ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ პარლამენტი ზოგჯერ არაორდინარულ კანონპროექტებს ცოტა მეტ დროს უთმობს ხოლმე. გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ის კანონპროექტები, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტმა განიხილა და ამომრჩეველი კარგად ახალისა.
პარლამენტმა პირველად "ბუსუსებიან პრეზერვატივებზე" გაილაშქრა. "შეზღუდვა გულისხმობს იმას, რომ სექსშოპების პროდუქცია არ უნდა იყიდებოდეს სკოლებთან, ისევე როგორც თამბაქო, ალკოჰოლი, რომელიც მავნეა არასრულწლოვანის არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ ფსიქო-სოციალური ჯანმრთელი გარემოსთვის", - აცხადებდნენ კანონპროექტის მომხრე დეპუტატები. სხვათა შორის, პირველ რიგში, სექსოლოგები შეშფოთდნენ და აღნიშნეს, რომ პრეზერვატივი თავდაცვის საშუალებაა და ის ქალბატონებს მხოლოდ დაფეხმძიმებისგან კი არა, პარტნიორებს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან იცავს. რაც შეეხება სახეობებს, სხვადასხვა ფერის პრეზერვატივებს და თუნდაც მასზე არსებულ დანამატებს (მაგ. ბუსუსებს), ის მხოლოდ მომხმარებლის მისაზიდად იქმნება.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული მორიგი კანონის თანახმად, "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით ისჯება, განმეორების შემთხვევაში 500 ლარით, მესამედ კი 700 ლარის ოდენობით". "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა" - ამ ყოვლისმომცველმა წინადადებამ ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონის შემდეგ ყველაზე მეტად გაამხიარულა საზოგადოება. ნაწილმა ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნის აკრძალვად აღიქვა, რის გამოც შსს-ს განმარტება და აღშფოთებული ადამიანების დაშოშმინება მოუხდა...
გასული წლის მარტში საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, თითქმის ორთვიანი განხილვის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე ბიძინა გუჯაბიძის მიერ ინიცირებული "ეროვნული სამოსის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. არსებული კანონმდებლობით, პარლამენტარების ჩაცმულობა სხდომათა დარბაზში "საპროტოკოლო-საქმიანი" უნდა ყოფილიყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივით კი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, მე-5 მუხლის მე-8 პუნქტში საპროტოკოლო-საქმიან ჩაცმულობას, ეროვნული ჩაცმულობაც დაემატა. ამიერიდან საზოგადოება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩოხა-ახალუხსა და ჩიხტიკოპში გამოწყობილი დეპუტატების ხილვის მოლოდინშია, თუმცა დიდი განსჯის საგანი გახდა ჩოხის აქსესუარი - ქამარ-ხანჯალი, კერძოდ, უნდა იქონიონ თუ არა დეპუტატებმა აღჭურვილობა კანონპროექტის მიღების პროცესში, თუ პარლამენტის შესასვლელში მოიხსნან და იქ დატოვონ. იმის გათვალისწინებით, რა შეიძლება მოჰყოლოდა ჯაჭვლიან-ბარამიძის "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო"-ს საფუძველზე ატეხილ წესების გარეშე ბრძოლას, დეპუტატები ალბათ ეროვნულ სამოსსა და მის აქსესუარებს კი არა, კოლეგების კიმონოებით შემოსვლას უყრიდნენ კენჭს.
ასევე, გასულ წელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლებიც გზებზე პირუტყვის გადაადგილების წესებსა და დარღვევებისთვის დაწესებულ სანქციებს ეხება. წარმოდგენილი კანონპროექტით, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, გზაზე პირუტყვის გადაადგილების წესი რეგულირდება. კერძოდ, პირუტყვის მიერ "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონის დარღვევას, მეხრეს ან მესაკუთრის დაჯარიმება მოჰყვება: "თუ მეხრე ადგილზე არაა, პირუტყვის მეპატრონე დაჯარიმდება. ლაპარაკია წესების დარღვევაზე, ხოლო ამ წესებს განსაზღვრავს კანონი "საგზაო უსაფრთხოების შესახებ". კანონმდებლობაში ახლად შეტანილი ცვლილებების თანახმად, "პირუტყვს სავალ ნაწილზე არაორგანიზებულად გადაადგილება ეკრძალება. ქაოსური კოლონა მცირე ზომის მოწესრიგებულ ჯგუფად უნდა იქცეს, რომელშიც უნდა იყოს არაუმეტეს 10 პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა. პირუტყვმა უნდა იმოძრაოს გზის ნაპირზე ერთ რიგად, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებით. ვინაიდან ამგვარ ორგანიზებას პირუტყვი თავს ვერ გაუწევს, ყველა შემთხვევაში უნდა ჰყავდეთ მეხრე, რომელიც მუდმივად
უზრუნველყოფს მათ მართვას. ამასთან, გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. კანონის მიხედვით, პირუტყვის გზაზე გადარეკვა სასურველია დღის ნათელ დროს მოხდეს, ცუდი ხილვადობისას კი მეხრე ვალდებულია პირუტყვი აღვირით ატაროს".
"ბუსუსებიანი პრეზერვატივით" დაწყებული მსჯელობა პარლამენტში წლის ბოლოს ურმის მუხრუჭებით დასრულდა - ცოტა ხანში ურემს მუხრუჭები და სანათები ექნება, შესაბამისად, აღარც "გადაბრუნდება". ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევროკავშირის მოთხოვნა ყოფილა, ამიტომაც აღნიშნულ კანონპროექტს აქტიურად დაუჭირეს მხარი საკანონმდებლო ორგანოში: "საჭაპანო ტრანსპორტს ცუდი ხილვადობის დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაშუქები, ანუ ფარები, ასევე სამუხრუჭე მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები". ამ წესების დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. გადაწყდა, რომ ამიერიდან ყველა ურემს ექნება მუხრუჭი და "ფარები".
კანონის თანახმად, მეხრეობა, ასევე ურმის მართვა 16 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, ანუ ურმის "მართვის მოწმობა" 16 წლის ასაკიდან გაიცემა.