კახეთის ახალმა გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილს, გიორგი სიბაშვილსა და სხვა “ნაციონალებს” ახალი კომპრომატები ამოუქექა!

კახეთის ახალმა გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილს, გიორგი სიბაშვილსა და სხვა “ნაციონალებს” ახალი კომპრომატები ამოუქექა!

მაშინ, როცა სრულიად კახეთი ბახუსის თრობაში იყო, მოვიდა და ააფორიაქა... 2014 წელს კახელები ახალმა გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა მხოლოდ პირველ იანვარს და ბედობას დაასვენა. სამ იანვარს კი, სრულიად საქართველოს ამცნო “დანაშაულნი დაფარულნი”...

კახეთში ხუმრობენ, მუნიციპალიტეტების გამგებლებს დილიდან ისეთი ცუდი “პახმელია” ჰქონდათ, რომ “ბორჯომის” დალევის მეტი არაფერი გაუკეთებიათო, მაგრამ 18 საათზე, ტელევიზორში საკუთარი გუბერნატორის დანახვაზე, წამსვე მოეხსნა ყველას “შაკიკი” და ღმერთმა უწყის, გაბრაზებული გუბერნატორის ბრიფინგზე რაღა დაემართათ...

რომ არ მოვყვეთ ის, რაც ტელევიზიით უკვე მოისმინეთ, კახეთის გუბერნიამ, პრესრელიზის სახით, ყველა მედია-საშუალებას დაუგზავნა ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:     

„სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად, ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელების მხრიდან ადმინისტრაციის  ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის ფაქტები გამოვლინდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე ავტომობილების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა გამოვლინდა.

გუბერნიის ბალანსზე რიცხული ქონებით სარგებლობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ლიდერები, რომლებიც მოცემულ პერიოდში გუბერნიასთან არავითარ სამართლებრივ კავშირში არ იყვნენ.

“ტოიოტა ლენდკრუისერი პრადო”, სახელმწიფო ნომრით ZET303, “კია სპორტაჟი”, სახელმწიფო ნომრით CFC771 და “კია კადენზა”, სახელმწიფო ნომრით LZZ404, 2013 წლის განმავლობაში  არ იმყოფებოდა გუბერნატორის ადმინისტრაციაში. კერძოდ, “ტოიოტა ლენდკრუიზერი პრადო”, 2013წლის 1 თებერვალს გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გიორგი სიბაშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად გუბერნატორის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა გიორგი სიბაშვილს სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო გიორგი სიბაშვილი უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას, სარგებლობდა გიორგი სიბაშვილი. დანარჩენი ორი ავტომობილით სარგებლობდნენ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები - გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი.

აღნიშნული ავტომობილები 2013 წლის ბოლოს დააბრუნეს.

გარდა ამისა, სატელეფონო ნომრით - 599 32 11 11, რომელიც საჩუქრის სახით 2005 წელს გადაეცა გუბერნატორის ადმინისტრაციას, სარგებლობდა დავით ადეიშვილი. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ადეიშვილმა ნომერი დაიტოვა პირად სარგებლობაში, თუმცა 2013 წლის ივლისის თვეში ნომერი კვლავ ირიცხებოდა ადმინისტრაციის ბალანსზე. 2012 წლის მარტის თვიდან ნომერზე წარმოქმნილმა დავალიანებამ შეადგინა 3 390 ლარი.

31 დეკემბრის მდგომარეობით, ადმინისტრაციაში ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ადგილზე არ არის მობილური ტელეფონი “ბლექბერი 9900”, რომლითაც სარგებლობდა გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე.

“აიპადი”, ლეპტოპი “ასუს X540”, რომლითაც სარგელობდა სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ირანდა ჩარკვიანი.

მობილური ტელეფონი “აიფონ 4S”, რომლითაც სარგებლობდა გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი ბოტკოველი.

მიუხედავად კომისიის მიერ მათი სიტყვიერი გაფრთხილებისა, აღნიშნული ტექნიკა ადმინისტრაციაში დაბრუნებული არ არის.

აუდიტის შედეგები ცხადყოფს გუბერნიის ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან სახელმწიფო ქონების პარტიული და პირადი ინტერესებისათვის გამოყენების ფაქტებს. ქონების ნაწილი ამ ეტაპზე რწმუნებულის ადმინისტრაციამ უკვე დაიბრუნა, დარჩენილი უკანონო სარგებლობაში არსებული ნივთების დროულად არდაბრუნების შემთხვევაში, საქმე პროკურატურას გადაეცემა.

რაც შეეხება ყოფილ გუბერნატორს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ყოველთვიურად ხელფასზე, დანამატის სახით, იღებდა 2 950 ლარს. საერთო ჯამში, მისი ყოველთვიური ხელფასი 5 900 ლარს შეადგენდა”.

