რას წარმოადგენს საქართველოში მოქმედი თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "IHH"? რა პროექტებს აფინანსებს და რა უნდა საქართველოსგან? როგორ აპირებენ აჭარის ისლამურ რესპუბლიკად გადაქცევას და ვინ დებს ამაში სერიოზულ კაპიტალს?
"ალიას" საქართველო-თურქეთის ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე რომან კვიციანი ესაუბრა:
- ერთ საეჭვო თურქულ ორგანიზაციაზე უნდა გვესაუბრა. რა ორგანიზაციაა, რას საქმიანობს?
- არსებობს თურქეთში ასეთი ორგანიზაცია "IHH". ეს ორგანიზაცია შექმნილია 1992 წლიდან და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით გაჭირვებულ და ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარებაა. ის ეხმარება ყველას, რელიგიის, ეროვნების და რასის მიუხედავად. ანუ ამ ორგანიზაციის მიზნები კეთილშობილურია. ხოლო მედლის უკანა მხარეს რა ხდება, ეს სულ სხვა საკითხია.
ამ რამდენიმე დღის წინ მათი ორგანიზაცია თურქეთში იარაღის კონტრაბანდის საქმეში გაეხვია, თუმცა მოგვიანებით ორგანიზაციის ცენტრალურმა ხელმძღვანელობამ ამ საქმესთან კავშირი უარყო. პრესაშიც სხვა მიმართულებით გავრცელდა ინფორმაცია და მათი სახელი აღარ იქნა ნახსენები და საქმე უშიშროების სამსახურს გადაბრალდა. ამ ფაქტს იმიტომ ვყვები, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოშიც საქმიანობს და სათანადო ორგანოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან მძიმე ფაქტები გავიგე მათ შესახებ. საქმე იარაღის სხვადასხვა ქვეყნებში შეტანას ეხება.
ამ ცოტა ხნის წინ ამ ორგანიზაციას ტვირთი მიჰქონდა სირიაში. კოლონა გააჩერეს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით ჩხრეკის ჩატარება ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, უცხოური მედია უკვე ღიად წერს იმის შესახებ, რომ ტრაილერზე სამხედრო ტვირთი იყო, რომელიც სირიაში ამბოხებულების დასახმარებლად იგზავნებოდა. უცხოური მედიაც, თურქული მედიაც და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იგივე აზრზე არიან, ვინაიდან აღნიშნული ტრაილერის პირველადი დათვალიერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მასზე დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი იყო. თუმცა პროკურატურას საშუალება არ მიეცა აღნიშნული ტრაილერი გაეჩხრიკა, რამაც ეს ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.
- რატომ არ მისცეს დათვალიერების საშუალება, ხომ არ ფიქრობთ,რომ ამ ორგანიზაციის უკან სერიოზული ლობისტები დგანან?
- ტრაილერს უშიშროების თანამშრომლები აცილებდნენ და ჩხრეკაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ ტრაილერით სახელმწიფო საიდუმლოება გადაჰქონდათ და პროკურატურას არ ჰქონდა ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. ასევე, საქმეში ჩართულა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ჩხრეკის უფლება არ მიეცათ.
- კარგით, რა სკანდალები უკავშირდება ამ ორგანიზაციას, გასაგებია. ახლა საქართველოზე გადმოვერთოთ, ჩვენთანაც შემოაქვთ სამხედრო ტვირთი?
- ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში იარაღი შემოაქვთ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, არა მგონია, მსგავსი ქმედების განხორციელება პრობლემას წარმოადგენდეს. სასაზღვრო ზოლის კონტროლი არც ისე კარგად ხდება, მით უმეტეს საქართველოს ჯერ არ გააჩნია ისეთი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რომ საზღვრების მთლიანი ზოლი იყოს დაცული. გარდა ამისა, საქართველოში რაიმე სახის არეულობის არსებობის შემთხვევაში მათ არ გაუჭირდებათ მომხრეებისა და თანამოაზრეების პოვნა საქართველოში.
საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან მწვავედ დგას მუსლიმანების საკითხი და სამწუხაროდ, გახშირდა პროვოკაციები. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებაც საქართველოში სწორედაც ეს ნაწილია. სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ ექსტრემიზმის შესაძლებლობას. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არსებობს თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელიც პროვოკაციების მოწყობითაა დაკავებული. კონკრეტულად, მინარეთისა და ჭელას მოვლენებს ვგულისხმობ. პრობლემები, რისი მოგვარებაც ყოველგვარი ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე იყო შესაძლებელი, კინაღამ სისხლისღვრამდე მივიდა.
- რასაც მეუბნებით, მათ შორის იარაღის შემოტანის საფრთხე, ეგ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებმა იციან? ან თქვენ თუ უთხარით. რაღაც, არ გაგვიგია, რომ რამე ოპერაცია ჩაატარეს?
- მე გეუბნებით იმას, რაც ვიცი. ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა თუ აღნიშნული ორგანიზაციების შესახებ იციან და შესაბამის ღონისძიებებსაც ისე ატარებენ, რომ ეს ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ეს მისასალმებელიცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო უსაფრთხოების სამსახურები არ კმარა. აქ სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყოს საქმის კურსში და იცოდეს, რა ხდება. ეროვნულ უსაფრთხოებას მარტო სპეცსამსახურები ვერ უზრუნველყოფენ. თუკი საქართველოში არეულობა მოხდება, მათ უპრობლემოდ შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში არსებული გარკვეული რელიგიური ექსტრემისტული ჯგუფების იარაღით მომარაგება.
- როგორც ვიცი, თურქეთს ძლიერი სასაზღვრო-საბაჟო სამსახური აქვს და რანაირად გამოატარებენ საზღვარზე იარაღს?
- დიახ, მართალი ხართ, ძლიერი სასაზღვრო სისტემა გააჩნია თურქეთს. თუ რანაირად გამოატარებენ იარაღს, ალბათ, ისევე, როგორც სირიის შემთხვევაში მოხდა, ან საბაჟოს გვერდის ავლით. საბედნიეროდ, საქართველოში მშვიდობაა და ქვეყანა არეული არაა, რაც იმის გარანტიებს გვაძლევს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ქმედების განხორციელება თითქმის შეუძლებელია. თუმცა ქვეყანას წინ მრავალი გამოწვევა აქვს და აღნიშნული ფაქტების შესაბამისად, მზად უნდა იყოს მოვლენების ყველა სახის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საზღვრის იმ ნაწილზე, რომელზეც კონტროლი არაა ან ვერაა, კარგად მოქმედებენ კონტრაბანდით დაკავებული დაჯგუფებები. ასეთი სხვა გზები კი საქართველოშიც იქნება, რა თქმა უნდა.
- ადგილობრივი მუსლიმანების პოზიცია როგორია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით? აქ მყარი საყრდენი აქვს ამ ორგანიზაციას?
- მოდით, საქართველოს სოციალურ მდგომარეობას გადავხედოთ, სადაც მრავლადაა გაჭირვებული. მათთან მოდის ვიღაც კეთილშობილი პირი და წელიწადში ერთხელ მაინც რაღაცით ეხმარება. მის მიმართ როგორ შეიძლება ადამიანი უარყოფითად განეწყოს? საქართველოში როგორც ქალაქად, ასევე სოფლად, მით უმეტეს მაღალმთიან რეგიონებში, მოსახლეობას ძალზე უჭირს. მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, დახმარებაზე უარი თქვან, მით უმეტეს, როდესაც ამას "არაფრის" სანაცვლოდ გაძლევენ. ხოლო ის კატეგორია, რომელიც მართლაც იყიდება ფულზე და ფულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, კარგადაა შენიღბული და მათი გაშიფვრა რთულია.
- როგორც თქვენი პასუხიდან ვხვდები, საყრდენს იმზადებენ? საქართველოში რა თანხას ხარჯავენ მაინც, თუ იცით?
