მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად – მეჯვარე და ცოლის დაქალები

მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად – მეჯვარე და ცოლის დაქალები

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის სიძე მირიან ოქროპირიძე სატყეო სააგენტოს მცხეთა – მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსად 2013 წლის 14 მაისს დაინიშნა. მირიან ოქროპირიძემ სატყეო სამსახურიდან 27 თანამშრომელი გაათავისუფლა და მათ ნაცვლად თავისი ახლობლები დაასაქმა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ერთ–ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, გაბრიელ იორდანიშვილს ინფარქტი ნერვიულობის ნიადაგზე განუვითარდა.

„მე რომ დავინიშნე ამ თანამდებობაზე, სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური იყო. დიმიტრი ხუნდაძე რა შუაშია? მას აქვს თავისი საქმიანობის პროფილი და მე ჩემი. ის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის წევრია, მედიცინა და სატყეო ძალიან განსხვავდება. ის არის ჩემი სიმამრი, მაგრამ სიმამრს თანამდებობაზე ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი არ აქვს,“– განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მირიან ოქროპირიძემ.

– კონკურსი გაიარეთ თუ როგორ დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე?

– განცხადება დავწერე, დამიძახეს და ამის საფუძველზე დავინიშნე. შემდგომ უკვე გავიარე კონკურსი.

 მცხეთა – მთიანეთის რეგიონული სატყეო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე მირიან ოქროპირიძე 2005 – 2007 წლებში მცხეთის სატყეო უბანში ძეგვის სატყეო უბნის ოსტატად მუშაობდა.  

 სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მან დავით უნდილაშვილი შეცვალა, რომელიც შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა.

 ციალა გორძამაშვილი ერთ–ერთია მცხეთა – მთიანეთის სატყეო სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის. სატყეო სამსახურში ის 2011 წლის დეკემბრიდან ჯერ ოპერატორად, ხოლო შემდეგ ანალიტიკოსად მუშაობდა.

 ციალა გორძამაშვილი, მცხეთა – მთიანეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი: „სამსახურიდან 2013 წლის 14 ოქტომბერს გამათავისუფლეს. პირველ კონკურსში მე ვერ მივიღე მონაწილეობა, რადგან ვერ დავაკმაყოფილე მოთხოვნა მუშაობის 3 წლიან სტაჟთან დაკავშირებით და თავისთავად სახლში გამიშვეს. ეს მოხდა 14 ივლისს. რადგან სამსახურში ძალიან ბევრი საქმე იყო, სამთვიანი ხელშეკრულებით დამაბრუნეს. ამ პერიოდში კონკურსი მეორედ დაინიშნა. სამუშაო გამოცდილება 1 წლით იყო განსაზღვრული. შევავსე განაცხადი, კონკურსი გავიარე მაგრამ უარი მითხრეს. ჩემს ადგილზე მირიან ოქროპირიძემ საკუთარი ცოლის დაქალი და თანაკლასელი ნათია მამალაძე დანიშნა. მას ანალიტიკოსად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილებაც არ ჰქონდა. ის კონკურსამდე 6 თვის განმავლობაში ტყის მცველად ჰყავდა გაფორმებული, ფაქტობრივად კი არაფერს აკეთებდა. კონკურსის შემდეგ ჩემი სამუშაო მას გადააბარა“.

 ციალა გორძამაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, 2013 წლის 11 ნოემბერს, გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგოლაძეს წერილობით მიმართა, თუმცა სამინისტროდან არანაირი პასუხი არ მიუღია.

 მირიან ოქროპირიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა მეორე ანალიტიკოსი ნატო წიკლაურიც.

 „სამსახურის უფროსად რომ დანიშნეს, თათბირიც კი არ ჩაატარა. არ გვეკონტაქტებოდა. არც გაგვეცნო და არც იმით დაინტერესდა, ვინ რას ვაკეთებდით. სექტემბერ – ოქტომბერ – ნოემბერში 27 ადამიანი დაითხოვა სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მეც. ჩემთვის მიზეზიც არ უთქვამს. სამთვიანი გამოსაცდელი ვადით ვიყავი. ვადის გასვლის შემდეგ გამომიცხადა, რომ მე უნდა წავსულიყავი სამსახურიდან, ასე მსურსო. ვაკანტურ ადგილებზე მოიყვანა თავისი ახლობლები და მეგობრები. ის არის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის შვილის ქმარი, ზურგი აქვს და გასდის“, – ამბობს ნატო წიკლაური.