“ქართული სიტყვა” გიორგი სიბაშვილს დაუკავშირდა და იმის გარკვევას შეეცადა, ბრალდებული სიბაშვილი თვლის თუ არა თავს  დამნაშავედ:

- “ვერ გავიგე თქვენი და ვერც ვერასოდეს გავიგებ. სიბაშვილის ლანძღვით გინდათ “სამართლიანობის აღდგენა”? გულდასმით მოვუსმინე ამ ახალგაზრდა კაცს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას სჭირდება ჩემი კონსულტანტობა, ასე რომ მე, გიორგი სიბაშვილი მზად ვარ, ვიყო მაგის კონსულტანტიც, ამჯერად ავტომობილის გამოყოფის გარეშე, იმ პირობით, თუ კახეთში დაწყებულ აღმშენებლობას გააგრძელებს! ამ ბოლო დროს იმდენი კარგი საქმე გაკეთდა დედოფლისწყაროში, რომ ვთვლიდი, ეს ახალგაზრდა კაცი გაამართლებდა იმედებს, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი...

ახლა, რას ვეთანხმები და რას - არა: აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ის “ლეპტოპი” და მობილური ტელეფონები უნდა დაბრუნდეს და დაბრუნდება კიდეც, ვერ ვხედავ ამაში დიდ პრობლემას, მაგრამ რაც შეეხება აი, იმ პრესრელიზს, რომელიც მან გაავრცელა, ძალიან არ მომეწონა - ტავტოლოგიებითაა გაჯერებული. შესაძლოა, მისი დაწერილი არცაა. არ მომეწონა კიდევ ერთი: გუბერნიის ლოგოა შესაცვლელი - ძალიან “ნაციონალურია”.

რაც შეეხება შინაარსს: 1. შიდა აუდიტის სამსახური არ არსებობს გუბერნიაში.

2. გუბერნატორის განკარგულებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დებულების შესაბამისად ყოველწლიურად, წლის ბოლოს იქმნება, წელს დაკომპლექტებული იყო გუბერნიის თანამშრომლებით. შესაბამისად “ნაციონალებით” დაკომპლექტებულმა გუბერნიამ  ჩაატარა ინვენტარიზაცია .3. მანქანები ძალიან ბევრიაო, გადავირიე, მოკლედ, დანაკლისი კი არ არის, ძალიან ბევრიაო. ელაპარაკე ახლა მაგას, ბევრია და გააჩუქე, მიეცი მუნიციპალიტეტებს... თქვენ გელოდებოდით, ბატონო, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით გადაგენაწილებინათ. ისე, მანდ რაც ავტომობილებია, ერთიც არ შეგვიძენია - ყველა ნაჩუქარია.

4. რაში გამოიხატება სიბაშვილის მხრიდან უკანონო ქმედება? - ეს ვერ გავიგე, როცა პრესრელიზში თვითონვე აცხადებენ, რომ კონტრაქტიანი კონსულტანტი იყოო. ახლაც ვაპირებ შემოგთავაზოთ ჩემი რესურსი... 5. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ავტომობილი გუბერნიის ასიგნებებიდან ჩემი იქ მუშაობის დროს არ შეძენილა. 2012 წლის “ტოიოტა პრადო”, ავარიის შემდეგ შეძენილი იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერ და გუბერნატორის ადმინისტრაციის ასიგნებებიდან არც ერთი თეთრი არ გადარიცხულა. საერთოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სიბაშვილს შეგნებულად უკეთებენ პიარს!

რა მაწუხებს, იცით? - ამასობაში, იმერეთის გუბერნატორმა მოადგილეებიც დანიშნა და საახალწლოდ პრევშიც იმყოფებოდა. კახეთში მომხდარმა ერიც დააფიქრა და ბერიც, სოციალურ ქსელში სიბაშვილის გაგონებაზე თელაველებს არცთუ სასიამოვნო განწყობა უჩნდებათ, დაგვანებეთ რა თავი და დაგვასვენეთ, როდემდე უნდა გვაძახოთ სიბაშვილიო”.

ასეა თუ ისეა, მოვიდა კაცი და ადეიშვილის ოჯახს სატელეფონო დავალიანება ბოლო თეთრამდე გადაახდევინა, დღეისთვის ლეპტოპიც დაბრუნებულია და მობილურებიც...

და რაც ყველაზე საკვირველია: მხოლოდ შიოლაშვილმა თქვა, თუ რამდენს იღებდა ხელფასს და პრემიას ჭიაბერაშვილი და ეს მაშინ, როცა ცეზარ ჩოჩელის გარდა, ყველა გუბერნატორი ყოველ თვე ანალოგიურად იღებდა ხელფასსაც და პრემიასაც. რას აკეთებდნენ ამ თანხის სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის? - ეს მკითხველმა განსაჯოს.

ახალ 2014 წელს კახეთში პირველი ბრიფინგი გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ჩაატარა. ექსვიცეგუბერნატორის რწმენით კი, ეს წელიც კვლავ სიბაშვილის წელი იქნება!

რაც შეეხება გუბერნატორის საცხოვრებელ ადგილს, ბინას ეძებს თელავში - როგორც “ქართული სიტყვისთვის” გახდა ცნობილი, ირაკლი შიოლაშვილი სამსახურში სიარულს ფეხით აპირებს...