"პროკურატურაში სერიოზული საკადრო პრობლემებია. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ოთარ ფარცხალაძის წასვლის შემდეგ ახალი კანდიდატურის შერჩევის გვარიანად გაჭიანურება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ კანდიდატს პასუხისმგებლობით არჩევენ. ყველამ ვნახეთ, სწრაფმა გადაწყვეტილებამ რა მოიტანა. საქართველოში ძნელია პატიოსანი და პროფესიონალი პროკურორების პოვნა, რადგან ეს სისტემა შევარდნაძის დროსაც და შემდეგაც სერიოზული კონტროლის ქვეშ იყო. თუ მანამდე საბჭოთა და შევარდნაძის პროკურორები იყვნენ, მათ ადეიშვილის პროკურორები ჩაენაცვლნენ. საქართველომ ნახა ორი ექსპერიმენტი: პირველი - პროკურორად დაინიშნა კბილაშვილი, რომელიც არ იყო პროკურორი და იყო ადვოკატი, ადვოკატის პროკურორობამ არ გაამართლა. მას მადლობა, მაგრამ ცხადად გამოჩნდა, რომ ამ სტრუქტურაში მისი პროკურორობისას სხვა პირები მართავდნენ ვითარებას. შემდგომ უკვე პროკურორად "ძალიან პროკურორი" დაინიშნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პრობლემები მის წარსულში იყო...", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით"ხელახლა რომ იხილებოდეს პოლიტპატიმრების საკითხი, ვიღაც-ვიღაცები სიაში ვერ მოხვდებოდნენ" / საქართველოში პატიოსანი და პროფესიონალი პროკურორების პოვნა ძნელია".
"რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ძალიან რთული პროცესია. ვისაც ეგონა, რომ ეს ერთ დღეში მოხდებოდა, შეცდა. უპირველესად რაც უნდა გაგვეკეთებინა, ეს იყო სამართლიანობის დამკვიდრება. ეს პროცესი, ვფიქრობ, წარმატებით მიმდინარეობს. ვერავინ იტყვის, რომ ვიღაცებს აწამებენ, აუპატიურებენ, ლაპარაკს უშლიან. საზოგადოებაზე წნეხი მოიხსნა, მაგრამ ეს ცოტაა. ხალხი ელოდება სამართლიანობის აღდგენას, თუმცა ეს პროცესი სწრაფად ვერ წარიმართება. უნდა შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოძებნის გარკვეულ ფორმებს ამ პროცესის წარსამართავად. რაც შეეხება ქონებრივ დავებს, საბოლოო ჯამში გაირკვევა, რომ ქონებას ვერავინ დაიბრუნებს, თუ ამ პროცესში სახელმწიფო არ ჩაერევა. ყველა წართმეულ ქონებაზე სახელმწიფომ თუ აიღო პასუხისმგებლობა, ერთ დღეს საქართველო მთლიანად დაიქცევა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვას - "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ახსენეთ, გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომისიის შექმნა გადაიდო..." - პასუხობს:
"გამოითქვა მოსაზრება, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო კომისიის შექმნა გადადებულიყო, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს საკითხი მოგვარდა. კომისია უახლოეს მომავალში შეიქმნება და საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი ჩამოყალიბდება. იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს, უპირველესად უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ თვითონ არ ჩაიდინოს უსამართლობა, თანაც სამართლიანობის აღდგენის სახელით. ასეთი რამეები უკვე მოხდა. მაგალითად, დღეს ხელახლა რომ იხილებოდეს პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ვიღაც-ვიღაცები ამ სიაში ვერ მოხვდებოდნენ და პოლიტიკური პატიმრის სახელით ნახევარ საზოგადოებას ვერ დააწიოკებდნენ".
"საქართველოს ხელისუფლება ორმაგი დარტყმის ქვეშაა - ოპოზიცია გაიძახის, არავინ დააპატიმროთო, ხალხი ამბობს, ყველა დააპატიმრეთო, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება არგუმენტირებული იყოს ეს ბრალდებები. თუკი ვინმეს ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ჰგონია, იმას, აბა, რაზე უნდა ველაპარაკო?! როგორ შეიძლება სინდისის პატიმარი იყოს მერაბიშვილი, რომელსაც სინდისი არასდროს ჰქონია?! "ნაციონალური მოძრაობა" ამ რიტორიკით დასავლელი პარტნიორების მოტყუებას თავდაპირველად ახერხებდა, მაგრამ დღეს ამის აღარავის სჯერა. "ნაციონალები" ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის თაობაზეც კი იმას გვეუბნებიან, ჩვენი ვანო გამოუშვით და მერე ჩვენც მოგვინდება თბილისში დაბრუნებაო", - დასძენს რესპონდენტი.
"ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია თუ მიხეილ სააკაშვილი? თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ გამოძიება დაიწყება, სააკაშვილის დანაშაული აუცილებლად გამოიკვეთება და ის დასაპატიმრებელი აღმოჩნდება, მაგრამ უღირს კი ეს ქვეყანას, რომელიც ასეთი არჩევანის წინაშეა: ევროკავშირი თუ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება, ანუ მომავალი თუ წარსული. ეს ამ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა. ჩემი აზრით, შეიძლება ეს საკითხი სხვაგვარადაც გადაწყდეს. ის გმირად არ გამოვაცხადოთ, მაგრამ არც დავიჭიროთ", - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.