შუასაუკუნეობრივი ფეოდალიზმი “კავკასუს ონლაინში”

შუასაუკუნეობრივი ფეოდალიზმი “კავკასუს ონლაინში”

საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი, წლების განმავლობაში, კრიტიკას ვერ უძლებდა. დოკუმენტური კონტრაქტების უქონლობა, ხელქვეითების თვითნებური, კანონის დარღვევით სამსახურიდან დათხოვნა, დამსაქმებელთა შეუზღუდავი უფლებები, დაქირავებული მუშახელის უსამართლოდ გამოყენება - ყველაფერ ამას სპეციალისტებმა  კაბალური უწოდეს. ძველი ხელისუფლება ყასიდადაც არ ცდილობდა, რომ საქართველოში “მოღვაწე” უცხოელი დამსაქმებლებისთვის საკუთარი მოქალაქეების მონურ შრომაში ჩაბმის გამო პასუხი მოეთხოვა და, ინვესტიციების მოზიდვის საბაბით, უცხოელებს კარტბლანშს აძლევდა, თუმცა “ნციონალების”  მიერ მიღებულ შრომის კოდექსს არც ინვესტიციების მოზღვავება მოჰყოლია და არც - სამუშაო ადგილების გაზრდა... 2013 წლის 4 ივლისს, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული შრომის კოდექსი ამოქმედდა, რომელსაც,,ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ,,როზა ლუქსემბურგის საოცნებო შრომის კოდექსი“ უწოდა, ახალი ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ შრომის ახალი კოდექსი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

“ქართულ სიტყვას” მიაწოდეს საქმე, რომლის მიხედვითაც, კომპანია ,,კავკასუს  ონლაინმა” სამსახურიდან ქსელის ორი ინსტალატორი - ზვიად ფარცახაშვილი და ვალერი ბალახაძე დაითხოვა. ინსტალატორებს ინტერნეტისა და ინტერნეტტელევიზიის დამონტაჟება ევალებოდათ. მათ მიმართ პრეტენზიები მაშინ გაჩნდა, როცა სამუშაოდ ერთმანეთთან დიდი მანძილით დაშორებული უბნები მისცეს. კოორდინატორმა ფარცახაშვილსა და ბალახაძეს დაავალა, სხვა ბრიგადას მიხმარებოდნენ, რომელმაც დღის განმავლობაში ერთი აბონენტიც ვერ ჩართო. პროტესტის გამოხატვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მათ უთხრეს, რომ უდიერად ეპყრობიან კომპანიის ქონებას და უსაფუძვლოდ ითხოვენ ბენზინის, ან ხელფასის მომატებას. საქმე ისაა, რომ კლიენტიდან კლიენტამდე მომსახურებისთვის ინსტალატორებს დროც განსაზღვრული აქვთ და საწვავიც შესაბამისი ეძლევათ... სამსახურიდან დათხოვილებმა უფროსთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ ,,კავკასუს ონლაინში“ იერარქიის, თურმე, ისეთი  მყარი სისტემაა, რომ უმცროსმა არ იცის, მისი უფროსი ვინაა და ვერც ნახულობს. ფარცახაშვილი და ბალახაძე  დაიბარეს და ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს, მოაწერინეს ხელი ორ დოკუმენტზე, ერთი იყო შეტყობინება და  მეორე - შეთანხმება. პირველი დოკუმენტი ატყობინებს მოქალაქეს, რომ კომპანია აპირებს მის გათავისუფლებას. შეთანხმება კი გულისხმობს - მოქალაქე და კომპანიის ხელმძღვანელობა შეთანხმებულნი არიან, რომ არსებობს მოქალაქის გათავისუფლების კანონიერი საფუძველი.

იასონ  ბესელია, ადვოკატი: - როცა ფარცახაშვილმა და ბალახაძემ სარჩელი შეიტანეს, 2012 წლის 6 მარტს, კომპანიის ხელმძღვანელ ლევან ხუნდაძეს წერილი მივწერე, რაზედაც მან ქედმაღლურად მიპასუხა, არ მაქვს ამ ადამიანების დაცვის უფლება, მათი ინტერესები კომპანიის შიდა სახელმძღვანელობით გაფორმებული ხელშეკრულებითაა დაცული და საკითხის ობიექტური განხილვის შემდეგ, დასკვნას თავად კომპანია გამოიტანსო. რა დასკვნის გამოტანა შეუძლია კომპანიას, რომელიც ბიზნესს, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, შუასაუკუნეობრივი კანონებით მართავს?!

