ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ მნიშვენლოვანია ოპოზიციის მხრიდან შეიქმნას ბლოკების ისეთი კონფიგურაცია, რაც საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა გახდება. ერთ-ერთ ბლოკად და ასეთ ფორმულად კი „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანება განიხილებოდა. თუმცა, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ორივე პარტია ცალ-ცალკე აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ არშემდგარმა გაერთიანებამ რეპუტაციულად დიდი ზიანი მიაყენა როგორც გახარიას, ასევე ხაზარაძის პარტიასაც. მისი შეფასებით, „გახარია - საქართველოსთვის“ მხრიდან გაერთიანებაზე მზადყოფნის გამოხატვა უცნაურია მაშინ, როდესაც პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ არჩევნებში ორნიშნა მაჩვენებელს აუცილებლად მიიღებდნენ, რაც საკანონმდებლო ორგანიში მოხვედრის გარანტიაც იქნებოდა.
„ვფიქრობ, გახარიას და „ლელოს“ გაერთიანებას უკვე წერტილი დაესვა. როგორც მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ არჩევნებზე ცალ-ცალკე გავლენ და სამომავლოდ, პარლამენტში ითანამშრომლებენ. ასე რომ, გაერთიანების საკითხს არჩევნებამდე წერტილი დაესვა, რადგან გახარიამ ცალსახად განაცხადა, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა, იგივე განაცხადა „ლელომაც“ - ეს თემა უკვე დახურულია.
როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, არშემდგარი გაერთიანების და ამის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟით, ამასთან სალომე ზურაბიშვილის მაჭანკლობით, რეპუტაციული ზიანი მიადგა. გახარიას პარტია ბოლო მომენტამდე აცხადებდა, რომ მას ჰქონდა მხარდაჭერის ორნიშნა მაჩვენებელი, შესაბამისად, თუ მათივე სიტყვებს დავეყრდნობით, მათ პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასეც არ იყო საქმე: დღეს მოვისმინე მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი მზად იყვნენ ყველაფერი დაეთმოთ გაერთიანების სანაცვლოდ - თუკი ასეა საქმე, გამოდის, რომ ეს პარტია არ ყოფილა ძლიერი და თვითკმარი პოლიტიკური ორგანიზაცია, თუკი მზად იყვნენ ყველაფერი დაეთმოთ.
მამუკა ხაზარაძეც არ მოიქცა მთლად კორექტურად: თუკი ის წარმოადგენს იმ კოალიციას, რასაც ჰქვია „ძლიერი საქართველო“ და იქ მყოფილი წევრები არიან თანასწორუფლებიანი სუბიექტები, წესით, სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებზე ისინიც უნდა ყოფილიყვნენ. ამ შემთხვევაში, მე ვიზიარებ ლევან ცუცქირიძის პრეტენზიას ამის თაობაზე. გამოდის, რომ ეს ხალხი „ლელოს“ და ხაზარაძის ფრთის ქვეშ გაერთიანდა და ეს რაღაცნაირად აკნინებს ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რაც მათთვის მიუღებელი იყო“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მაინც, რამდენი ბლოკით შეიძლება გავიდეს ოპოზიცია, რომ ეს გამარჯვების ფორმულად ჩაითვალოს? ანდა, კონკრეტულად რომელი პარტიები შეიძლება ვიხილოთ ამ ბლოკებში? - ამ კითხვებზე საპასუხოდ ზაალ ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ დიდ ცვლილებებს აღარ ელოდება.
„დღეს ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, სადაც მან სამეულს: „გირჩი“, „დროას“ და „ახალს“ მოუწოდა, რომ შეუერთდნენ „ნაცმოძრაობას“. ფაქტობრივად, ის უბრუნდება იმ იდეას, რაც თავიდანვე წამოაყენა, რომ ოპოზიციას შეექმნა ერთიანი საარჩევნო სია, რომელიც უარყოფილ იქნა.
გახარიას პარტიას ახლა მოუწევს ძალიან სერიოზული მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, რომ მოახდინოს იმ პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანის მინიმიზება, რაც მან მიიღო ამ არშემდგარი გაერთიანების შედეგად.
მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზზე ასეთ ძალას. მეტ-ნაკლებად მეინსტრიმული პოლიტიკური ძალები უკვე გაერთიანდნენ, ვისაც კი ჰქონდა სურვილი, მოტივაცია და საჭიროება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, პარტიები რამდენად რეალისტურად შეაფასებენ მათ შანსებს - დაეშვებიან მიწაზე, ყოველგვარი ზედმეტი ამბიციების გარეშე შეაფასებენ იმას, აქვთ თუ დამოუკიდებლად პარლამენტში მოხვედრის შანსი. მათ ამისთვის 26 სექტემბრამდე აქვთ ვადა. ეს ისეთი მცირე დრო არის, რომ ვფიქრობ, დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა, ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სამი მძლავრი ბლოკით გასვლა. მისივე თქმით, ეს არის გამარჯვების გარანტი და ყოველგვარი რისკებისგან თავის დაზღვევა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობას მიაღწია, როცა მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდა, მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად კიდევ ერთი გაერთიანება იყო საჭირო.
„ოპოზიციამ მიაღწია უპრეცედენტო ერთობას, მართლაც რომ წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვის წინ ის, რომ მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდებოდა. მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად საჭირო იყო კიდევ ერთი გაერთიანება. რა თქმა უნდა, სამი დიდი ოპოზიციური ბლოკი ჯობია ოთხს. თუ ეს გაერთიანება შედგა და მე იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ დამარცხების ტოლფასი იქნება. მსგავსი გაერთიანებების პროცესში ყოველთვის, რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები, ინტერესები, უამრავი საკითხი, რომელიც შესათანხმებელია, მაგრამ სიბრძნე, პასუხისმგებლობა და პოლიტიკური მომწიფებულობა, თუნდაც მთელი პოლიტიკური კლასისა, იმაში მდგომარეობს რომ კომპრომისების გამონახვა შეძლონ. კომპრომისი ყოველთვის მხარეებს შორის რაღაცის დათმობას ნიშნავს. მინდა დავიჯერო, რომ ძალიან სწრაფად, ალბათ, დღეს საღამომდე ეს ახალი, მძლავრი ბლოკი შედგება, რომელიც ასევე როგორც ჩანს, ზურგმომაგრებული იქნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლის შემქმნელი იქნება ამ არჩევნებში“, - აღნიშნა გოცირიძემ.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, იქ წარსული წყენები, შეცდომები თუ ბევრი რამ უკვე მეასეხარისხოვანია.
„მიუხედავად განსხვავებულობებისა, პირადი დაძაბული ურთიერთობებისა, როდესაც მსგავსი გაერთიანება იქმნება, ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებული პრობლემის გაცნობიერებაზე და პოლიტიკური კლასის სიჯანსაღეზე, ვინაიდან ეს არის მთავარი პრობლემა - ქვეყანა არის გადასარჩენი, რომ ქვეყანა კვლავ რუსეთს არ ჩაუვარდეს ხელში.
სამი მძლავრი ბლოკით გასვლა - ეს არის გამარჯვების გარანტი და ყოველგვარი რისკების თავიდან დაზღვევა. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი პროცესია და ველოდებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, - დასძინა რომან გოცირიძემ.
საერთოდ ეს გაერთიანებების მოთხოვნა, ბარიერის ვერ გადალახვის შიშით არის გამოწვეული, რაშიც დასავლელი შემკვეთები თითქმის დარწმუნებული არიან და ამით თავს იზღვევენ, რათა დაქსაქსულ ხმებს პირველ ადგილზე გასული აითვისებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცნებას შანსი აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. თუ გახარია, ახალი და ხაზარაძე ბარიერს ვერ გადალახავენ მათი მოპოვებული ხმები ოცნების ყულაბაში აღმოჩნდება და საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებილი ექნება, რაც დამკვირვებლებად წოდებული საერთაშორისო დამკვეთებისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ აძალებენ ორ ბლოკად გაერთიანებას. აქეთ ფრანგი პენსიონერია პანიკაში, არსად არ მივცივარ მე, ისევ პრეზიდენტობა მინდაო.
ისე ბლოკები აკრძალულიო და ეს გაერთიანებები ბლოკები არ არის?