„ნაცებს“ ნამუსი რომ ჰქონდეთ, საერთოდ არ ახსენებდნენ გენო პეტრიაშვილს, რომელიც რუსების ტყვე იყო მაშინ, როცა „ნაციონალები“ წითელი ხიდიდან გარბოდნენ“

„ნაცებს“ ნამუსი რომ ჰქონდეთ, საერთოდ არ ახსენებდნენ გენო პეტრიაშვილს, რომელიც რუსების ტყვე იყო მაშინ, როცა „ნაციონალები“ წითელი ხიდიდან გარბოდნენ“

მოლოდინისამებრ, ქართული ოცნების საარჩევნო სიამ ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. მათ დაიწუნეს, რომ სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილია და დაასკვნეს, რომ ოლიგარქი თურმე პრეზიდენტობაზე ოცნებობს და 19 რჩეულიც საკუთარი საახლობლო წრიდან დააკომპლექტა.

ოპოზიციამ არც ცნობილი სპორტსმენები დაინდო და ისინი უხამსად მოიხსენია. ის, რაც დასაშვებია ნაცებისთვის, თურმე ქართული ოცნებისთვის დაუშვებელი ყოფილა. ნაციონალებს პოლიტიკაში მოჰყავდათ სპორტსმენები და მათი მეშვეობით ცდილობდნენ სახის შენარჩუნებას, ქართულ ოცნებას კი უწუნებენ სწორედ იმას, რომ საარჩევნო სიის ფორმირებისას არჩევანი ოლიმპიურ ჩემპიონებზე - ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე შეაჩერეს. ოპოზიციონერი რომან გოცირიძე იმდენად შორს წავიდა, რომ სპორტსმენებს ქართული ოცნების ლეღვის ფოთლები უწოდა. ასევე, ოპოზიციაში გაჩნდა შეფასებები, თითქოს ეს სპორტსმენები აიძულეს პოლიტიკაში შესულიყვნენ.

გარდა სპორტსმენებისა, ქართული ოცნების სია ცნობილი და უცნობი სახეებით დაკომპლექტდა. მათ შორისაა, ფსიქოლოგი ლიკა შარტავა, რომელიც აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას შვილიშვილია, ასევე, ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. სიაში მოხვდნენ ყოფილი და მოქმედი პრემიერები, მოქმედი პარლამენტარები და კიდევ ერთი სპორტსმენი ხალხის ძალიდან- მიხეილ ყაველაშვილი.

მმართველი გუნდი თვლის, რომ ქართული ოცნების გუნდი გაიწმინდა. რამდენად გონივრულად შედგა ქართული ოცნების საარჩევნო სია?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან ბრალდება, თითქოს სპორტსმენები აიძულეს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ჩაწერილიყვნენ. იქნებ, ამ სპორტსმენებს თავად სურდათ პოლიტიკაში მოსვლა?! ვინ დაიჯერებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი აიძულეს, პოლიტიკაში ჩართულიყო? განა არ ეტყობა ყაველაშვილს, რა პოზიცია აქვს?! ნონა გაფრინდაშვილი, ეს ყველაზე სახელგანთქმული სპორტსმენი საქართველოში, რომელიც მიშას წინააღმდეგ მიტინგებში მონაწილეობდა და 26 მაისს იმ უბედურებაში აღმოჩნდა, ვინმემ აიძულა, პოლიტიკაში ჩართულიყო?!

ოპოზიცია რომ ამბობს, სპორტსმენები ძალით ჩართეს პოლიტიკაშიო, ამით ცდილობს, დაამციროს თვითონ სპორტსმენები, რაც უკადრისი საქციელია. დაავიწყდათ, სააკაშვილი როგორ აიძულებდა სპორტსმენებსა და ხელოვანებს, ჩართულიყვნენ პოლიტიკაში?! სპორტსმენები და მუსიკოსები რამდენი ჰყავდა სააკაშვილს?! პოლიტიკისთვის უცხო არ არის ასეთი რამ, როცა ცნობილ სახეებს, მათ შორის, სპორტსმენებს, მსახიობებს იყენებენ პოლიტიკაში, თუკი ისინი თანახმანი არიან, გახდნენ პოლიტიკოსები. გავიხსენოთ რეიგანი, შვარცნეგერი. სპორტსმენებს ზოგჯერ გამოსდით პოლიტიკაში მოღვაწეობა. ასე ხაზის გადასმა, რომ რახან სპორტსმენია, პოლიტიკოსობა არ გამოუვა, ღიმილის მომგვრელია. წესით, პოლიტიკოსობა არც ჩვენს ოპოზიციას არ უნდა გამოუვიდეს, იმდენ შეცდომას უშვებს. პოლიტიკოსობის უმაღლესი კურსები არ არსებობს ჩვენთან, უცხოეთშიც თუ არსებობს ეს კურსები, დიდი ხეირი არ მოჰყვება, რადგან არანაირი კურსები არ დაუმთავრებია ტრამპს და უკვე მეორედ პრეზიდენტობის კანდიდატია. ეს არის პოლიტიკოსის რეალური ცხოვრება, ჩაებმებიან პოლიტიკაში და მერე ხედავენ გამოსდით თუ არა პოლიტიკოსობა, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება სიის პირველ წევრად ბიძინა ივანიშვილის დასახელებას, რამაზ საყვარელიძე არ ფიქრობს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტობას უმიზნებს, რადგან საქართველოში პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე იყო პირველ პირად და ეს უსაქმური პრეზიდენტობა რაში უნდა სჭირდებოდეს? არც პრემიერობას უნდა უმიზნებდეს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მისთვის აუცილებელია, ძალიან ბევრი ხმის უპირატესობით მოიგოს ქართულმა ოცნებამ, რადგან თუ დიდი სხვაობა არ იქნა ოცნების სასარგებლოდ, მაშინ უცხოელები ადვილად იტყვიან, არჩევნები გაყალბდაო და გამოიყვანენ ხალხს ქუჩაში. ქუჩაში გამოყვანილი ხალხი კი მოახდენს რევოლუციას.

თუკი მოახდენენ რევოლუციას, პირველი, ვის ჩამოკიდებენ ხეზე?! ეს ყველამ კარგად იცის. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადარჩენისთვის ბრძოლა მიდის და არა პრემიერობისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ისევ საპატიო თავმჯდომარის იმიჯით დარჩება და პოლიტიკაში აქტიურად შემოსვლას არ გადაწყვეტს, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არავითარი თანამდებობა არ სჭირდება. მას აქვს თანამდებობა, რომელსაც ჰქვია საქართველოს მამულიშვილობა და იცავს სამ ტრიადას - მამულს, ენას და სარწმუნოებას. ედიშერ გვენეტაძის აზრით, თუკი ბიძინა ივანიშვილია ამ სიაში პირველია, ეს იმიტომ, რომ ივანიშვილმა ქვეცნობიერად ძალიან კარგად იცის, რა გადანაწილებები მიმდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში. იმიტომ ჩაუდგა სიას სათავეში და იმიტომ დაბრუნდა უკვე მესამედ პოლიტიკაში, რომ არ სურს, საქართველო აღიგავოს პირისაგან მიწისა. სამწუხაროდ, ამ სცენარისთვის მოწოდებულია შინაური ოპოზიცია, რომლებიც, სინამდვილეში, საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტებს წარმოადგენენ, ბოკუჩავების, დეკანოიძეების, ვაშაძეების, ხაზარაძეების სახით, ესენი არიან კოლექტიური ნაცები.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის სათავეში დგას იმიტომ, რომ არ დაუშვას ქვეყანაში ამ ხალხის უბნელესი ზრახვები. ეს ადამიანები ფულის სანაცვლოდ ქართველ ერს აღგვიან პირისაგან მიწისა. ჩვენ გვახსოვს ამ ხალხის განცხადებები, გირჩი ზურაბა ამბობდა, კარგი იქნება, საქართველოში თუ შემოვა ათი ათასი შეიარაღებული რუსი, ეს გამოიწვევს უკრაინის შვებასო. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის, ხაზარაძე და სხვები მოითხოვდნენ ჩარტერული რეისებით მოხალისეთა გაშვებას უკრაინაში, რაც რუსეთთან უპირობო ომს ნიშნავდა. გავიხსენოთ ხატია დეკანოიძის გამონათქვამი, შავი ხვრელი გადის საქართველოდან რუსეთისკენო. ესენი არიან საქართველოს მტრები. მათ რომ არ ჩაუვარდეთ ჩვენი ქვეყანა ხელში, ამიტომ ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილის სიას სათავეში. 2012 წლიდან დღემდე, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ დაფაზე ჭადრაკის თამაში დაიწყო, აბსოლუტურად ყველა პარტია მოიგო. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ პარტიასაც ისევ მოიგებს, რომ შემდეგ ნაცების სახსენებელიც აღარ დარჩება, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, ოლიმპიური ჩემპიონების კრიტიკას გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან და აღნიშნა, ჭკუით, გონებით, განათლებით რითი სჯობს ამ სპორტსმენებს ან თინა ბოკუჩავა, რომლისთვისაც ყელსაბამებს ყიდულობდა სააკაშვილი ბიუჯეტიდან, ან ვერონიკა ქობალია?!

სპეციალურად არ გავამახვილებ ყურადღებას სააკაშვილის სპორტსმენებზე და არ გამოვაჭენებ საქვეყნოდ, რადგან სპორტსმენსაც უფლება აქვს, იყოს პარლამენტში. სპორტსმენები რომ ნიჭიერი ხალხია და შეუძლიათ მუშაობა, ამის დამადასტურებელია კახა კალაძე. ასევე, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც განათლებული კაცია, პარლამენტშიც სათანადოდ მუშაობს და ერთი შეეჯიბროს ვინმე პრინციპულობასა და პატრიოტიზმში. ნაცებს ნამუსი რომ ჰქონდეთ, საერთოდ არ უნდა ახსენებდნენ გენო პეტრიაშვილს, რომელიც რუსების ტყვე იყო ბავშვობაში, მაშინ, როცა მისი მაძაგებელი ნაციონალები წითელი ხიდიდან გარბოდნენ და ცოლ-შვილი რომელ მღვიმეში ჰყავდათ გადამალული, კაცმა არ იცის. 8 მილიარდი კაცი ცხოვრობს მსოფლიოში, აქედან ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, მათ წინააღმდეგ შეტევას რომ წამოიწყებ, უბინძურესი არსება ხარ ქვეყანაზე. რატომ არაა ოპოზიცია საქართველოში ძლიერი და ვერც ვერასდროს იქნება ძლიერი? იმიტომ, რომ ბრიყვები, გულბოღმიანები და შურიანები არიან, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

 

Gami ოჰ, როგორ დამაკლდა ამ "სენსიტიურ საკითხზე" მაჩვი ძაბირაძის კომენტარი... დავუგდოთ ყური მაგ კაცს.
4 დღის უკან