთ, რა მოხდება და ერთ ბარტყს გადმოგვიგდებენ: ხან მერაბიშვილს, ხან - კეზერაშვილს. ნაციონალებმა მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს და ისე უნდა გასამართლდნენ, როგორც ფაშისტები, მაგრამ დღესაც გვმოძღვრავენ.