"როდის დაასახელებს მთავარი პროკურორის კანდიდატურას პრემიერი ღარიბაშვილი? ეს კითხვა დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე "ალიასთან" საუბრისას ამბობს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით პრემიერ-მინისტრს არ აქვს განსაზღვრული ვადები, როდის დანიშნავს მთავარ პროკურორს. "კონსტიტუციაში პროკურორის თაობაზე არაფერია ნახსენები, წერია მხოლოდ ის, რომ კანონით განისაზღვრება. არსებობს კანონი პროკურატურის შესახებ, თუმცა ამ კანონში არ არის განსაზღვრული, რა პერიოდში შეუძლია იუსტიციის მინისტრს, წარუდგინოს პრემიერს მთავარი პროკურორის კანდიდატურა და რა ვადებში უნდა დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრმა", - ამბობს ხმალაძე", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ გადაიფიქრა ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის წარდგენა?
"ალია" გასულ კვირას წერდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შერჩეული ჰყავდა მთავარი პროკურორის ორი კანდიდატურა. მათგან ერთ-ერთი მთავარი პროკურორის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე იყო. ამ ეტაპზე შოთაძის კანდიდატურის დასახელებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მედიაში. მათ შორის "ალიაც" წერდა, რომ შოთაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის იმ დეპარტამენტში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფინანსურ პოლიციას. ფინანსური პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონობების შესახებ კი ამჟამად მთავარ პროკურატურაში ასეულობით საჩივარია შესული. ამის გამო, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შოთაძეს, ფარცხალაძის მსგავსად, უკანონო ქმედებების ფაქტებს გაუხსენებდნენ. სწორედ ამიტომ, შოთაძის კანდიდატად განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ალიას" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გასულ შაბათს გეგმავდა მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელებას, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟის გამო ეს პროცესი გადაიდო. აი, რას უყვება "ალიას" წყარო: "დაგეგმილი იყო კანდიდატურის დასახელება. იყო რამდენიმე კანდიდატზე საუბარი, რომელთაგანაც ერთ-ერთის გვარის გახმოვანებას გეგმავდა ირაკლი ღარიბაშვილი. მაგრამ შოთაძის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა ეს პროცესი შეაფერხა, არა იმის გამო, რომ შოთაძე შეიძლებოდა გამხდარიყო მთავარი პროკურორი, არამედ იმის გამო, რომ დაიწყეს ყველა შესაძლო კანდიდატის ბიოგრაფიის ძირეული გამოკვლევა", - ამბობს წყარო.
"როგორც ჩანს, ხელისუფლება ფრთხილობს, რომ ფარცხალაძის შემთხვევაში დაშვებული შეცდომა აღარ განმეორდეს და "ნაციონალებს" საპიარო თემა არ მიეცეს, ამიტომაც დაიწყეს კანდიდატთა ბიოგრაფიების საფუძვლიანი შესწავლა. "ალია" გასულ კვირას წერდა ერთი უცნობი კანდიდატის შესახებაც, რომლის სახელისა და გვარის გაჟღერების უფლება წყარომ არ მოგვცა, თუმცა ამ ადამიანის ვინაობაც და ბიოგრაფიული შტრიხებიც ჩვენთვის ალტერნატიული წყაროებიდან გახდა ცნობილი. როგორც შევიტყვეთ, პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსს, ალექსანდრე ფერიაშვილს განიხილავს. როგორც "ალიას" წყარომ განუცხადა, ამჟამად ფერიაშვილი ყველაზე რეალური კანდიდატურაა და არ არის გამორიცხული, პრემიერმა სწორედ მასზე შეაჩეროს არჩევანი", - დასძენს გამოცემა.