"2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდა მოკლეს. შსს მაშინ ავრცელებდა ინფორმაცი-ას, რომ ახალგაზრდები პატიმარ გიორგი გორგაძესთან შეთანხმე-ბით, მსჯავრდებულების ციხიდან გაქცევის მიზნით, რუსთავის ციხეზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. მოკლულთა შორის პატიმარ გორგაძის 17 წლის ძმა, შოთა გორგაძეც იყო. პროკურატურამ სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრ ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე ბრალი წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით 13 იანვარს დაუმძიმა. მასთან ერთად ბრალდებულია გაქცეული მეგის ქარდავა. ახალაიას ადვოკატები წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და აცხადებენ, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს, რასაც სასამართლოში დაამტკიცებენ. ყოფილი პატიმარი გიორგი გორგაძე, რომელმაც ახალაიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება, "ყველა სიახლეს" ესაუბრა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე"სტატიაში სათაურით "მე მივეცი ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე" / "ჩემი ძმა რომ მოკლული იყო, ოთხი თვის შემდეგ გავიგე".
"დიახ, მე მივეცი ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მე ციხეში ვიყავი. ჩემი ძმა და მისი მეგობრები წალკიდან მოდიოდნენ. მე მათთან სატელეფონო კავშირი მქონდა. ნავთლუღში უნდა შეხვედროდნენ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ძმას, იქ კი ისინი ბაჩო ახალაიამ და მისმა სპეცრაზმმა ჩაცხრილეს. ჩემს ძმასთან ვრეკავდი, მაგრამ აღარ მპასუხობდა. ბოლოს ვიღაცამ მიპასუხა და მითხრა, შენი ძმის დედაც, ახლა შენთან მოვდივართ და შენი დედაცო. მეც ასევე ვუპასუხე, ამის შემდეგ, 5-10 წუთში, ზონაში სპეცრაზმი შემოვიდა ბაჩო ახალაიას თანხლებით. გამოგვიძახეს 6 ადამიანი. გადავედი ვახტაზე, სადაც მთელი ეზო სპეცრაზმით იყო სავსე. როდესაც დამინახეს, თქვეს, ეს არისო და მთელი სპეცრაზმი დამესია, უმოწყალოდ მცემდნენ - ხელკეტებით, ავტომატით, ფეხით… ცემის ბრძანება ბაჩო ახალაიამ გასცა და თვითონაც მონაწილეობდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გორგაძე.
"ამის შემდეგ ზონის გარეთ გაგვიყვანეს, კედელთან მიგვაყენეს. ბაჩო ახალაიამ თავისი ხელკეტით ჩამოგვიარა, გვცემდა და გვაგინებდა. შემდეგ ისევ დაგვესია სპეცრაზმი და მოსაკლავად რომ გაიმეტებ ადამიანს, ისე გვცემდნენ. მე ძირს ვეგდე. ახალაიამ იკითხა, ეს არისო? ამაყენეს ფეხზე. ბაჩო ახალაიამ წიხლი სახეში ჩამარტყა. ამის მერე აგვიყვანეს "ვორონკაში", 5-10 წუთის შემდეგ ისევ ჩამოგვიყვანეს დაბლა და გაგვაშიშვლეს, ჯერ კედელთან დაგვაყენეს, შემდეგ ძირს დაგვყარეს ტალახსა და თოვლში და შიშვლებს გვცემდნენ. ამის მერე წაგვიყვანეს N7 დაწესებულებაში. იქაც გვცემდნენ და მოითხოვდნენ, მეღიარებინა, რომ წალკიდან ჩემი ძმა და მისი მეგობრები ჩემთან მოდიოდნენ, თითქოს ციხის ადმინისტრაციას უნდა დასხმოდნენ თავს 2 არასრულწლოვანი და ერთი სრულწლოვანი ბიჭი. თითქოს მე უნდა გავეყვანე ზონიდან. ჩემს ძმას იარაღი თვალით არ ჰქონდა ნანახი. მოკლული რომ ჰყავდათ, ეგეც არ ვიცოდი. 4 თვის შემდეგ გავიგე გაზეთის მეშვეობით", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"N7-ში მეგის ქარდავა და სანდრო ხულორდავა 6 დღე აგრძელებდნენ ჩვენს ცემასა და წამებას. ჩემგან კვლავ აღიარებას ითხოვდნენ. 8 თვე წარმოდგენა არ ჰქონდა არავის, სად ვიყავი. შეიძლება ითქვას, ცოცხალთა საფლავში ვიყავი. 8 თვის განმავლობაში არავისთან არანაირი შეხება არ მქონია. არც ტელეფონით დამირეკავს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, იქიდან ცოცხალს გამომეღწია. გათავისუფლებას კი არა, იმას ვნატრობდი, რომ N7-დან სხვაგან გადავეყვანე ცოცხალი. ეს ის დაწესებულება იყო, სადაც სრულიად უმიზეზოდ შემოვარდებოდა სპეცრაზმი და ყველას სცემდა. ბაჩო ახალაია თითქმის ყოველ ღამე მოდიოდა, გაჰყავდა პატიმრები, ძირითადად მთვრალი იყო და უმოწყალოდ სცემდა პატიმრებს. ის ხმები მთელ შენობაში ისმოდა. ე.წ. ქურდებიც გაჰყავდა და სასტიკად უსწორდებოდა. ეს ის დრო იყო, სანდრო გირგვლიანის მკვლელები რომ დაიჭირეს. ისინი მეორე სართულზე ჰყავდათ. თითქმის ყოველდღე ბაჩო ახალაია და კიდევ ვიღაცები შემოდიოდნენ გირგვლიანის მკვლელებთან, შემოჰყავდათ ქალები. ისმოდა მათი კისკისი და სადღეგრძელოების ხმა. საკნების ფანჯრებიდან ვუყურებდით, მთვრალ ახალაიას, ვისაც მოისურვებდა, გაჰყავდა მეგისასთან ერთად კაბინეტში და სცემდა", - დასძენს გიორგი გორგაძე და შეკითხვას - "თქვენ რისთვის იხდიდით სასჯელს?" - პასუხობს:
"თითქმის 3 წელია გათავისუფლებული ვარ, სასჯელს ქურდობისთვის ვიხდიდი. 16-17 წლის ვიყავი, რომ დამაკავეს და იმის შემდეგ, რამდენჯერმე გაქცეული ვიყავი, მაგრამ არავითარი მკვლელობის ბრალდებით ან ვინმეს თანხლებით. ასეთი წარსული რომ მქონდა, ამიტომაც დაასვეს ეს ბეჭედი მომხდარს, თითქოს მე გაქცევას ვაპირებდი. ჯამში, 8 წელი ვიჯექი ციხეში".