9 იანვრის "ალიაში" უკვე დავწერე იმის თაობაზე, რატომ დაითხოვეს რამდენიმე ბრალმდებელი მთავარი პროკურატურიდან... მართალია, ისინი აცხადებენ, ჩვენი განთავისუფლება იძულებით მოხდა, სამართლიანობა აღადგინეთ და სასწრაფოდ დაგვაბრუნეთ თანამდებობაზეო, მაგრამ "ქრონიკის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქმე გვაქვს თითქმის დაუჯერებელ კურიოზულ მოვლენასთან. რამდენიმე ამონარიდი "ალიაში" გამოქვეყნებული სტატიიდან:
"მაგალითად, პროკურორმა გიორგი ნოზაძემ, როგორც კი თავი თბილ სავარძელში დაიგულა, საქმეების შესწავლა-გამოძიების ნაცვლად, თანამშრომლების კარიკატურების ხატვას მიჰყო ხელი, ერთ დღესაც უცნაური მუზა ეწვია და დახატა, როგორ ტ...ნავდა მის ერთ-ერთ კოლეგას ცხენი. ამაზე "დაზარალებული" პროკურორი ავარდა და ატყდა ბათქი, ლამის დალეწეს მთელი შენობა... მაშინ, როცა ასეულ ათასობით ადამიანი პროკურატურიდან ელოდებოდა პასუხს წართმეული ქონებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ნოზაძეები და ძმანი მისნი კარიკატურების ხატვით იყვნენ დაკავებულები!
ლევან ბუაძე - მთავარი პროკურატურის სამმართველოს ყოფილი უფროსი. ამაზე თანამშრომლები დღემდე იცინიან... როდესაც მას "ვორდის" ფაილში როგორღაც წერა ასწავლეს და ერთი გვერდი რის ვაი-ვაგლახით ჩაამთავრა, ჩათვალა, რომ ფურცლები გაუთავდა და მდივანს ქაღალდი მოსთხოვა, რათა კომპიუტერში ჩაეტვირთა. ლევან ბუაძე ელექტრონულ ფოსტას პრინციპულად არ იყენებდა, შეიძლება წერილები გზაში დაიკარგოსო.
დავით მჭედლიშვილი - მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. იყო და არის ერთ-ერთი სალომბარდო კომპანიის ("დ კრედიტი") დამფუძნებელი. მისი მეტსახელია "ინდაური" და ტიპი მევახშეობს ოფიციალურ დონეზე. როდესაც მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა, თავისი სალომბარდო ბიზნესი გადააფორმა ოჯახის წევრებზე. მჭედლიშვილის წინააღმდეგ არსებობს ასეულობით საჩივარი, ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ტიპი მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და ამ პერიოდში, ანუ 2013 წელს მისმა სალომბარდო დივიდენდმა შეადგინა 500 ათასი ლარი. მჭედლიშვილი ზურაბ ადეიშვილის აღზევების პერიოდში იყო კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე, 2005 წელს ქრთამის აღების ფაქტზე კუდ-მა გააბა, მაგრამ რაკი ადეიშვილთან ახლობლობდა, მხოლოდ მოხსნა აკმარეს.
შოთა რეხვიაშვილი - მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე. ეს ადამიანი გახლავთ კომპანია "თბილქარის" გენერალური დირექტორი, რომელმაც თავის დროზე გაიმარჯვა ყვითელი "მარშრუტკების" ტენდერში. ალბათ, გახსოვთ, იმ პერიოდში აღნიშნულ ტენდერს დიდი სკანდალი მოჰყვა, მაგრამ ძმებ შარანგიებისა და გიგი უგულავას წყალობით, გამარჯვებული რეხვიაშვილი გამოვიდა!
კახი წერეთელი - საპროცესო ზედამხედვლეობის დეპარტამენტის უფროსი. თავის დროზე მუშაობდა გიორგი ყავლაშვილის სადავოკატო კანტორაში, რომელიც განსაკუთრებულ საქმეებზე ჩალიჩობდა მურთაზ ზოდელავასთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად.