- რამდენს ხარჯავენ საქართველოზე, მათი ხარჯების ზუსტი ოდენობის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა ეს ორგანიზაცია და მისი ფილიალები ბიუჯეტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან. ამიტომ ვშიშობ, რომ შეუძლიათ რელიგიური ექსტრემისტებიც წაახალისონ.
- მოდით, უფრო დავაკონკრეტოთ, რა პროექტებს აფინანსებენ საქართველოში?
- ეს ორგანიზაცია, როგორც მოგახსენეთ, მსოფლიოს მასშტაბით გაჭირვებულ ხალხს ეხმარება. სწორედ ამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ გაჭირვებულ მუსლიმან ოჯახებს ყოველ ისლამურ დღესასწაულზე ჰუმანიტარული პროდუქტებით ეხმარება. პანკისის ხეობაში მოსახლე მუსლიმანებისთვის კი ერთი მეჩეთი და 5 სამლოცველოც ააგო. საქართველოში გამართული ისლამური დღესასწაულები, ასევე, ამ ორგანიზაციის ფინანსებით იმართება. ამასთანავე, საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მიზანი", რომელსაც უფინანსებს გარკვეულ პროექტებს. ის ოფიციალურად აჭარაში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს პერიოდულად ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებს. დახმარების სანაცვლოდ, ორგანიზაციის წევრები საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანურ ოჯახებს უფასო განათლებას ჰპირდებიან. ახალგაზრდებს ისლამს ჯერ ბათუმში ასწავლიან, ყურანს აზეპირებინებენ და მოგვიანებით "საუკეთესო" მოწაფეებს თურქეთში სასულიერო სასწავლებელ მედრესში აგზავნიან. ამაზე გაკვრით ადრეც იყო საუბრები, მაგრამ მე ახლა იმ კონკრეტულ ორგანიზაციას ვასახელებ, რომელიც ასეთი საქმიანობითაა დაკავებული.
მუსლიმან ქართველებს თურქეთში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ექსკურსიებს უწყობენ და სწავლების პერიოდში მათ ყველანაირ პირობებს უქმნიან. მოგვიანებით, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ეს ქართველი ახალგაზრდები თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. "მიზანმა" აჭარაში ყურანის კურსები დააარსა. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იცოდეს ის, რაც სწამს. აქ, უბრალოდ, კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ ყურანს ქართულად კი არა, არაბულად ასწავლიან. ორ წელიწადში ყურანი დააზეპირებინეს ახალგაზრდებს.
შემდეგ "IHH"-ს ერთ-ერთმა რეგიონულმა წარმომადგენლობამ ამ ახალგაზრდების თურქეთში ექსკურსია დააფინანსა და მათგან 5 სასულიერო სასწავლებელში გაგზავნა. ამ ხალხმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელებშიც კი. ამ კამპანიის მიხედვით, აქ აჭარა გამოყოფილია ცალკე და ის საქართველოს ნაწილი არაა. ანუ ჰუმანიტარული ორგანიზაციის საფარქვეშ ჩვენს მოქალაქეებს სეპარატისტებად აყალიბებენ. ფართოდაა მუქარები საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი. აღნიშნული გვერდის ადმინისტრატორი თურქეთის მოქალაქე სტუდენტია.
მას ვესაუბრე და ის ცალსახად აფიქსირებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიებია, მაგრამ აჭარა არაა საქართველოს ნაწილი. ასევე აღნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერენ ქურთების ისლამურ კავშირს, რომელიც ქურთისტანისთვის იბრძვის. ეს კი ტერორისტული დაჯგუფებაა და რაც ყველაზე საინტერესოა, მისი განცხადებით ამ აზრს - აჭარის ისლამური რესპუბლიკის დაარსებას თურქეთში მოსწავლე აჭარელი სტუდენტებიც ემხრობიან და იდეაც მათგან მოდის. ეს ყველაფერი კი ამ მუშაობის შედეგადაა მიღწეული. დიახ, ეს ორგანიზაციები და ჯგუფები, ვინც ამ ნაღმებს ამზადებს, მათ მოქმედებაში მოსაყვანადაც ემზადებიან.