21 -ე საუკუნე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების, მათ შორის ფიჭური კავშირგაბმულობის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ბოლოხანს, ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, მობილური ტელეფონი, მისი ულიმიტოდ გამოყენებისას, შეიძლება უბედურების მომტანადაც იქცეს - ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ მოწყდნენ საკუთარ მობილურებს, მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება და ნაკლებად წარმატებულებიც არიან... ამ აქტუალურ საკითხზე თვალსაზრისს ფიზიკოსი, პროფესორი მერაბ ჯიბლაძე და კომუნიკაციების პიარ-ექსპერტი ელდარ პირმისაშვილი გვესაუბრებიან.
მერაბ ჯიბლაძე: - საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმის საუკუნეში მათთან გონივრულად მოქცევა უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და არა პირიქით. მობილური ტელეფონით დიდხანს საუბარი, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მოზარდებში ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს, რადგან ამ დროს ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე 2 გიგაჰერცს აღწევს, აღიძვრება იმავე სიხშირის ულტრაბგერა, რომლის ტალღის სიგრძე დაახლოებით ადამიანის ტვინის უჯრედის ზომისაა, რისგანაც უჯრედები იწყებს რხევას და მათი ნაწილი კვდება, ყოველი წუთი საუბრისა გარკვეული რაოდენობით უჯრედების სიკვდილს იწვევს, რაც შესაძლოა, 10-15 წლის შემდეგ გამოვლინდეს, ეს განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზრდა ტვინისთვის. ცხადია, ახლა მობილურ ტელეფონს ვეღარავინ შეეშვება, ამიტომ, რაც შეიძლება ცოტა უნდა ვისაუბროთ, უფრო ეს-ემ-ესებით, ტექსტის სახით გადავცეთ ინფორმაცია; ტელეფონით საათობით საუბარი სმენის ნერვსაც აზიანებს, შენიშნავდით, იმ ყურით, რომელზეც ხშირად გვაქვს მიდებული მობილური, უფრო ცუდად გვესმის. სწორედ ამიტომ საუბრობენ ევროპაში, როგორც წესი, ყურსასმენებით, რაც საგრძნობი შეღავათია. ტელეფონის გამოყენებისას ელექტრომაგნიტური ტალღის მიერ აღძრულ ულტრაბგერას ყველაზე ძლიერი ზემოქმედება მაშინ აქვს, როცა თქვენი მობილური უკავშირდება გადამცემ სადგურს და როცა მასში პირველი ზუმერი გაისმის, ამიტომ აპარატი გარკვეულ დისტანციაზე უნდა გვეჭიროს, ან ხმამაღლა მოლაპარაკეზე, ე.წ. ლაუდსფიქერზე ჩავრთოთ; საკმარისია საუბრისას მობილური ტელეფონი ყურზე 20 წუთი გვქონდეს მიდებული, მის ირგვლივ სხეულის ტემპერატურა ნახევარი გრადუსით იზრდება, ჩვენში კი განსაკუთრებით ახალგაზრდები, ღამითაც არ რთავენ მობილურს, ბალიშის ქვეშ უდევთ, თითქოს გადაუდებელი საქმეები აქვთ, რაც აშკარად საფრთხისშემცველია და რასაც ევროპასა თუ იაპონიაში ვერსად ნახავთ.
ელდარ პირმისაშვილი: - ჩვენთან ამ მხრივ განსაკუთრებული სიტუაციაა: მობილური ტელეფონის ხარისხი, დონე, არ არის დამოკიდებული მფლობელის სტატუსზე საზოგადოებაში, მის შემოსავალზე, დაბალშემოსავლიანი ადამიანებიც ყველაფერს აკეთებენ, ტყავიდან ძვრებიან, რომ რაც შეიძლება ძვირად ღირებული და მრავალფუნქციური ტელეფონი შეიძინონ. რისთვის გვჭირდება მობილური? - ეს ძალზე მნიშვნელოვანი კითხვაა, - კომუნიკაციისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესების ეპიცენტრში ვიყოთ, საქმისათვის თუ... სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა მობილურ ტელეფონზე, რისი დადებითი მხარე ის არის, რომ აადვილებს ურთიერთობას, შესაძლებელია მოვლენებზე სწრაფი რეაგირება, ინფორმაციის მიღება-გაგზავნა, უარყოფითი კი ისაა, რომ ადამიანს ხშირად მობილურისგან დისტანცირება უჭირს, რაც დამატებითი სტრესის მიზეზი ხდება, გაუცნობიერებლად მუდმივად ზარის ან მესიჯის ლოდინი საქმეზე კონცენტრირებაში უშლის ხელს, ეს ისეთივე მანიაა, როგორიც სიგარეტზე ან სასმელზე დამოკიდებულება. ადამიანები მობილურზე "მიბმული" სოციალური ქსელით ახდენენ თვითრეალიზაციას, ცდილობენ ვირტუალური გახადონ თავიანთი რეალობა, რაც კიდევ უფრო აჯაჭვავს მობილურს და ზომიერებას აკარგვინებს. ჩვენს თვალწინ იქმნება ახალი -
მობილურ-ვირტუალური საზოგადოება. ახალი არაფერი ხდება, მხოლოდ ფორმა იცვალა - 15 წლის წინ "მოდაში" იყო სახლის ტელეფონზე საათობით საუბარი, ახლა ყოველწუთს ეს-ემ-ეს-ებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. პირადი ურთიერთობები ეს-ემ-ესით მიმოწერამ და სოციალური ქსელებით კომენტარებმა ჩაანაცვლა, თან ასე უფრო ჩუმად ადევნებენ თვალს სხვის პირად ცხოვრებას, რადგან ხშირად, საკუთარი არა აქვთ... ეს არ ეხება მათ, ვინც კომუნიკაციებს საქმიანად იყენებს, თუმცა, ისინი არცთუ ბევრნი არიან. ჩვენში მობილური ტელეფონი თვითგამოხატვის ერთ-ერთ გზად იქცა, ანუ ნივთად, რის მიხედვითაც საზოგადოება გაფასებს. ხომ შეგიმჩნევიათ, დასხდებიან კაფეში თუ სხვა ადგილას, ყველა მაშინვე ჩანთიდან ტელეფონს ამოიღებს, მაგიდაზე დადებს და მის ირგვლივ ტრიალებს მთელი სამყარო.