ბენზინის ფასი საქართველოში -

ბენზინის ფასი საქართველოში - "ასეთი რამისთვის ამერიკაში ხალხი ციხეში მიდიოდა"

ენერგომატარებლები და მასზე ფასების ცვლილება ხშირად პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცევა ხოლმე. ბოლო ხანს საქართველოში ფასმა ყველა ტიპის ბენზინზე, საწვავზე მოიმატა. ამ მოვლენასა და მის თანმდევ პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

-ამჟამად საწვავის გაძვირება არა მსოფლიო ტენდენციით, არამედ ლარის კურსის მერყეობით, დაცემით არის გამოწვეული, საერთოდ კი ბენზინზე ფასების მკვეთრი ცვლილებისგან დაცულნი არ ვიქნებით, ვიდრე ქვეყანაში არ ამოქმედდება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, არ გვექნება ნორმალური კანონი "ფასიანი ქაღალდების შესახებ", სანამ თბილისში არ დაფუძნდება სანედლეულო ბირჟა თავისი ფინან­სური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფიუჩერსული ვაჭრობა, ანუ როცა მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება წინმსწრები კონტრაქტი, სადაც ზუსტადაა აღწერილი ნედლეულის ოდენობა, ფასი, ხარისხი, მიწოდების დრო და ადგილი. სანედლეულო ბირჟა ეკონომიკის ლოკომოტივია, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის.

-ანტიმონოპოლიურ კანონზე საუბრობთ, ანუ მიიჩნევთ, რომ კომპანიებს შორის ერთგვარი კარტელური გარიგებები ხდება?
-დღეს სულ 4-5 ფირმაა, რომელთაც შემოაქვთ ბენზინი, ერთი და იმავე ეშელონებით, ერთი და იმავე მწარმოებლებისაგან. ის, რომ ფასები სინქრონულად იცვლება, ბადებს საფუძვლიან ვარაუდს, ეჭვს, რომ მათ შორის კარტელური გარიგება არსებობს. ჩვენ ანტიკარტელური კანონმდებლობა გვჭირდება, ასეთი რამისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხი ციხეში მიდიოდა.

-ამ ხნის განმავლობაში რატომ არ შეიქმნა ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია, რატომ ვერ შემოდიან ახალი კომპანიები?
-ნავთობპროდუქტები ძალზე რთული სფეროა, ეს ხომ სუპერმარკეტში ხორცის გაყიდვა არ არის? ამ ფირმებს თავიანთი ბენზინგასამართი სადგურების ქსელი დასჭირდებათ. ახალი კომპანია რომ შემოვიდეს, ან ძველი უნდა იყიდოს მთლიანად, ან თვითონ უნდა შექმნას ეს ქსელი, რაც დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ამ სფეროში ძლიერ მოთამაშედ ჩამოსაყალიბებ­ლად კომპანიას, სულ მცირე, 7-8 წელი სჭირდება, საქართველოს ბაზარი კი ასეთი დიდი არ არის და ეს ყოველივე ამის შედეგია.