პრეზიდენტის სასახლის სახურავს შავი „ბოლი“ ბურავს

პრეზიდენტის სასახლის სახურავს შავი „ბოლი“ ბურავს

ორდღიანი ლოდინი იმით დამთავრდა, რომ ორბელიანის სასახლის საკვამურის თავზე თეთრი კვამლი არ გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. „გახარია საქართველოსთვის“ და ხაზარაძეს „ლელოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. პარტიამ „საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ლელომ“ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ეს განცხადება, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა მოხდა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.

„სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი გიორგი გახარიასა და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები, ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროკავშირის გზაზე. იცით, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი. 2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება, პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას.

ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. მოგვიანებით ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე, მზად ვარ. ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე ტექნიკური საკითხებია. მე პირადად შევძელი, ბადრიმაც... დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, კოალიციაშია ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან კოალიციაში პარტნიორები, მე მათ პატივს ვცემ“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თავის მხრივ გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მიდიოდნენ უდიდეს დათმობაზე, მათ შორის მზად იყვნენ, პარტია დაეთმოთ. როგორც ანა ბუჩუკური აცხადებს, „ლელოს“ ლიდერისგან მოისმინეს, რომ მზად არიან ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რაც მათთვის უცნობია. შესაბამიად, მოუწოდებენ ხაზარაძის პარტიას გამოაქვეყნონ აღნიშნული დოკუმენტი.

„ჩვენ მივდიოდით უდიდეს დათმობაზე, მზად ვიყავით, პარტია დაგვეთმო. ერთადერთი, რაც მამუკა ხაზარაძეს უნდა გაეკეთებინა, უნდა მოეხდინა შეთანხმება პარტნიორებთან პარიტეტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სხვადასხვა სპეკულაცია მოვისმინე და ეს სპეკულაციები მინდა, რომ გამოირიცხოს. მოვისმინე თითქოს 16:00 საათზე გიორგი გახარია უნდა ყოფილიყო შეხვედრაზე და ეს ასე არ არის - არანაირი შეხვედრა მას ჩანიშნული არ ჰქონია. ასევე მოვისმინე, რომ თითქოს მეორე მხარისთვის მოულოდნელი იყო ჩვენი პოზიცია მაშინ, როდესაც ჩემი თანდასწრებით გახარია ტელეფონით ესაუბრა მამუკა ხაზარაძეს.

რაც შეეხება, ზოგადად, პროცესის მიმდინარეობას - ერთი მხრივ, ბატონი მამუკა ამბობს, რომ კოალიციის ლიდერია და საუბრობს კოალიციის სახელით და მოლაპარაკებებზე ზის და ამის პარალელურად მისი პარტნიორები ზუსტად იმავე დროს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი შესაძლო პარტნიორობის საჭიროებას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთადერთი, რაც „ლელოს“ უნდა გაეკეთებინა, უნდა მოეხდინა შეთანხმება მის პარტნიორებთან და სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მან ვერ მოახერხა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩაიშალა შეთანხმება „ძლიერი საქართველოს“ წევრის, „თავისუფალი მოედნის“ ხელმძღვანელის, ლევან ცუცქირიძის განცხადებაა:

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილის პარტია. ამიტომ არის ის მოსაზრებები, რომელიც არის კოალიციის შიგნით. ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ მოწონება-არმოწონებაზე, ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის არა პირადი საკითხები, არამედ ის, თუ რა არის სწორი, პრინციპული და სტრატეგიული გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ამ დრომდე განცხადებას არ აკეთებს ამ გაერთიანების ინიციატორი სალომე ზურაბიშვილი. უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, იმდენად კარგად ესმის უკვე ქართველ ამომრჩეველს ამ თამაშის არსი, დარწმუნდნენ, რომ ამის გაკეთება არ ღირდა და გასცეს ახალი განკარგულება, რომ ეს პროცესი გაჩერებულიყო.

