ზურაბიშვილის ქარტია, ანუ ძალაუფლების უზურპაცია

ზურაბიშვილის ქარტია, ანუ ძალაუფლების უზურპაცია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა -„ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“. ზურაბიშვილის ე.წ. ქარტიას არ უერთდებიან „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“. პრეზიდენტის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. შესაბამისად, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა.

„რატომ ქარტია? რომელზედაც ცოტას ლაპარაკობენ - ქარტია არის ევროპაში დაბრუნების სამოქმედო გეგმა, იმ გზაზე, სადაც ჩვენ გაგვაჩერეს და ახლა უნდათ, რომ იქიდან საერთოდ გადაგვიყვანონ. ქარტია არის ის, რაც გვაძლევს ძალიან რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას:

ახალი პარლამენტის შეკრების პირველივე დღიდან, როცა ამ ოთხი პარტიის მიერ შექმნილი უმრავლესობა შევა პარლამენტში, ეს ნიშნავს ყველა იმ კანონის გაუქმებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებებს, არამედ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირებულებებს და რომელიც არის სასწრაფოდ გასაუქმებელი. გათავისუფლება ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობდა მარტის აქციებში და არის დაკავებული ან დაჯარიმებული. ამ კუთხით სამართლიანობა სწრაფად უნდა დაბრუნდეს.

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი, მაგრამ არჩევანის დაცვა ხდება წინსწრებით, ხდება მობილიზაციით, არჩევნებზე მისვლით, აქ იქნება თუ საზღვარგარეთ და ვიცი, რომ იქ ძალიან ძნელი იქნება და ეს არის მაჩვენებელი, ხელისუფლებას თუ რამდენად ეშინია თავისი დიასპორის, იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანას გარედან ეხმარებიან და ამ ადამიანებს არ აძლევენ იმ ელემენტარულ უფლებას, რასაც ხმის უფლება ჰქვია. ეს არის ტოტალური დისკრიმინაცია და მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ის, რაც გამოსასწორებელია „ქართულ ქარტიაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ცხადია და ამაზე მიუთითებს მისი განცხადებები და გადაწყვეტილებები. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ქარტიის“ შემდგენი და ხელმომწერები ამბობენ, რომ ბანანის რესპუბლიკა ვართ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ნამეტანი მაღლა ავიდა პრეზიდენტი, რომელიც ქართველ ხალხს და სახელმწიფოს დაჰყურებს როგორც შეუმდგარ ერს და შეუმდგარ სახელმწიფოს.

„პრეზიდენტმა საქართველო „არანორმალურ ქვეყნად გამოაცხადა“. ეს ე.წ ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას ერთი წლით, ფაქტობრივად, არის დოკუმენტი, რომელიც ამ პოზიციაზე მართალია, ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტ მხარდაჭერილმა, მაგრამ ფორმალურად პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად. საქართველოს და ქართველ ხალხს თურმე არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას 4 წელი მართავს; თურმე დროებითი კონგლომერატები უნდა შეიქმნას. ასეთი რამ შეიძლება 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა, როდესაც რაღაც საბჭოები იქმნებოდა დესტაბილიზებულ ქვეყანაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ის არის ერთობის ინსტრუმენტი, სამოქმედო გეგმა, რაც გვაძლევს რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას. ასე არ ფიქრობს ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, ზურაბიშვილის ქარტია ნიშნავს იმას, რომ ნებადართული იქნება არასრულწლოვანთა უფლება ქირურგიულ ჩარევაზე სქესის შესაცვლელად. საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მედიასაშუალებებში ფართოთ შემოვიღებთ ლგბტ-პროპაგანდას. დაშვებული იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

„მიღებული იქნება პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონმდებლობა. კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქვეყნის ცხოვრებაში. აღიარებული იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რათა ქვეყანას მოეხსნას უკანასკნელი დაბრკოლება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამით იქნება აღსრულებული ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება ქვეყნის ნათელი მომავლის მისაღწევად. თუ ვინმემ ვერ გაიგო, რისი თქმა უნდა, მგონი მკაფიოდ განვმარტე. ერთი-ორი მსგავსი განცხადება და 120 მანდატი „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული ექნება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ცენტრალური საკითხი იქნება ის, რომ პარლამენტი, რომელიც აირჩევა, უფლებამოსილების ვადითაც შეზღუდული უნდა იყოს და ძირითადი მიმართულება უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის გაუქმება.

„იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, პირველ რიგში, გააუქმებს საკნონმდებლო პაკეტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ასევე გააუქმებს კანონს გამჭვირვალეობის შესახებ და დააბრუნებს იმ ვითრებას, რაც იყო მანამდე. ამის მერე ის დაასრულებს თავის უფლებამოსილებას და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ეს არის მცოცავი ოკუპაცია, რასაც სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს ორ ეტაპად. პირველი იქნება „ოცნების“ პარლამენტიდან განდევნა; მეორე ეტაპი იქნება „ოცნების“ მონაწილეობის გარეშე არჩევნების ჩატარება და ბუნებრივია, ძალაუფლების განაწილება ამ ოთხ მთავარ სუბიექტს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ქარტიას. რეალურად ეს არის ძალაუფლების უზურპაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.