ნინო ნ. წლების განმავლობაში კონსულტანტად მუშაობდა თბილისის რამდენიმე მაღაზიაში და კარგად იცის მათი "სამზარეულო". საუბრისას პირობა ჩამოგვართვა, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით და აი, რა გვითხრა: "ჩვენს მაღაზიებში უმკაცრესი კონკურენციაა, უფროსების მოთხოვნა მარტივია: რაც შეიძლება მეტი კლიენტი უნდა "შეაბა" და მეტი პროდუქცია გაყიდო, თუნდაც უხარისხო, ვინც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ანაზღაურებაც ნაკლები აქვს, უმძიმეს დატვირთვას ვერ უძლებს და თავისი ნებით ტოვებს სამუშაოს. სულ ბოლოს ფეხსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი, სადაც ხშირად ბაზრობიდან მოჰქონდათ იაფფასიანი საქონელი, რომელსაც შემდეგ ორმაგ ფასში ვყიდდით. როდესაც მაღაზიის მფლობელები სათანადო მოგებას მიიღებდნენ, იწყებოდა ე.წ. სეილის პერიოდი, როცა პროდუქცია შედარებით იაფად იყიდებოდა, თუმცა მოგებას მაინც ტოვებდა". ჩვენ დავინტერესდით, როდის იწყება ჩვენს მაღაზიებში ე.წ. სეილები და რა პროდუქცია იყიდება შედარებით იაფად? - ამ და სხვა შეკითხვებზე სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა გვიპასუხებს:
- ძალიან ბევრი მაგალითი მახსენდება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას: შარშან ჩვენმა ორგანიზაციამ ასეთი ფაქტი აღნუსხა: ერთ"ერთ მაღაზიაში საახალწლო აქცია იყო დაწყებული, მომხმარებელმა გვაცნობა, რომ იქ ვადაგასული პროდუქცია იყიდებოდა, მივედით, შევიძინეთ და ვნახეთ, რომ ეს იყო ტუჩის საცხი. შევატყობინეთ შესაბამის ფირმას და ვთხოვეთ, მოეწერათ ჩვენთვის, თუ როდემდე ჰქონდა ვადა ამ პროდუქციას, რადგანაც მასზე გაურკვეველი კოდები იყო მითითებული. ფირმის წარმომადგენლებმა მიგვითითეს ვებგვერდი, სადაც უნდა შეგვეყვანა ეს კოდი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ტუჩის საცხი წარმოებული იყო 2009 წლის იანვარში და მისი სარეალიზაციო ვადა იყო 36 თვე, ესე იგი, მას უკვე გასული ჰქონდა ვადა. ეს იყო მომხმარებლის მოტყუება. მაღაზიას მასზე რომ დაეწერა, რომ ეს იყო ვადაგასული საცხი, მაშინ უკვე პასუხს აღარ აგებდა, რადგან მყიდველი რისკის ფასად შეიძენდა ვადაგასულ კოსმეტიკას, რომელიც გაცილებით იაფი ღირდა, მაგრამ მაღაზია ფასდაკლებით ყიდდა ვადაგასულ პროდუქტს მომხმარებლის მოზიდვის მიზნით. სწორედ ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც დაუშვებელია.
- როგორ შეიძლება დავახასიათოთ "სეილი" საქართველოში და კერძოდ, თბილისში?
- სამწუხაროდ, ჩვენთან კარგად არ ესმით, რა არის ფასდაკლება: როდესაც მაღაზიას შემოსატანი აქვს ახალი საქონელი, ან ძველი უკვე აღარ არის მოდაში, ან მისი სეზონი გავიდა, მაშინ შეიძლება გამოცხადდეს ე.წ. სეილი, მაგრამ პროდუქცია უნაკლო უნდა იყოს. შეიძლება იაფად დეფექტიანი საქონელიც გაიყიდოს, მაგრამ მასზე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ამ საქონელს აქვს რაღაც ნაკლი ან რამდენიმე დღეში გასდის ვადა, მაშინ ეს ფასდაკლება კანონიერად ჩაითვლება. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ვერანაირად ვერ არეგულირებს ამას, თუ მომხმარებელი თვითონ არ გააპროტესტებს, მომატყუესო და როცა მომხმარებელი ხმას არ იღებს, მეწარმესაც ყველაფერი შერჩება ხოლმე.
- რამდენად გამართლებულია, როცა პრესტიჟულ მაღაზიაში, არსებული ინფორმაციით, ბაზრობაზე შეძენილ პროდუქციას ყიდიან?
- რა თქმა უნდა, ესეც მოტყუებაა. ფეშენებელურ მაღაზიაში მთელი მარკეტინგი, გარემო, დასახელება, ბრენდინგი მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ იქ მაღალი ხარისხის პროდუქცია იყიდება, მაშინ,