სასამართლოზე ,,კავკასუს ონლაინმა“ წარმოადგინა შემოწმების აქტი, რომელიც კომპანიის მმართველობას, რეალურად, კომიკურ სიტუაციაში აგდებს. აქტის მიხედვით, ხუთ აბონენტზე გაწერილი ჰქონდათ კაბელი, შემოწმების შემდეგ, ბრიგადის მიერ გაწეული ხარჯი გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. თუკი ფარცახაშვილი და ბალახაძე კომპანიის ქონების მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამო გათავისუფლდნენ, მაშინვე რატომ არ მიეცათ შეტყობინება, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ მოიპარეს კაბელები და თუ მოიპარეს, რატომ არ ისჯებოდნენ?! აქტს თავისი კომპეტენცია აქვს, რომლის შედგენაშიც სპეციალისტები მონაწილეობენ. სასამართლოზე წარმოდგენილი აქტი კი, კომპანიის დაცვის უფროსის მიერ იყო შედგენილი, რომელმაც დაადგინა სტანდარტი - თითოეულ ოჯახში საკმარისია 20 მეტრი კაბელი ინტერნეტისა და ინტერნეტტელევიზიის შესაყვანად. 

არსებობს სხვა ნიუანსებიც. მაგალითად, ასეთი: როცა პერსონალს ინტერნეტი შეჰყავს საცხოვრებელ ბინაში, სამუშაოს დასრულების მერე, იმ კომპიუტერიდან უნდა დარეკოს და მოახსენოს კოორდინატორს გახარჯული კაბელის რაოდენობისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ. სხვა ბუღალტრული აღრიცხვა და დოკუმენტი არ არსებობს. სასამართლოზე წარმოდგენილ შემოწმების აქტს არ აქვს შესრულების თარიღი, არაა მითითებული არც კომპეტენცია, არც - შესაბამისი განათლება, საფუძველი, საკანონმდებლო ბაზა და ინსტრუქცია. სასამართლოს სხდომის მერე, შეამოწმეს ხუთი აბონენტი, ზოგან მისამართი იყო არასწორი - ერთი აბონენტი იმ მისამართზე საერთოდ არ ცხოვრობდა. ,,კავკასუს ონლაინის“ პრეზიდენტმა ლევან ხუნდაძემ კი ჩემი წერილის საპასუხოდ მომწერა, საკითხი კვალიფიციურად იქნა გამორკვეულიო. პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როცა კომპანიის თანამშრომლებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს. ფარცახაშვილისა და ბალახაძის გათავისუფლება შრომის კანონმდებლობის ყველანაირი დარღვევით, ძველი რიცხვით შედგენილი აქტით მოხდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ანჟელი ხუროძემ კომპანიის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეს იყო სამარცხვინო პროცესი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მოსამართლე მართული იყო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა დარღვევასთან, დევნასთან. მძლავრი კომპანიის მიმართ ბრძოლა მხოლოდ ამ ორმა თანამშრომელმა გაბედა, დაუპირისპირდა და გაარღვია ჯადოსნური წრე, რომელიც ქმნიდა იმიტაცის, რომ მასობრივი უმუშევრობის ეპოქაში მოქალაქეები   თავად, უმიზეზოდ მიდიან სამსახურიდან. ადრე თუ გვიან, ასეთი მენეჯმენტის კომპანია დაიძირება, ბევრი მოქალაქისთვის ეს სიგნალი იქნება, რომ თავდახრილი არ იყოს.

“ქართული სიტყვა” კომენტარისთვის ,,კავკასუს ონლაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, რუსუდან კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი საქმის წარმოების მასალებშია მითითებული და ეს ,,კომპანიის კუთვნილი მატერიალური აქტივების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა“.

“რაც შეეხება ფარცახაშვილისა და ბალახაძის სამსახურში აღდგენას, ,,კავკასუს ონლაინი“, რასაკვირველია, ზედმიწევნით შეასრულებს კანონმდებლობის მოთხოვნას და დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა რუსუდან კაპანაძემ.