გურამ ოდიშარიას უწყება საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშია ეჭვმიტანილი?!

გურამ ოდიშარიას უწყება საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშია ეჭვმიტანილი?!

ბოლნისის რაიონ დაბა საყდრისთან მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო ხმაური დიდი ხნის წინ ატყდა. არქეოლოგთა ერთი ჯგუფის მტკიცებით, იქ უძველესი ოქროს მაღაროა ნაპოვნი, სადაც ოქროს მოპოვება საქართველოში ეგვიპტელებზე ადრეულ პერიოდში, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე-მესამე ათასწლეულში ხდებოდა. 2007 წლიდან, ანუ მას მერე, რაც ობიექტს ეს სტატუსი მიენიჭა, კვლევებს გერმანული “ფოლკსვაგენის ფონდი” აფინანსებდა. ექსპერტთა ნაწილისა და კულტურის სამინისტროს კომისიის მიერ დადებული დასკვნიდან კი ირკვევა, რომ იმ დროისთვის, დაახლოებით, 5 400 წლის წინ, ამ ტერიტორიაზე არსებულ პირობებში, ოქროს მოპოვება დაუსაბუთებელი და, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, ანუ თუ იქ მაღარო არსებობდა, მას სხვა დანიშნულება ჰქონდა და რადგან ასეა, მაშინ საყდრისი ჩვეულებრივი არქეოლოგიური ობიექტია და არა - ეროვნული კატეგორიისა და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი. მთავარი დავა სწორედ ამის გარშემოა: იქ ოქროს მაღარო არსებობდა და ტერიტორია, როგორც უნიკალური ძეგლი, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თუ მაღარო არ იყო და კერძო კომპანია RMG-ის შეუძლია, საყდრისი ოქროს მოპოვების მიზნით აითვისოს, ანუ აწარმოოს საქმიანობა, რის უფლებასაც ოდიშარიას უწყების მიერ გაცემული ლიცენზია აძლევს. კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარს სერიოზული ბრალდებები წაუყენეს... საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო მითია თუ სამეცნიერო თაღლითობა და ვის ინტერესებში შედის მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა? - “ქართული სიტყვა” „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, სოსო მანჯავიძეს ესაუბრა:

- 2006 წელს, საყდრისის ოქროს მაღარო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანეს და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას 2013 წლის 5 ივლისის 03-108-ე ბრძანებით კი, საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გაუუქმდა. 9 ოქტომბერს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, საყდრისში სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონაც გაუქმდა. რამდენიმე დღის წინ, საყდრისში ვიყავით, სადაც, ასევე, იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი სპეციალისტების ჯგუფი, მაგრამ “ერემჯი გოლდის” მიერ დაყენებულმა დაცვამ საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე, მდგომარეობის გასაცნობად, არ შეგვიშვა. საყდრისის ძეგლის გადარჩენა მხოლოდ საზოგადოების აქტიურობას შეუძლია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, თუ რა სიმდიდრესა და კულტურულ მემკვიდრეობაზე გვაქვს საუბარი.

- ბატონო სოსო, კულტურის სამინისტროს საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა რატომ აწყობდა?

- ამ ძეგლს ძალიან კარგად ვიცნობ და ვნახე, რომ მისი გარკვეული ნაწილი, ანუ ის, რაც ხილული იყო, ექსკავატორითაა მონგრეული. ასევე, დანგრეულია წყლის აუზი, რომელიც აუცილებელია მადნის გამდიდრებისთვის... მოკლედ, ძეგლის ის მონაკვეთი, რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს, სრულიად მონგრეული და მოსწორებულია, რელიეფი შეცვლილია, ძეგლი დაზიანებულია.

რაც შეეხება გურამ ოდიშარიას ინტერესებს, ის ამ სიტუაციაში უფრო განტევების ვაცია, ვიდრე - უშუალოდ დამნაშავე.

- თუმცა, ფაქტია, რომ ის, რაც თავის დროზე ნიკა რურუამ ვერ გაბედა, გურამ ოდიშარიამ გაბედა...

- დიახ, ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, რომ საყდრისის საბადო გადავარჩინოთ. ამიტომ, საქართველოს მთავრობას მივმართავ: გააჩერეთ ეს შეურაცხადები “ერემჯი გოლდი”! არ შეგრჩებათ ეს ვირეშმაკული დუმილი, თითქოს არაფერი იცით! საყდრისის დანგრევა საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და ამ დანაშაულზე პასუხს აგებთ! იმოქმედეთ, ვიდრე გვიან არ არის! მთავრობა უნდა აცნობიერებდეს, რომ პროცესის ქუჩაში გადატანა მისი უდიდესი მარცხი იქნება, ქვეყნისთვის კი, - ძალიან ცუდი.

