"საქართველოს ყველა მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, დადებითად შეაფასებს ხელისუფლების ასეთ რეგულარულ ანგარიშგებას საზოგადოების წინაშე, რასაც ჟურნალისტებთან შეხვედრა და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა ჰქვია. მე არ დავიწყებდი ჟურნალისტებთან შეხვედრების ტრადიციას მხოლოდ ივანიშვილიდან, რადგან შევარდნაძესაც ჰქონდა ასეთი ტრადიცია, მაგრამ, იმდენად დიდი წყვეტა მოხდა ცხრა წლის განმავლობაში, იმდენად შეაქცია ზურგი საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობას სააკაშვილმა, რომ დაგვავიწყდა კიდეც, ასეთი ვალდებულების წინაშე თავისთავად რომ არის ქვეყნის მეთაური. დემოკრატია მოითხოვს, რომ ვისი ფულითაც მუშაობს ხელისუფლება, მათ წინაშე რეგულარულად იყოს ანგარიშვალდებული, მიაწოდოს ინფორმაცია. რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან, თავად ფაქტი მისასალმებელია. მისასალმებელია ისიც, რომ ღარიბაშვილმა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დრო მთლიანად ჟურნალისტების კითხვებს დაუთმო. ამით პრემიერმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა, რომ მეტი დრო კითხვებისთვის დაეთმო. თუმცა, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ უკეთესი იყოს ერთგვარი შესავალი სიტყვა, რადგან ჟურნალისტები მაინც ამოდიან იმ თემებიდან, რომლებიც მედიაშია აქტუალური. შეიძლება, მთავრობის მეთაურს სხვა აქცენტები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდეს. განსხვავება პოლიტიკოსისა და ჟურნალისტების აქცენტებს შორის ყოველთვის იყო და იქნება", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით რამაზ საყვარელიძე - "ხელისუფლებამ ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს".
"საზოგადოებისთვის აქტუალურია ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში ტრიალებს, მაგრამ აქტუალური სახელმწიფოსთვის შეიძლება სხვა რამე იყოს, რაც საზოგადოებისთვის დაფარულია. ხშირად შეიძლება თუნდაც ექსპერტებმა, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებს თვალყურს ადევნებენ, სრულიად სხვა პრობლემა წამოსწიონ და ჟურნალისტებმა - სრულიად სხვა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღების მიპყრობა. ამდენად, ეს ყოველთვის არ გულისხმობს ერთმანეთს. ის, რაზეც მოსახლეობა ყურადღებას გაამახვილებს, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჟურნალისტების კითხვები უდავოდ იყო ის კითხვები, რომლებიც მედიასივრცეში ტრიალებს და ქართველი საზოგადოებაც, ნებსით თუ უნებლიეთ, იკვებება ამ თემატიკით. რამდენიმე შემთხვევაში ჰქონდა პრემიერს იმაზე აქცენტი - სხვა რამე მკითხეთ, ეს კითხვები გამეორდაო. ამ მონაკვეთში პრემიერის გაგება შეიძლება, როდესაც ვთქვი, შესავალი სიტყვა აუცილებელია, სწორედ იმიტომ, რომ შემხვედრი კითხვბებიც დაისვას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"რეგულარული ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ სრულდება დაპირება, რის გამოც აირჩიეს, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალაა, ძალიან მნიშვნელოვანია. დამკვეთი ამ შემთხვევაში ხალხია, ამომრჩეველი, რომელიც ინფორმირებული უნდა იყოს. რეგულარული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვს ხალხს. როგორც ერთ კონკრეტულ დამკვეთს, მაგალითად, მე მჭირდება რეგულარული ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ მიდის ის პროცესი, რომელშიც მე ვიხდი ფულს, ასევე მოქალაქეების რეგულარული ინფორმირებულობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის, რაც მიგვიღია რამდენჯერმე. მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ხალხი გვიან აღმოაჩენს, რომ თურმე მის მიერ დაქირავებული ხელისუფლება ისე არ იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს ან ისინი ელოდნენ. კომუნიკაცია დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი რგოლია. თუ ეს რგოლი არ არის მოწესრიგებული, ისე ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია", - ამბობს რესპონდენტი.
"ჩვენ, ყველა ვამბობთ, რომ დემოკრატია გვინდა, მაგრამ დემოკრატიის მექანიზმი რაში მდგომარეობს, რას გულისხმობს, რთულად გასაგებია. უპირველეს ყოვლისა, დემოკრატია გულისხმობს თავისუფალ არჩევნებს, მაგრამ, ამავე დროს - თავისუფალ და ინფორმირებულ არჩევნებს. ვგულისხმობ ინფორმირებული მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევნებს. ამიტომ ხშირად, ვისაც დიქტატურისკენ მიუწევს გული, ის თავისუფალი არჩევნების საშუალებას მისცემს ხალხს, მაგრამ ინფორმაციას არა, რომ სრული არჩევანი გააკეთოს მოსახლეობამ. ამდენად, ინფორმაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული მმართველობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატიასთან საქმე არ გვაქვს. თითქმის ყველა დიქტატორულ რეჟიმში, სადაც არჩევნები დაშვებული იყო, მაგალითად, საბჭოთა რეჟიმში ერთ-ერთი მექანიზმი იყო ის, რომ რეალური ინფორმაცია ხალხს არ ჰქონოდა და ამას პროპაგანდა ერქვა. თუ ეს რგოლი არ იქნა დაცული, მაშინ შეიძლება დიქტატურა მიიღო. ამიტომაა ეს რგოლი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ამიტომაა მისასალმებელი ხელისუფლების ეს სტრატეგია, რომ მან რეგულარულად ჩააბაროს ანგარიში მასმედიას", - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.