მიხეილ ორჯონიკიძე - თბილისის პროკურატურის პროკურორი. ამ ადამიანმა თავი მხოლოდ იმით გამოიჩინა, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელმაც განცხადება დაუწერა, თვითონ ის დაიბარა და უთხრა: ეს კინკილა ფურცელი რაში მჭირდება, ამ საქმის ირგვლივ გამოძიება ჩაატარე და მასალები მომიტანეო.
ნანა სოხაძე - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი. სანამ არჩილ კბილაშვილი მიიყვანდა პროკურატურაში, იყო ადვოკატი სამოქალაქო საქმეებში. ამიტომ, როგორც კი გაპროკურორდა, მხოლოდ იმ საქმეების დამთავრებაზე დაიწყო ფიქრი, რაც მას ჰქონდა ადვოკატობის პერიოდში.
აი, ასეთი კადრების დაწინაურება დაიწყო არჩილ კბილაშვილმა და შედეგიც სახეზეა: 1 წლის განმავლობაში, რაც კბილაშვილი ხელმძღვანელობდა პროკურატურას, საქმეების გამოძიების დაწყებაზე უარი ეთქვა 4 ათას დაზარალებულს".
არჩილ კბილაშვილის სხვა "საგმირო საქმეებზე" ქვემოთ კიდევ მოგითხრობთ... ახლა კი თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, როგორ დაადასტურა მთავარმა პროკურატურამ 11 იანვარს "ალიას" მიერ მოპოვებული ინფორმაცია:
"მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, გიორგი ნოზაძის მიერ ჩადენილი იქნა პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი სქაციელი. კერძოდ, სამუშაო საათებში ფოტოშოპის საშუალებით, გაშარჟების მიზნით, შექმნა კოლეგის შეურაცხმყოფელი ფოტო, რასაც სამსახურში თანამშრომლებს შორის ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, ის ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები, არ ფლობდა გამოძიების, კანცელარიისა და ინტრა-ნეტის ელექტრონულ პროგრამებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება".
აქვე, მთავარი პროკურატურა მოკლედ განმარტავს, რომ არჩილ კბილაშვილმა 2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე თანამდებობებზე დანიშნა 202 ადამიანი - 153 პროკურორი და 49 გამომძიებელი. სამსახურიდან განთავისუფლდა 65 თანამშრომელი, საიდანაც 59 იყო პროკურორი და 6 გამომძიებელი. ოთარ ფარცხალაძის პროკურორობის პერიოდში დაინიშნა 17 ახალი თანამშრომელი, მათ შორის, 3 პროკურორი... ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოიყვანეს 5 გამომძიებელი.
ამავე პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეს 17 თანამდებობის პირი, აქედან 12 პროკურორი და გამომძიებელია. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განმარტებაში ჩამოთვლილია, რამდენი წავიდა სამსახურიდან პირადი განცხადებით, რამდენს შესთავაზეს ალტერნატიული სამსახური, რამდენი იყო პენსიონერი და ასე შემდეგ. ახლა კი მივადექით თემას, როგორ, რატომ და რანაირად გაება უხერხულ სიტუაციებში თავად არჩილ კბილაშვილი? ალბათ, გახსოვთ, როგორ გამოდიოდა ტელევიზიით მთავარი პროკურორი და როგორ აანონსებდა ამა თუ იმ საქმის გახსნის თაობაზე... მას აშკარად ეტყობოდა, რმ ტყემალზე იჯდა და ბლის კურკებს ისროდა, ანუ საქმეების მასალებს არ იცნობდა. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც კბილაშვილს ხელახლა გაახმაურებინეს, ეს გახლავთ "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობა. სანამ კბილაშვილი პირს გააღებდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოვიდა და "სატოპკე" ააგდო, მსჯავრდებული გია გვიჩიანის საქმე აუცილებლად გადაიხედებაო. თუ საქართველოში ეს საქმე არ გადაისინჯებოდა, სტრასბურგის სასამართლო შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს მიმართავდა. წესით, ჭკადუამ არ უნდა იცოდეს, სტრასბურგიდან საქართველოს რა სახის რეკომენდაციით მიმართავდნენ, მაგრამ, როგორც "ქრონიკასთან" საუბარში ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს, მას კბილაშვილისგან ჰქონდა "დაბრო" და იმასაც დაჰპირდა, რომ ცოტა ხანში ამაზე თვითონაც გააკეთებდა განცხადებას.