- ბატონო სოსო, როგორც ვიცი, საყდრისის ოქროს საბადომ გერმანელი სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა...

- გერმანელი არქეოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით, საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა, სადაც გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოში, დაახლოებით, ათასი წლის შემდეგ გავრცელდა. “ფოლკსვაგენის” ფონდის გენერალური მდივანი, პროფესორი ვილჰელმ კრული, რომელიც საყდრისის ოქროს საბადოთი აღფრთოვანებულია, თვლის, რომ საყდრისის მაღარო მსოფლიოში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა. ამიტომ აღშფოთება გამოთქვა და განაცხადა, გაოგნებული ვარ იმით, რომ განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება. “საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც იმსახურებს, როგორც დაცვას, ასევე, მომავალ კვლევებს. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ ნებისმიერი სამთო წარმოება ძეგლზე და დააფუძნოთ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებით”, - ესაა ამონარიდი 2013 წლის 13 სექტემბრის ოფიციალური წერილიდან, რომლითაც მან საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

2004-2011 წლებში, “ფოლკსვაგენის” ფონდი, რომელიც სამეცნიერო და აკადემიური საკითხების სწავლების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი ძირითადი კერძო საფონდო ინსტიტუტია, მხარს უჭერდა და აფინანსებდა საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტს საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით. გრანტი 500 000 ევროზე მეტი იყო და ხორციელდებოდა საერთაშორისო სარეცენზიო პროცესის გათვალისწინებით. ამასთან, პროექტში ჩართულები იყვნენ საქართველოს ეროვნული და გერმანიის სამთო მუზეუმები, ასევე, საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა ინსტიტუცია.

მართლაც, პარადოქსთან გვაქვს საქმე: გერმანელები ამტკიცებენ, რომ საყდრისი უძველესი დროის ოქროს საბადოა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს უნდა ატარებდეს. ქართველები კი, ჩვენს სიმდიდრეს არ ვუფრთხილდებით და ფეხქვეშ ვთელავთ.

- ამბობენ, რომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საქმეში ყოფილი დეპუტატი დანაციონალებისმთავარ დამფინანსებლად შერაცხული კობა ნაყოფიაა გარეული. თუ იცით, ნაყოფიამ გურამ ოდიშარიასთან საერთო ენა როგორ გამონახა?

- ადრე კობა ნაყოფია “ნაციონალებს” აფინანსებდა, რათა ბიზნესის კეთების საშუალება მისცემოდა. ახლაც იგივენაირად იქცევა - ნაყოფიამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “ნაციონალებს” “ქართულ ოცნებასთან” უღალატა.

- იმის თქმა გინდათ, რომ კობა ნაყოფია ახლაქართულ ოცნებასაფინანსებს?

- რა თქმა უნდა, ასეა... რამდენიმე თვის წინ, ოდიშარიას შევხვდით და ვუთხარით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სამინისტრომ საყდრისთან დაკავშირებით: პირველი - თუ იქ იმ რაოდენობის ოქრო არაა, რამდენიც ამავე არეალში, საყდრისის დანგრევაზე საუბარი არც უნდა იყოს და მეორე - თუ ოქროს ძარღვი პირდაპირ ამ ძეგლის ქვეშ გადის, მაშინ ოქრო უნდა იქნას მოპოვებული შახტური წესით, თან ისე, რომ ძეგლს ზიანი არ მიადგეს. ოდიშარიამ დაგვაიმედა, ჩემს ინტერესებში შედის ძეგლის გადარჩენაო, თუმცა ახლა გავიგეთ, რომ ასე არ ყოფილა.

- ბატონო სოსო, თუ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რას აპირებთ?

- გაჩერებას არ ვაპირებთ და, პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყდეს და იქ სამეცნიერო კვლევები გაგრძელდეს. გარდა ამისა, პრემიერ ღარიბაშვილს წერილით საყდრისთან დაკავშირებული სიტუაცია ვაცნობეთ და ვთხოვეთ, სამინისტროების კოორდინირებული მოქმედება უზრუნველყოს და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნოს.