„იდიოტები თეთრ სახლში“, - სწორედ ასე აფასებდა ერნესტ ჰემინგუეი შეერთებული შტატების ადმინისტრაციას“

„იდიოტები თეთრ სახლში“, - სწორედ ასე აფასებდა ერნესტ ჰემინგუეი შეერთებული შტატების ადმინისტრაციას“

საქართველო ამხელს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას უმაღლესი ტრიბუნებიდან. მხილებისთვის მსოფლიოში სიტუაცია მომწიფებულია. მხილება შეიძლება გაჟღერდეს გაეროს ტრიბუნიდან, ასევე, მსოფლიოს ყველა წამყვანი ტრიბუნიდან, - აცხადებს მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ირაკლი კობახიძემ ამერიკასთან ურთიერთობის გადახედვაში იგულისხმა არა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა, არამედ ურთიერთობის თვისებრივად გადახედვა, რომ ჩვენ აღარ გვჭირდება უფროსი მეგობარი, არამედ ჩვენ გვჭირდება თანასწორუფლებიანი პარტნიორი. რა რესურსი აქვს საქართველოს, რომ გადახედოს პოზიციას ამერიკასთან მიმართებით, რადგან ამერიკის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნის სამართლიანი პრეტენზიები საქმის გარჩევად აღიქვას?

- ამერიკასთან პოზიციის გადახედვის რესურსი ნამდვილად არსებობს, ეს არ არის ზედმეტი განცხადება, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარ პოზიციას გადავხედოთ. რა თქმა უნდა, არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ეკონომიკურად, ფინანსურად საქართველოს შეუძლია საპასუხოდ რაიმე პრობლემები შეუქმნას ამერიკას. სხვათა შორის, ამერიკა არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი პარტნიორი ეკონომიკის დარგში საქართველოსთვის. ნახეთ ინვესტიციები და შეადარეთ სხვა ქვეყნებს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ საქართველოს აქვს ძლიერი მორალური და პოლიტიკური უპირატესობა. რაში მდგომარეობს ეს უპირატესობა? წლების განმავლობაში, უკვე 12 წელიწადია, რაც ოცნება ხელისუფლებაშია და საქართველოს შეფასებები, რომლებსაც იძლევიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც პროფესიონალები სხედან და მათ არ აინტერესებთ პოლიტიკური კონიუნქტურა, არ აინტერესებთ, ბუშს კარგი ურთიერთობა აქვს საააშვილთან, თუ არ აქვს, ისინი ზომავენ, რა ხდება საქართველოში. ამ ინდექსების მიხედვით, საქართველომ წლების განმავლობაში საოცრად გაიუმჯობესა პოზიციები, ეს არის არნახული ზრდა, თითქოს სხვა ქვეყანა ვიყავით და სულ სხვა გავხდით. მართლაც, ეს იყო ქვეყანა, სადაც ათი ათასი ბიზნესმენი იძულებული იყო, ხელი მოეწერა და გადაეცა მთელი თავისი ქონება სახელმწიფოსთვის, ანუ სააკაშვილისა და მისი ხროვისთვის, ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ უკვე 12 წელიწადია, არც ერთ ბიზნესმენზე არავითარი ზეწოლა და ბიზნესის გადაფორმება არ ყოფილა. ნაცების დროს მასობრივი და სისტემური წამება იყო დამკვიდრებული ციხეებში, მათ შორის, კარანტინის დაშლისას ყოველ პარასკევს წითელ პარასკევს ეძახდნენ. იბარებდნენ რეგიონებიდან რეგიონალური პოლიციის ხელმძღვანელობას, პირველ პირებს, მოადგილეებს, მათ აცემინებდნენ პატიმრებს, ვინც გაჰყავდათ კარანტინიდან უკვე კამერებში და ამას იღებდნენ, რომ კომპრომატი ჰქონოდათ. დემოკრატიის ინდექსით საქართველო მე-15 ადგილზე ავიდა ერთ წელიწადში 30-ე ადგილიდან პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების დამოუკიდებლობისა და თანასწორუფლებიანობის ინდექსში და გაასწრო დიდი შვიდეულის ხუთ ქვეყანას: შეერთებულ შტატებს, კანადას, საფრანგეთს, იაპონიას და სხვა ქვეყნებს. ასევე, ეკონომიკური ინდექსებითაც პირველად საქართველომ მიიღო საშუალოზე მაღალი შემოსავლის სტატუსი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში და გაუსწრო ნავთობით და გაზით მდიდარ აზერბაიჯანს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით. ასევე, გაუსწრო სომხეთს, უკრაინას და მოლდოვას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მიანიჭეს თავისუფალი სახელმწიფოს ქვეყნის სტატუსი. Atlantic Council- მა, ამ ძალიან ცნობილმა და ძლიერმა ორგანიზაციამ საქართველოს გარდა არც ერთ სხვა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია (უკრაინა, მოლდოვა) არ მიანიჭა ეს სტატუსი. ისმის კითხვა, რომელსაც მე ვსვამდი ყოველთვის და ახლა შეიძლება მთავრობამაც თქვას მთელი მსოფლიოს გასაგონად, სანამ სააკაშვილის უმძიმესი დრო იყო და ეს არ იმალებოდა, იგივე სტრუქტურები სიმართლეს წერდნენ იმ საშინელ რეჟიმზე, ამის მიუხედავად, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არც ერთი სანქცია არ გაუცია. სანამ სამართლიანი სასამართლო არ არსებობდა და ამას წერდნენ საერთაშორისო სტრუქტურები, რომ გამამართლებელი განაჩენი იყო 0,4%, მაშინაც კი არც ერთი მოსამართლე არ იყო სანქცირებული. როდესაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სააკაშვილის რეჟიმს, რომ ხელისუფლების სამი შტო, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი: სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ერთ მუშტად არის შეკრული საქართველოში, რომ დაფაროს დანაშაული, რადგან თვითონ არიან დამნაშავეები, არც მაშინ არავინ დაასანქცირეს. დღეს კი აბსურდული სიტუაცია იქმნება, როგორც კი საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე და დიდი შვიდეულის ხუთ ქვეყანაზე უკეთესი ინდექსები, როდესაც ეს ყველაფერი შედგა, მაშინ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, როგორც ჩემი საყვარელი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი წერდა, იდიოტები თეთრ სახლში, სანქციები დაუწესა კონკრეტულ პიროვნებებს. ჩვენ ამას მთელი მსოფლიოს გასაგებად ვამბობთ, რომ ეს არის ყბადაღებული მიკერძოება და სიცრუე სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ქართველები ამდენი წელიწადია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევდით.

ეს ნიშნავს, რომ უნდა ვამხილოთ ამერიკა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ყველაფერს პატიობდა და არც სანქციებს იყენებდა მის წინააღმდეგ და არც უარყოფით შეფასებებს?

- დიახ, ეს შეიძლება გაჟღერდეს გაეროს ტრიბუნიდან, მსოფლიოს ყველა სხვა წამყვანი ტრიბუნიდან. მთელი მსოფლიოს მასმედიაში ეს იქნება პირველ გვერდებზე - საქართველო ამხელს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. ამისთვის ატმოსფერო და ამინდი მსოფლიოში მომწიფებულია.

ერთხელაც ამხილა საქართველომ ამერიკა, ანუ ზვიად გამსახურდიას პერიოდში, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან, მაგრამ ჩვენ მაშინ ვიგემეთ მამა ბუშთან დაპირისპირება. ამჯერად მხილების მეორე ტალღა უპრობლემოდ ჩაგვივლის?

- იმ პერიოდში საქართველოს არც ერთი ეს ინდექსი მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებში არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა. მაშინ აღშფოთებული და შეშფოთებული უცხოური გაზეთები, რასაც მე ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, ესპანურად და იტალიურად დედანში ვკითხულობდი, წერდნენ, რომ საქართველოში ოპოზიციის მოქმედება სიურეალისტურ ხასიათს იღებს, კაცმა ხელები აღაპყრო, გადავკეტოთ სამტრედია და დავაჩოქოთ კრემლიო, გადაკეტა შუაგულ საქართველოში რკინიგზა იმ იმედოთ, კრემლი დაიჩოქებდა. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ 1989 წელს, ზვიად გამსახურდია ჯერ არც იყო პრეზიდენტი. ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო და ეძინა კიდეც იმპერატორ ალექსანდრეს ლოგინში, თუმცა ამის შემდეგ რა მოუწია, ყველამ ვიცით, ანუ კრემლმა არ დაიჩოქა. ამდენად, როცა ზვიადმა მკვდარი თევზების შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, სამწუხაროდ, ამას რეზონანსი არ ჰქონდა მსოფლიოში. იმასაც წერდნენ, რომ, სამწუხაროდ, ყოფილმა დისიდენტებმა სხვა ქვეყნებშიც აჩვენეს, რომ კრიტიკა შეეძლოთ, მაგრამ ქვეყნის მართვა საერთოდ არ შეეძლოთ. ახლა ვითარება შეცვლილია, ახლა საქართველომ არნახული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური წარმატება მოიპოვა, რაც დადასტურებულია ობიექტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საქართველომ ერთხელ უკვე არ ისურვა უფროსი ძმა რუსეთის სახით და რუსეთს ჩამოვშორდით. ამერიკას რომ ჩამოვშორდეთ, რა პერსპექტივა გვექნება - ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი?

 - ამერიკას როგორი ჩამოშორებულებიც ვიყავით სინამდვილეში, ისეთებად ვრჩებით. აბა, მითხარით, რეალურად ამერიკის ყოფნის ნიშნები საქართველოში თუ არსებობს?

აგვისტოს ომის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკა მხოლოდ წყლითა და პამპერსით დაეხმარა საქართველოს.

- გემიდან არაფერი გადმოუტანიათ, გემი შევიდა ბათუმში და გავიდა ბათუმიდან, იდგა რეიდზე, მეტი არაფერი. თვითმფრინავი რომ ჩამოფრინდა, ეს იყო სიმბოლური ჟესტი, იქაც არაფერი არ იყო, არანაირი იარაღი, მხოლოდ ჰუმანიტარული პაკეტები იყო. ამაზე მეტად იმ პერიოდში სოკარი დაგვეხმარა.

სამაგიეროდ, ამერიკელები გვაყვედრიან, რომ საქართველოს დიდი ფინანსური დახმარება გაუწიეს 30 წლის განმავლობაში.

- ამდენი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით ამერიკული ინვესტიციების გარეშე. რაც შეეხება ნჯო-ებს, მინდა დაგარწმუნოთ, მათ ამერიკული დაფინანსება არ დააკლდებათ, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც ეს დაფინანსება. ასე რომ, თუ ვინმე ნერვიულობს, ახლა ამერიკასთან ურთიერთობა წახდა და რას იზამენ ჩვენი ნჯო-ებიო, ყველას გადაეცით ჩემგან, ისინი არ იზარალებენ. განა ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა ამერიკა? არასოდეს. ბრწყინვალე მაგალითია ჩეხეთი, ნატოს სრულყოფილი წევრი ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 9 მილიონია, ჩეხეთს ჰყავდა გაგზავნილი 100 კაცი საერთაშორისო მისიებში, ხოლო ნატოს არაწევრი ქვეყანა საქართველო, რომელსაც ნატოში შესვლის ნულოვანი პერსპექტივა აქვს, სანამ რუსის ჯარი აქ დგას, სააკაშვილის ახირებით, რომ მერე თვალს დახუჭავდნენ მის დანაშაულებზე, ათას ჯარისკაცს აგზავნიდა. საქართველო სრული ჩემპიონი იყო ამ მხრივ. რასმუსენი იქნებოდა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანი და სენატორი, ყველა ამბობდა, რომ უსათუოდ აღსანიშნავია საქართველო, რომელმაც გაიღო ასეთი კონტინგენტი და იქვე დასძენდნენ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უახლოვდება ნატოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რამდენად გამოგვადგება, გავყინოთ ამერიკასთან ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის ახალ არჩევნებამდე მაინც?

- ჩვენ არ ვყინავთ ამ ურთიერთობას, მაგრამ შესანიშნავმა ამერიკელმა მეცნიერმა დუგ ბენდოუმ, რომელიც თავის დროზე რეიგანის თანაშემწე იყო, 2008 წელს დაწერა, რომ მაპის მიცემა სააკაშვილისთვის იგივეა, რაც კლინიკურ იდიოტ ბავშვს ხელში მისცე ტყვიამფრქვევი. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომელიც გამაოგნებლად რბილია, დუგ ბენდოუმ დაწერა, რომ ეს არის ამერიკის ამპარტავნული იმპერიალიზმის სრულმასშტატიანი მანიფესტაცია საქართველოში. ხოლო მეორე გამოჩენილმა ამერიკელ- ბრიტანელმა მეცნიერმა, მსოფლიოში სახელის მქონე ისტორიკოსმა, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ანატოლ ლივენმა დაწერა, ნუ ექცევით საქართველოს, როგორც დასავლეთის კრეატურას, ანუ შექმნილ წარმონაქმნს. მისი თქმით, ამით ამერიკა საპირისპირო შედეგებს იწვევს. საქართველოს მთავრობა არ ხურავს კარს, მას უნდა ურთიერთობა ამერიკასთან, მაგრამ, უკაცრავად, როდესაც ვაშინგტონიდან გეტყვიან ელჩის პირით, აი, ახლა გეპატიჟებით, თქვენ გეძლევათ დიდი პატივი, ჩამოხვიდეთ და გქონდეთ შეხვედრები თეთრ სახლში და იქ ვიმსჯელოთ ამ კანონზე, ოღონდ ამასობაში თქვენმა პარლამენტმა შეაჩეროს ამ კანონთან დაკავშირებით მსჯელობაო, ეს არ არის შეურაცხყოფა?

ამ ხელისუფლების პირობებში საქართველომ გააცნობიერა, რომ ამერიკასთან მიმართებით დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნა არ არის სასურველი. მაშინ რას უნდა ველოდოთ, ავიღოთ ტაიმ აუტი, სანამ ახალი ადმინისტრაცია არ მოვა ამერიკაში?

- არ შევაჩეროთ ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვთქვათ სიმართლე. აქამდე ჩვენ ვითვალისწინებთ პარტნიორობას, გვესმოდა ეს ყველაფერი და თავს ვიკავებდით...

რუსეთის მოსათოკად გვაწყობდა, რომ სტრატეგიული პარტნიორები გვერქვა ჩვენ და ამერიკას. თუმცა რამდენად აშინებდა ამერიკა რუსეთს და რა გარიგებები იყო მათ შორის, ვინმემ იცის?

- რუსეთი ხალისობდა ამით. მედვედევმა, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტი იყო, საჯაროდ თქვა, მაპი რომ მიეცათ ბუქარესტში, მაშინ გაცილებით უფრო ხისტი და ძლიერი იქნებოდა ჩვენი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზეო. როდის იყო, რუსეთს შეშინებოდა ამერიკის? ეს იოტისოდენად რომ ყოფილიყო, საერთოდ კიევს არ შეუტევდა რუსეთი. მით უმეტეს, იმ დროს, როცა უკრაინაში ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს ავარჯიშებდნენ. საქართველოს მართლაც მოუწევს პოზიციის გადახედვა ამერიკასთან მიმართებით იმ მხრივ, რომ თუკი გაგრძელდება ასეთი ყბადაღებული უსამართლობა, მათ ვამხელთ უმაღლესი ტრიბუნებიდან.

მხოლოდ მხილებაა ჩვენს არსენალში? ჩინეთთან უფრო მეტი ინტეგრაციაც ხომ არ შედის პოზიციის გადახედვაში?

- ჩინეთთან ინტიგრაცია ისედაც მიმდინარეობს. ჩვენ ვერ შევეჯიბრებით იმ ინტეგრაციას, რაც ამერიკას აქვს ჩინეთთან. სულ ცოტა, უკვე 30 წელიწადია, ეკონომისტებში მსოფლიო დონეზე დამკვიდრებულია ტერმინი კიმერიკა, რაც ნიშნავს ერთიან ეკონომიკას - ჩაინა ამერიკას. ეს არის ერთი მთლიანი განუყოფელი ეკონომიკა, რომლის ბრუნვაც მილიარდობით დოლარს აღწევს თვეში. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის ბრუნვა ჩინეთთან დღეში აღემატება ორ მილიარდ ევროს. ამის შემდეგ შევეჯიბროთ ჩინეთთან ინტეგრაციაში ან ამერიკას, ან ევროკავშირს. როდესაც ხმელთაშუა ზღვის პორტების დიდი ნაწილი, დაწყებული ისრაელის პორტით, არის ჩინეთის ხელში, ასეთ დროს ანაკლიაზე როგორ ბედავენ ლაპარაკს? ანაკლიაში ცოცხალი თავით არ უნდა შემოსვლა ამერიკას და ყველა დანარჩენს ეშინია, რუსეთი რომ დაგიყენებს რეიდზე ხომალდებს. სამაგიეროდ, რუსეთი ჩინეთს ვერ დაუყენებს ვერაფერს, ხმასაც ვერ ამოიღებს.

 

 

 

 

არაგველი641 მე ამ დიდებული ქართველის ფანი ვარ!!!
ბ-ნი პეტრე ჩვენი ისტორიაა!!!
2 თვის უკან