გლდანის მე-8 დაწესებულების დაკავებულ თანამშრომლებს, ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას პატიმარ მალხაზ არქანიას წამების ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ. რაც შეეხება შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ამჟამად ძებნილ მეგის ქარდავას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მოთავსებულ პატიმარ მალხაზ არქანიას მეგის ქარდავამ მოსთხოვა გაურკვეველი ტერორისტული აქტების მომზადებაში მონაწილეობის აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრა. მალხაზ არქანიასგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავას მითითებით სად-ის მე-8 დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, იგი ჩაიყვანა ციხის "კარანტინში", სადაც აყურებინეს პატიმრის გაუპატიურება, რის შემდეგაც მეგის ქარდავა არქანიას დაემუქრა, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მიცემდა, მასაც იგივე ბედი ეწეოდა. უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავამ ვიქტორ ყაჭეიშვილთან, ოლეგ ფაცაციასთან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად მალხაზ არქანია სასტიკად აწამა, რის შემდეგაც მას სქესობრივი ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს. ერთ-ერთი დაპირისპირებისას, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ მალხაზ არქანიას თავზე იარაღი მიადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. მანვე მალხაზ არქანიას არასასურველი ჩვენების შეჭმა აიძულა. ყოველივე ამის შემდეგ მალხაზ არქანიამ თვითმკვლელობაც სცადა.
"ყველა სიახლე" ყოფილ პატიმარს გალში დაუკავშირდა, სადაც მალხაზ არქანია გათავისუფლების შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, მართლმსაჯულებას რამდენიმე პირის დასჯა გამორჩა, რომლებმაც მას დიდი მორალური ზიანი მიაყენეს:
- მართლმსაჯულებას გამორჩა როლანდ ახალაიას და ლაშა ყოლბაიას დასჯა. ახალაიამ არასწორად გამოიძია ჩემი საქმე და ვერაფერი რომ ვერ დამიმტკიცა, ნარკოტიკული მუხლით გამიშვა ციხეში - 7-წლიანი განაჩენი გამომიტანა. ჩემი საქმე თავიდან ბოლომდე შეკერეს თენგიზ გუნავამ (რომელიც იმხანად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს უფროსი იყო), პროკურორმა როლანდ ახალაიამ და მათმა კურდღელმა დამქაშებმა. ლაშა ყოლბაია თბილისის ეპიზოდში აქტიურობდა - დადიოდა ჩემთან საკანში და ამბები გაჰქონდა, ეუბნებოდა ყაჭეიშვილს, არ მაძლევს სასურველ ჩვენებასო, რის შედეგადაც უმოწყალოდ მცემდნენ და მაწამებდნენ. სამჯერ დამარტყა ვიქტორ ყაჭეიშვილმა და სამჯერვე ნოკაუტში ჩამაგდო 130-კილოიანი კაცი. ალბათ გავარჯიშებული იყო პატიმრებზე. სხვათა შორის, ჩემი გათავისუფლებიდან სამი თვის შემდეგ, გალიდან გაიტაცეს ყოლბაიას მამა, ერთი თვე ჰყავდათ დატყვევებული, შემდეგ დიდი თანხა გადაიხადა, დაიხსნა და ახლა ზუგდიდში ერთად ცხოვრობენ. მის არაკაც შვილს იმდენი ბოროტება ჰქონდა გაკეთებული, ეტყობა, ვიღაცამ შური იძია.
- ჩვენთან ინტერვიუში გამოთქვით ვარაუდი, ახალაიები ქარდავას ცოცხალს არ დატოვებდნენო. ითქვა ისიც, რომ ეს ადამიანი ხობს აფარებდა თავს. ხომ არაფერი გსმენიათ მის შესახებ?
- ამ კაცმა ისე გამამწარა, რომ ვიცოდე, სად არის ქარდავა, მიწიდან ამოვთხრიდი და მისგან არაფერს დავტოვებდი.
- ცნობილია, რომ ტერაქტების აღიარებას გაიძულებდნენ და ამის გამო გაწამეს. რატომ შეგარჩიეს ამ საქმისთვის მაინცდამაინც თქვენ?
- არ ვიცი, ალბათ არქანია რომ ვიყავი, იმიტომ. იფიქრეს, ერთმა არქანიამ რაღაც ჩაიდინა და მეორეც ჩაიდენდაო. როგორც გავიგე, არც ის ყოფილა დამნაშავე. ეგ ტერაქტები რომ თავიანთი მოწყობილია, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ხალხო, ციხეში ადამიანებს აუპატიურებდნენ, მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? ჩემს თვალწინ ბავშვი რომ გააუპატიურეს, მისი ცრემლები და ბღავილი ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ამ ვანდალურ აქტში ვინმე "გოჭი" და სისაური მონაწილეობდნენ, ისინი აუპატიურებდნენ. ყველაფრის თავიდან გახსენება დიდი სტრესია ჩემთვის... რაც დასკვნაში დავწერე, ყველაფერი მართალია, დამიჯერეთ... ლადო ბედუკაძემ ძალიან ბევრი რამ იცის და მიკვირს, რატომ აქვს ენაზე კბილი დაჭერილი?! სამწუხაროდ, ყველაფერს არ ამბობს. "ბასტის", ფარულავას ჰკითხეთ ჩემი ამბავი, იმანაც იცის. ან ის იტყვის რამეს? რისი ეშინიათ, ვერ გავიგე.