„ისინი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არ არიან. ამ შეკვეთის გამცემები დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს სპექტაკლი, რომ ვითომდა, ქართულ შიდა პოლიტიკაში საქართველოს გადარჩენის რაღაც გლობალური პროცესი ხდებოდა, რომელსაც სათავეში ედგა სალომე ზურაბიშვილი, „დემოკრატიის დედა, აღარ გამოვიდოდა. იმდენად გაიშიფრნენ, იმდენად კარგად ესმის უკვე ქართველ ამომრჩეველს ამ თამაშის არსი, დარწმუნდნენ, რომ ამის გაკეთება არ ღირდა და გასცეს ახალი განკარგულება, რომ ეს პროცესი გაჩერებულიყო“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, იმსახურებს, იცხოვროს ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს.

„ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად კორექტული ფორმით გამოვხატე ჩემი განწყობა, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კორექტული ფორმითაც“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება იმ დიდი, ეროვნული გამარჯვების მედროშე, რომელსაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი იზეიმებს.

„ბუნებრივია, ვერ ჩავერევი სხვა ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებში და კომპეტენციაში, რომ თავიანთი პარტიების ფარგლებში მიაღწიონ შეთანხმებებს. მიმაჩნია, რომ ნამდვილად მაქსიმალური კონსოლიდაცია არის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ყველაზე სწორი გზა, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე, რომ ჩვენ ვიქნებით გამარჯვების ავანგარდში. სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, დიახ, ჩვენ ვიქნებით იმ დიდი ეროვნული გამარჯვების მედროშე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის საღამოს ქართველი ხალხი იზეიმებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანალიტიკოსებ სოციალურ ქსელში ეხმიანებიან გახარია-ხაზარაძის ძალდატანებით ქორწინებას. „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერ: გახარია-ხაზარაძის „ექსტრაკორპორული განაყოფიერება“ მათივე ვერშემდგარი ტანდემის საარჩევნო სიაზე კონსულტაციებმა ჩაშალა. 10-კაციან სიაში ხუთი ადგილი მე მინდაო, გახარიამ, ხოლო დანარჩენი ხუთი შენმა კოალიციამ გაინაწილოსო მამუკ: ელისაშვილმა, ჯაფარიძემ, დოლიძემ და კიდევ იმ ვიღაცამო. არაო ხაზარაძემ, ეგრე არ გამოვაო და დანარჩენებიო: მე-11, მე-12 და ა.შ. ადგილებზე გაანაწილეო - გახარიამ. მე ამ ათეულში პირველი ხუთი ადგილიც მყოფნისო და აბა, ხელისუფლება უნდა შევცვალოთო, შენ არ დაგვპირდიო: მინიმუმ 150-კაციანი სიის შედგენაც შეგვიძლიაო. ასეთი მოლოდინებითო, ხაზარაძემ - ფორმა100 როგორ უნდა ავიღოთო ან „ფსიხო“: პარლამენტში მოსახვედრად მოგვთხოვენო. აი, ზუსტად ამ მსჯელობის დროს კონსულტაციები ჩაიშალა. მანჯგალაძეს ვინც მისცა ის „ფსიხო“ - სამსახურიდან გაუგდიათ. ქატო - გახარიას, ფქვილი - ხაზარაძეს. ვსიო...“.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ვერაფერი მაჭანკალი გამოდგა სალომე ზურაბიშვილი და ურჩევს, რომ ჯერ საქმე ისწავლოს და მერე მოკიდოს ხელი.

ხლა, უკვე ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. პოლიტიკური უფსკრულის პირზე მდგომმა, თუ ძალით მიყვანილმა გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, იპოვა თავის თავში ძალა, რომ ამ უფსკრულიდან უკან დაეხია და გადარჩენილიყო დაღუპვისგან თავად როგორც პოლიტიკოსი და ასევე გადაერჩინა პარტია. ეტყობა აღმოჩნდნენ მის გვერდით ჭკვიანი ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს არ გადაედგა ეს საბედისწერო და პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი ნაბიჯი. დიახ, არ ვაჭარბებ! ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტთან გაერთიანება, თანაც (პ)რეზიდენტ ზურაბიშვილის შუამავლობით, ისედაც პოლიტიკურად ძალიან დაზიანებული გახარიასთვის და მისი პარტიისათვის, იქნებოდა პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.