TV-3-ის დირექტორად მწერალთა კავშირის და გამომცემლობა

TV-3-ის დირექტორად მწერალთა კავშირის და გამომცემლობა "სამშობლოს" დამრბევი გრიგოლ ბაიბურთი დანიშნეს

საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ცნობისათვის: ტელეკომპანია “ТV 3” - გადარქმეული ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ა, რომლის არაოფიციალური კურატორები და მფლობელები იყვნენ ყოფილი შს მინისტრი მერაბიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია. დამფუძნებლები: ლალი ეგაძე, ლაშა ჩხენკელი, დავით მჟავია და საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, “საქართველოს ფოსტის” სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, რომელიც 2014 წლის 18 იანვრამდე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც იყო. ტელეარხ ТV 3-ის მაუწყებლობა მისაწვდომია თბილისში (საკაბელო მაუწყებლების პაკეტებში) და მის გარეუბნებში, დეციმეტრულ დიაპაზონში, აგრეთვე - ინტერნეტში.

გასული 2013 წლის 25 დეკემბერს, ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ თოქშოუში “დიდი პოლიტიკა” “ТV 3”-ზე, “ТV 3”-ის გენერალურმა დირექტორმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა ძლიერ ზეწოლასა და შანტაჟზე, რომელსაც “ТV 3”-ზე და პირადად მასზე ჰქონდა ადგილი დედაქალაქის მერიის (თბილისის მერი უგულავას) და ზოგიერთი პარლამენტარის მხრიდან, თითქოსდა ჟურნალისტური გამოძიებების გამო ტელეპროგრამებში “ანატომია”, “ახალი ხედვა” და “სისტემა”. სააკაშვილის ხელისუფლების ექსმაღალჩინოსნის სიტყვების გულწრფელობა ცოტამ თუ დაიჯერა და ბაინდურაშვილის სპექტაკლი შეაფასეს, როგორც წინმსწრები ნაბიჯი - რათა დღევანდელი ხელისუფლება “ТV 3”-ით და ფინანსთა მინისტრის პოსტზე კახას საქმიანობით არ დაინტერესდეს.

გუშინწინ კი, 2014 წლის 18 იანვარს, კახა ბაინდურაშვილი ტელეკომპანია “ТV 3”-ის გენერალური დირექტორის პოსტზე შეცვალა მისმა ყოფილმა მოადგილემ ფინანსთა სამინისტროდან - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიშა ბაიბურთმა.

ცნობისათვის: სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი გრიშა ბაიბურთი - საქართველოს “მთავარი სომხის” - პრეზიდენტების შევარდნაძის, სააკაშვილის და მარგველაშვილის უცვლელი მრჩევლის სომეხი უმცირესობის საკითხში, თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტის წევრის, ამავე დროს - საქართველოში გამომავალი სომხური გაზეთი “ვრასტანის” მთავარი რედაქტორის და სომხური დიასპორის ხელმძღვანელის ვან ბაიბურთის შვილია. 

”პრაიმერი“ კომენტარისთვის კახა ბაინდურაშვილს დაუკავშირდა მან აღნიშნული ცვლილება დაადასტურა: „დიდი საკომენტარო არაფერია. ტელევიზია უკვე ფეხზე დადგა. ბიზნეს გეგმის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, ამიტომ ჩემი თანამდებობაზე დარჩენის აუცილებლობა არ იყო, სხვა ბევრი საქმეც მაქვს.“

- ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას თქვენს ადგილას გრიგოლ ბაიბურთის დანიშვნის შესახებ და იყო თუ არა ეს ტელევიზიის სამივე დამფუძნებლის, თქვენი, ლაშა ჩხენკელის და ლალი ეგაძის ერთობლივი გადაწყვეტილება? 

- ცხადია, ეს იყო დამფუძნებლების ერთობლივი გადაწყვეტილება, შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე განხორციელდა.

- იცით თუ არა, რომ გრიგოლ ბაიბურთი „ნაციონალური მოძრაობის” ზონდერი იყო და ის ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გაზეთების გამოყრას?

- თქვენგან მესმის პირველად, ეს ინფორმაცია არ მაქვს და არა მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს.

- ბატონო კახა, ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს...

- არ მჯერა!

საქინფორმისგან: “არ მჯერა!” - წამოიძახებდა დიდი რეჟისორი სტანისლავსკი მსახიობის არადამაჯერებელი თამაშის დროს. ქართველ ხელისუფლებს სტანისლავსკის სისტემა რომ შეესწავლათ, საქართველოს პოლიტიკური სისტემა თავისი სიცრუით ზიზღს არ გამოიწვევდა. საქინფორმი შეახსენებს “ურწმუნო” კახა ბაინდურაშვილს, რომ 2007 წლის 10 აგვისტოს, როდესაც ის საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, დილის 4 საათზე, ასობით პოლიციელი და თბილისის მერიის თანამშრომელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის საპრივატიზაციო პოლიტიკის განყოფილების უფროსის გრიშა ბაიბურთის ხელმძღვანელობით, ომის გამოუცხადებლად შეიჭრა გამომცემლობა “სამშობლოს” შენობაში კოსტავას ქ. №14-ში და სიცრუით, რომ შენობაში ბომბია, თავიანთი ოფისებიდან მთელი ქონებითურთ ქუჩაში გამოჰყარეს გაზეთების და ჟურნალების 80 რედაქცია (მათ რიცხვში - ქართული პრესის ფლაგმანის - გაზეთ “ასავალ-დასავალის” რედაქცია), 2 ტელეკომპანია, ათამდე გამომცემლობა და ტიპოგრაფია, რის შედეგადაც სამ ათასზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა...

სამაგიეროდ, გრიშა ბაიბურთმა კარიერაში მკვეთრი ნახტომი გააკეთა და ჯერ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მაგრამ ან მამა ვანის “ჟურნალისტურმა ფესვებმა” თავისი გაიტანა, ან გრიშას „შეუყვარდა“ ჟურნალისტიკა, როცა ჟურნალისტებს რედაქციებიდან ყრიდა, ფაქტია - დღეს გრიშა თვითონ წავიდა ტელეჟურნალისტიკაში, ტელეკომპანია “ТV 3”-ის გენერალურ დირექტორად... რასაც ვულოცავთ კიდეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის წინააღმდეგ დღეს, “ობიექტივის” გარდა, ყველა ტელეარხი მუშაობს - “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი”, “იმედი”, “მაესტრო” და “კავკასია”.