ცნობისთვის: მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედება ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა... "თელასის" ფინანსური მენეჯერი, ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გია გვიჩიანი 2006 წლის 7 მარტს დააკავეს, რომელსაც უვადო პატიმრობა შეეფარდა. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ირმა ჭკადუამ და ზაზა ხატიაშვილმა კბილაშვილის ხელშეწყობით საქმე ხელახლა განხილვაში დააბრუნეს დიდი ფულის სანაცვლოდ. როდესაც სასამართლოში პროკურორებმა გვიჩიანის დატოვება მოითხოვეს უვადო პატიმრობაში, ადვოკატები სახტად დარჩნენ, ეს საქმე არჩილ კბილაშივლთან "გაიასნებული" გვქონდა, ახლა რა ხდებაო? სხვათა შორის, გამომძიებლებმა ვერ მოძებნეს რაიმე გამამართლებელი მტკიცებულება, რის მიხედვითაც გვიჩიანს ციხიდან გამოუშვებდნენ. არავინ იცის, არის თუ არა გარეული კბილაშვილი ფინანსურ მაქინაციებში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის ისევ დაუბრუნდა საადვოკატო საქმინაობას... როდესაც თანამდებობიდან გადადგა, სურვილი ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილს გადაჰყოლოდა სამოქალაქო სექტორში, მაგრამ ამ უკანასკნელმა ახლოს აღარ გაიკარა.
მეორე სკანდალური საქმე: ალბათ, გახსოვთ, რა მოხდა 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში - მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, განახორციელა ტერორისტული აქტი. უთუოდ ისიც გემახსოვრებათ, რომ, როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრი გახდა, შამათავა და ძმანი მისნი დააკავეს. დღემდე ბევრმა არ იცის, რომ შამათავას ბრალი წაუყენეს მკვლელობაშიც - მის მიერ მოკლულია თეიმურაზ გაფრინდაშვილი. ამ უკანასკნელის ცოლმა 2005 წელს დიღომში შამათავას დეიდას მიჰყიდა ბინა, რომელიც ფულს არ იხდიდა ბოლომდე. თეიმურაზ გაფრინდაშვილი დაჟინებით ითხოვდა ბინის საფასურის გადახდას, შამათავამ ის ერთ დღესაც წაიყვანა ზუგდიდში, საკუთარ კაბინეტში ჩამოახრჩო და შემდეგ ანაკლიის ერთ-ერთ ჭაობში "ჩამარხა". არჩილ კბილაშვილმა ამ შემთხვევაშიც "ივაჟკაცა", რომან შამათავა კი ჩასვეს ციხეში ხურჩის ტერაქტის გამო, მაგრამ მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს. აქ მან ასპარეზი მთლიანად დაუთმო "ნაცების" ადვოკატებს, გიორგი ონიანსა და რომეო საჯაიას.
თავის დროზე, ტყუილად არ ამბობდნენ, არჩილ კბილაშვილი ისევ ადვოკატად დარჩა, მან ვერ გაიგო, რომ მთავარი პროკურორიაო. ფაქტია, რომ ეს ასეც იყო, მაგრამ ახლა გასარკვევია, ადვოკატად თავისი სტაჟის გამო რჩებოდა თუ მავან ადვოკატებთან ჰქონდა საეჭვო გარიგებები? ამის გარკვევა უკვე მისი "მშობლიური" პროკურატურის პრეროგატივაა და ალბათ, ამ საქმეების გამოძიებაც მალე დაიწყება.