თაღლითები, მოძალადეები და ავანტურისტები - ტექნიკური მთავრობის მონახაზი მზადაა

თაღლითები, მოძალადეები და ავანტურისტები - ტექნიკური მთავრობის მონახაზი მზადაა

სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ „დაამარცხა“ და ახლა უკვე ტექნიკური მთავრობის ფორმირების პროცედურებს იწყებს. ორბელიანების სასახლეში გამართული ბოლო ბრიფინგი ცხადყოფს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილეა.

„ეს არის სამოქმედო გეგმა, ტექნიკური მთავრობა, პროფესიონალების მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები“. დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომაა ახლა დაშვებული, რომ ცდილობენ პოლიტიკურ-კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია“, - აცხადებს პრეზიდენტი და თვლის, რომ ეს არის კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც ასევე არსებობს ევროპაში. შესაბამისად, იგი სთავაზობს პარტიებს, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრებების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია დამოუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დადგნენ და ემსახურონ საქართველოს.

„იტალიამ და საბერძნეთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები. ეს თავისთავად დეპოლარიზაციაა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა არჩევნების მოგება.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით, როგორც კი იგი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. ქარტიაში მთავარი არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად რუსული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. შესაბამისად, პარლამენტიდან სასწრაფოდ გამოწვევა ყველა იმ კანონის, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინსპირაციას. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამ ქვეყანას რაც აკლია, არის პროფესიონალები. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ, მართავენ არათუ სფეროებს, თვალი რომ გადაავლოთ „ქართული ოცნების“ მინისტრებს, მიხვდებით, რომ სრული ქაოსია. ელემენტარული განათლება არ აქვთ, როგორ უნდა მართონ, მაგალითად, ჯანდაცვის სფერო, ეკონომიკა ან სოფლის მეურნეობა. ამიტომაც ვართ ამ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ჯერ საკადრო საკითხების განხილვის დრო არ არის. ახლა აუცილებელია, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს არჩევნებზე და შეთანხმდეს კოალიციის ფორმირებაზე.

„სანამ მთავრობის დაკომპლექტებამდე მივალთ, მანამდე აუცილებელია, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებზე და შეთანხმდეს კოალიციის ფორმირებაზე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და მე ვიტყოდი, რომ ჯერ გადავხტეთ და ჰოპ - მერე დავიძახოთ. საკადრო საკითხების განხილვის დრო არ არის, ტექნიკური მთავრობა იქნება ეს, პროფესიონალური თუ ნაწილობრივ პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული, რადგან ახლა, უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ არ დავუშვათ „ოცნების“ გამარჯვება.

ერთი თვეა ზუსტად დარჩენილი, ამაში სჭირდება ოპოზიციას ერთიანი ფრონტი, კოორდინირებული მუშაობა, ამაში სჭირდება ოპოზიციას მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც დახმარება, ხოლო როდესაც გავიმარჯვებთ, მთავრობის საკადრო საკითხებზე საუბარი გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, კონსტიტუციითა და მოქმედი სამართლით „ტექნიკური მთავრობის“ ცნება საზრისს მთლიანად მოკლებულია, ხოლო პოლიტიკური განზრახულობის თვალსაზრისით, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები - ძალაუფლების უზურპაციის ნება სუვერენული ხალხის ნების საპირისპიროდ. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მოქმედი კონსტიტუციით, საქართველო საპარლამეტო წესწყობილების ქვეყანაა, სადაც მთავარი პოლიტიკური ორგანო გახლავთ ხალხის მიერ დემოკრატიულდ არჩეული პარლამენტი, რომელიც ქმნის ანგარიშვალდებულ, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობით დამოუკიდებლად მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებას - საქართველოს მთავრობას.

„თუკი, წინასწარ და მსგავსი იმპერატიული ტონით გამოცხადდება, რომ პარლამენტის ნების „ზემოთ“ და ხალხის ნების მიღმა, არსებობს ისეთი „უზენაესი ნებაც“, რომელიც მთავარ პოლიტიკურ ორგანოს უზღუდავს უფლებამოსილების კონსტიტუციურ ვადას, ხოლო მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად წინასწარ ადგენს წინა პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმებას, ხოლო მთავრობას ოდენ რიგგარეშე არჩევნების მომზადების „ტექნიკურ“ ფუნქციას ანიჭებს, ცლის რა მას ყოველგვარი თავისუფალი პოლიტიკური ნებისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან, ეს - სხვა არც არაფერია, თუ არა ანტიკონსტიტუციური შეთქმულება ძალაუფლების უზურპაციის მიზნით“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი შეფასებით, გამაოგნებელია, რომ ასეთი მოწოდებით გამოდის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც კონსტიტუციურობის მაგალითი და გარანტი უნდა იყოს და იგი დიამეტრალურად საპირისპიროს სჩადის.

„ყოვლად უტიფრად საკუთარ თავს უზურპატორად გვთავაზობს და ოპოზიციურ პარტიებს ამ შეთქმულებაში უშუალოდ რთავს, ხელს აწერინებს რა ე.წ. ქარტიაზე, რაც სახელმწიფო ღალატის მორიგ ოფიციალურ დოკუმენტად უნდა მივიჩნიოთ. ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ მისი ნებაა უზენაესი და არა ხალხისა და მისი მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოსი - მომავალი პარლამენტისა, აღარაფერს ვამბობ ამგვარი პოლიტიკური განზრახულობით აპრიორულად, ამთავითვე, უკიდურესად დამცირებულ და შეურაცხყოფილ მომავალ ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე.

ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ეს ე.წ. პრეზიდენტი მხოლოდ ცრუმაგიერი პირია, ხოლო რეალურად უზურპატორი სწორედაც „გლობალური ომის პარტიაა“. როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტია ისევე, როგორც თავისი მექანიკური ტიკინა დააყენა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად, აქ სალომეს აყენებს იმავე ყაიდის მექანიკურ ინსტრუმენტად იგივე შინიაარსის უზურპაციისა, რაც მთელი პლანეტის მასშტაბით სურს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.