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუშეთის ოფისის დახმარებით ნატო წიკლაურმა სარჩელით სასამართლოს მიმართა. „შრომის კოდექსის 37–ე მუხლის საფუძველზე გამათავისუფლა. არანაირი გადაცდომა არ მქონია, შენიშვნაც არ მიმიღია. უფრო მეტიც, წამახალისა და პრემიაც მომცა. თუ თანამდებობისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია არ მქონდა, რის საფუძველზე წამახალისა? თანამშრომლები განიცდიდნენ გათავისუფლების ამბავს. მე ვთხოვე მათ, რომ თქვენც დაიცავით თქვენი უფლებები მეთქი, მაგრამ უარი თქვეს. ამბობენ, რომ დეპუტატთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს, მთავრობასთან დაახლოებული პირია“, – აღნიშნავს ნატო წიკლაური.

ეროვნული სატყეო სააგენტოდან მოწოდებული მონაცემებით, ნატო წიკლაურს პრემია 350 ლარის ოდენობით 2013 წლის აგვისტოში აქვს მიღებული, 200 ლარის ოდენობით კი იმავე წლის ოქტომბერში.

მირიან ოქროპირიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა უფროსი მეტყევე, 61 წლის გაბრიელ იორდანიშვილიც. მას სატყეო სამსახურში მუშაობის 40 წლის სტაჟი ჰქონდა. ცისანა კუკულაძე ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლებას და იმ შეურაცხყოფას, რაც მირიან ოქროპირიძემ მიაყენა, ძალიან განიცდიდა.  2013 წლის 16 ოქტომბერს გაბრიელ იორდანიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

„სანამ გაათავისუფლებდნენ, გაიგო ეტყობა და მითხრა, რომ გამიშვან, ვერ გადავიტანო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როცა მცხეთის მაჟორიტარი მოვიდა რაიონში, მან თავის სიძისთვის გამოძებნა სამსახური, რადგან მეტყევე იყო პროფესიით. რეგიონული სამსახურის უფროსი დათო უნდილაშვილი გაათავისუფლეს და დანიშნა თავისი სიძე მირიან ოქროპირიძე. რამდენიმე თვე მოუწია ჩემს მეუღლეს მასთან მუშაობა, მაგრამ ისეთ შეურაცხყოფას აყენებდა, აიძულებდა ყველანაირად, რომ წამოსულიყო. მირიან ოქროპირიძე 32 წლის იყო და 60 წლის კაცი მდგომარეობიდან გამოჰყავდა. ბოლოს ისე გააკეთა, რომ თურმე 1 კვირის დანიშნული ჰყავდა მისი შემცვლელი კახა მწითური და მაინც ჩემს მეუღლეს ამუშავებდა. როცა ეს ჩემმა მეუღლემ გაიგო, ძალიან ინერვიულა. გათავისუფლების შემდეგ კონკურსი ჩუმად გაიარა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში და მუშაობა დაიწყო. მალავდა, ეშინოდა იქაც არ გაეფუჭებინათ საქმე. კონკურსის გავლიდან 10 დღეში დაიწყო მუშაობა, მაგრამ იმ უსამართლობას რაც წინა სამსახურში გადაიტანა, ვერ ეგუებოდა. 16 ოქტომბერს გულის შეტევა დაემართა და ერთ საათში გარდაიცვალა“, – იხსენებს გარდაცვლილი გაბრიელ იორდანიშვილის მეუღლე ცისანა კუკულაძე.

მცხეთა – მთიანეთის სატყეო სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ, მირიან ოქროპირიძემ, მცხეთა – დიდგორის სატყეო უბნის უფროსად მეჯვარე არჩილ ღარიბაშვილი დანიშნა.
ჩვენ მირიან ოქროპირიძეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

 „ორ ეტაპად გამოცხადდა კონკურსი, მოხდა თანამშრომელთა შერჩევა. პირველად მაისში როცა ეროვნული სატყეო სამსახური გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და მეორედ აგვისტოში, როცა მეტყევეების შერჩევა მოხდა. დაახლოებით 30–მდე თანამშრომელი გათავისუფლდა, ყველას ინდივიდუალური მიზეზი აქვს.

 – ნატო წიკლაურთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან?

