კულტურის მინისტრმა ოპერის საკითხის გადასაწყვეტად დრო ითხოვა

კულტურის მინისტრმა ოპერის საკითხის გადასაწყვეტად დრო ითხოვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან დაკავშირებით გადაწყეტილების მისაღებად დრო ითხოვა. ოპერის შემოქმედებითი კოლექტივის ერთი ნაწილი გურამ ოდიშარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას,  თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს, ვინაიდან, მათი განცხადებით, გიორგი ჟორდანია არაკომპეტენტურია და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. ოპერის შემოქმედებითი კოლექტივის მეორე ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება.

2 საათზე მეტხანს გაგრძელდა დახურულ კარს მიღმა  ოპერისა  და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის ერთი ნაწილის  შეხვედრა  კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან. თეატრის მომღერლები მინისტრისგან მოითხოვდნენ თანამდებობიდან გადაეყენებინა გიორგი ჟორდანია და შემოქმედებითი კოლექტივისთვის  შესაძლებლობა მიეცა თავად აერჩია სამხატვრო ხელმძღვანელი. მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპერის სოლისტმა ვანო გალუაშვილმა განაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ მინისტრმა ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოო:

„მოთხოვნა იყო გიორგი ჟორდანიას გათავისუფლება, უფლების შეწყვეტა, რომ  ის იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი. ამაზე მინისტრმა გაგვცა პასუხი, რომ ჩვენ ამაზე დავფიქრდებით, ჩვენ ამაზე  მოვილაპარაკებთ. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია ეს. უბრალოდ, ახლა უნდა მოვიფიქროთ შემდგომი - როგორი ფორმა უნდა მიეცეს თეატრის მომავალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევას. აქ არის კანონმდებლობა და თეატრის შიდადებულება, სადაც შესაცვლელია ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ თეატრის შემოქმედებითმა დასმა აირჩიოს სამხატვრო ხელმძღვანელი. მე პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ ახლა  გიორგი ჟორდანიას ბედი გადაწყვეტილია. თეატრი განიხილება ჟორდანიას გარეშე. უბრალოდ, მინისტრმა გვთხოვა ერთი დღე მოსაფიქრებლად“.

მოუხედავად გარკვეული სკეფსისისა, თეატრის მთავარმა დირიჟორმა ჯან ლუკა მარჩიანომაც თქვა, რომ ფორმალურად სამხატვრო ხელმძღვანელის საკითხი გადაწყვეტილია:

„ბოლომდე სკეპტიკოსად ვრჩები, ანუ  ვიდრე არ ვნახავ შესაბამის დოკუმენტს. როცა მას ვნახავ, მაშინ ვიტყვი: ჩვენ გავიმარჯვეთ. მანამდე კი შემიძლია გითხრათ: დიახ, ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ხვალ მე მინდა შესაბამისი ქაღალდიც მქონდეს“.

კულტურის მინისტრს შეხვედრის დასრულების შემდეგ თავისი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი უთქვამს. კომენტარი მინისტრის მოადგილემ, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გააკეთა და დასძინა, რომ ამ თემაზე შეხვედრები ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის:

„მე ვესწრებოდი შეხვედრას და მინისტრმა თქვა, გავიზიარებ ყველა იმ პრეტენზიას, რაც თქვენ თქვით, განვიხილავთო და ხვალ-ზეგ აუცილებლად მოგახსენებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი და კულტურის სამინისტრო“.

სანამ კულტურის მინისტრი ოპერის შემოქმედებითი დასის იმ ნაწილს ხვდებოდა, რომელიც ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლებას, ასევე ამ თანამდებობის არჩევითობას და 15-კაციანი სამხატვრო საბჭოს შექმნას ითხოვს,  შეხვედრაზე დასწრების სურვილით კულტურის სამინისტროში ის შემსრულებლებიც  გამოჩნდნენ, რომელთაც გიორგი ჟორდანიას საქმიანობა თეატრში სავსებით სამართლიანად და კვალიფიციურად მიაჩნიათ. ოპერის წამყვანმა სოლისტმა მაყვალა ასპანიძემ თქვა:

„შეამცირა ხელფასები, იმიტომ რომ მე, მაგალითად, 10 წლის განმავლობაში ვიყავი ოპერის სოლისტი და უმრავლესობა ჩემზე ნახევარი ხელფასით მეტს იღებდა და  ჟორდანიამ რომ დააბალანსა და დააფიქსირა ყველაფერი, ამის შემდეგ სკანდალი  გამოაცხადეს“.

სამი დღის წინ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომღერლების, ორკესტრისა და გუნდის უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად რეპეტიცია დატოვა. ისინი სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი ჟორდანიას, პრეტენზიებს უყენებდნენ და დაუყოვნებლივ მის გადადგომას მოითხოვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეპეტიციებზე დასწრებაზე უარს აცხადებდნენ. როგორც ოპერის სოლისტმა ირაკლი მურჯიკნელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთი წლის წინ გიორგი ჟორდანია  იმ პირობით  დაინიშნა სამხატვრო ხელძღვანელად,  რომ იქნებოდა მმართველი, არ იდირიჟორებდა და არ გაათავისუფლებდა თანამშრომლებს, თუმცა პროტესტის მიზეზი სწორედ მის მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი აღმოჩნდა:

„მოსვლისთანავე, რამდენიმე თვეში, მხოლოდ ოფისიდან 45 ადამიანი იქნა გათავისუფლებული და 6 იანვარს, შობის წინა ღამეს, გაათავისუფლა კიდევ 3 მუსიკოსი ორკესტრიდან. ეს, მე მგონი, არ არის სწორი, არ არის მართალი და არ არის დასაბუთებული“.

თავად გიორგი ჟორდანია თავის აზრს მას შემდეგ გამოთქვამს, როცა კულტურის მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თეატრის შესახებ კანონის მიხედვით, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს მინისტრი ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პოსტი არჩევითი გახდება, შესაბამისი ცვლილება იქნება განსახორციელებელი.