 – ნატო წიკლაურს წერილობითი ფორმით შენიშვნა და გაფრთხილება არ ჰქონია, პირიქით, წავახალისეთ პრემიის სახით იმ მოტივით, რომ უკეთესად შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. მან გაიარა კონკურსი, მაგრამ სამთვიანი საგამოცდო პერიოდი ვერ გადალახა. მას არ აღმოაჩნდა ის უნარჩვევები, რაც ანალიტიკოსს სჭირდება. აქედან გამომდინარე მოხდა მისი გათავისუფლება. პრემიით იმიტომ წავახალისე, რომ პატარა შვილი ჰყავს, მარტო ზრდის, დედამისიც ავად იყო და მინდოდა ჩემი მხრიდან პატივი მეცა. მინდოდა უკეთ გაეაზრებინა ამ სამსახურში მუშაობის პასუხისმგებლობა და უკეთესად ემუშავა. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა გათავისუფლება. მან ფორსმაჟორში თავი ვერ გაართვა სამუშაოს.

 – რაც შეეხება ციალა გორძამაშვილს, ის გათავისუფლდა ნოემბერში და მის ადგილზე, როგორც თავად გვითხრა, თქვენი ცოლის დაქალი და ამავე დროს თანაკლასელი ნათია მამალაძე დაინიშნა.

 – მე კონკურსებთან დაკავშირებით შეხება არ მქონია, ის უშუალოდ სააგენტოში ჩატარდა.

 – საკონკურსო მოთხოვნა იყო, რომ ანალიტიკოსს მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ნათია მამალაძეს ეს სტაჟი რომ არ ჰქონდა?

 – ნათია მამალაძეს არ დაუკმაყოფილებია ეს კრიტერიუმი.

 – აბა როგორ დაინიშნა?

 – მამალაძეს კონკურში მონაწილეობა არ მიუღია.

 – საჯარო ინფორმაციაში, რომელიც მცხეთა– მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ოფიციალურად გამოითხოვა, მითითებულია, რომ ნათია მამალაძე კონკურსის შედეგად არის დანიშნული.

 – თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

 – გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია.

 – და მანდ წერია რომ მამალაძე კონკურსის შედეგად დაინიშნა?

 – დიახ, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, სატყეო სააგენტოდან მივიღეთ წერილობით.

 –  არასწორია ეს.

 – ნათია მამალაძე არის თუ არა თქვენი მეუღლის მეგობარი და თანაკლასელი?

 – ნათია მამალაძე არის რიგითი მცხეთელი, აქვს იურიდიული განათლება, არის კომპიუტერის კარგი მცოდნე და მოწინავე თანამშრომელი.

 – რაც შეეხება არჩილ ღარიბაშვილს, რომელიც მცხეთა – დიდგორის სატყეო უბნის უფროსად დაინიშნა, თქვენი მეჯვარეა?

 – დიახ. ჩემი მეჯვარეობა არ ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანს მუშაობის უფლება არ ჰქონდეს რა.

 – რაც შეეხება გიორგი იორდანიშვილს, რომელიც 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა უფროსი მეტყევის პოზიციიდან. იგი 16 ოქტომბერს გულის შეტევით გადრაიცვალა. მისი მეუღლე ამბობს, რომ სამსახურში შექმნილი პრობლემების გამო იორდანიშვილი ნერვიულობდა და სწორედ ამის გამო დაემართა გულის შეტევა.

 – ვერ  დავეთანხმები ქალბატონ ცისანას იმიტომ, რომ მაგ დროს უკვე მუშაობდა ბატონი გია სხვა სამსახურში. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ხსოვნას, რადგან მამაჩემის მეგობარია. ჩემი დამრიგებელი და მან პირველ ნაბიჯებში ხელიც კი შემიწყო. მას კონკურსი არ გაუვლია და ამიტომ გათავისუფლდა სამსახურიდან“.

 მირიან ოქროპირიძეს 2013 წლის ივნისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, პრემიის სახით, 4 200 ლარი აქვს მიღებული. ოქროპირიძე ერთადერთია მცხეთა – მთიანეთის რეგიონული სატყეო სამსახურის 98 თანამშრომელს შორის, ვინც 6 თვის განმავლობაში პრემია ყოველთვე აიღო; 2013 წლის ივნისში მას პრემიის სახით 750 ლარი აქვს მიღებული, ივლისში – 600 ლარი; აგვისტოში 750 ლარი; სექტემბერში – 600 ლარი; ოქტომბერში – 600 ლარი და ნოემბერში 900 ლარი.