„სააკაშვილის ბიძა  მილიონ დოლარს აძლევდა იმას, ვინც „სნაიპერსკი“ ვინტოვკით მოკლავდა ივანიშვილს - მილიონი დოლარი არ გაუჭირდება იმ კაცს, ვინც ტრამპის გვერდით შეისყიდა აპარტამენტები“

„სააკაშვილის ბიძა მილიონ დოლარს აძლევდა იმას, ვინც „სნაიპერსკი“ ვინტოვკით მოკლავდა ივანიშვილს - მილიონი დოლარი არ გაუჭირდება იმ კაცს, ვინც ტრამპის გვერდით შეისყიდა აპარტამენტები“

მახსოვს ბარამიძის სამარცხვინო გამოსვლა პარლამენტში, რაღაცას ლუღლუღებდა, ძლივს მიმართავდა ივანიშვილს ქვევიდან ზევით, მერე გათავხედდნენ ნაცები, თორემ თავიდან ძალიან დიდ სტრესში იყვნენ, - აცხადებს მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებას გეგმავს და აანონსებს, რომ როგორც გერმანელებმა მოაშორეს ნაციონალ-სოციალისტები თავიანთ ქვეყანას, ასევე უნდა მოვაშოროთ კოლექტიური ნაცმოძრაობა ჩვენს ქვეყანას, როგორც ყველაზე ანტიევროპული ძალა. კობახიძის ამ სურვილს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. ISFED-ი შეშფოთებას გამოთქვამს ნაცმოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების გამო და ავიწყდება, რომ არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აუკრძალავთ მოძალადე პარტიები. მათ შორის, ევროპამ 150 პარტია აკრძალა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, რამდენად შეძლებს მმართველი გუნდი ნაცმოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას?

- ყველაფერი აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს. სხვათა შორის, კობახიძემ და სხვებმაც ამას ხაზი გაუსვეს, რომ ჩვენ სამართლებრივ პროცესს დავიწყებთ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოსახლეობაც და უცხოეთშიც ყველა ადამიანი დარწმუნდეს იმაში, რომ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს ნაცმოძრაობასთან მიმართულებით ისევე, როგორც სამართლებრივი პროცესის შედეგად ევროპის ქვეყნებში აიკრძალა ცალკეული პარტიები და არავის ხმა არ ამოუღიაო. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ჯგუფურად გასამართლებას, თუნდაც ჯგუფურად იყოს დანაშაული ჩადენილი, ვთქვათ, მკვლელობა - ყოველთვის დგება ცალკეული პირის დანაშაულის საკითხი და პროპორციულად ცალკეულ პირს სჯიან. მაგრამ პარტიის აკრძალვა სულ სხვა არის. 12 წლის წინ მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მის პროგრამაში ერთ-ერთი ძირითადი მიმზიდველი ლოზუნგი სამართლიანობის აღდგენა იყო. მოგეხსენებათ, „ნაცმოძრაობის“ დროს უსამართლობას ძალიან ბევრი ადამიანი განიცდიდა საქართველოში. ვაჟა-ფშაველას აქვს შესანიშნავად ნათქვამი, „სამართალმა ხელი რომ მომაჭრას, არ მეტკინებაო“. მართლაც ასეა, მე ვიცი ოჯახები, რომელთა წევრებიც მძიმედ დაისაჯნენ კონკრეტული დანაშაულისთვის, თვითონაც იცოდნენ, რომ ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული და ისეთი არავითარი პროტესტი არ ჰქონდათ. სამაგიეროდ, როცა უსამართლოდ გაჭრიან ხელს, მორალურად ეს ძალიან მძიმეა. „ქართული ოცნების“ პერიოდში გადიოდა წლები, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწბილებული იყო იმით, რომ სამართალმა არ იზეიმა, ბიძინა ივანიშვილმაც ეს შენიშნა. როგორც ჩანს, სამართალი, როგორც ურემი, ნელ-ნელა მოჭრიალებს, ბევრი მათგანი არჩევნებზეც აღარ მიდიოდა, ამათი იმედი მქონდა და გამიცრუესო. მეორე მხრივ, ხელისუფლება ცდილობდა, პოლარიზაცია შეემცირებინა, კოაბიტაცია განეხორციელებინა. სულ რაღაც 10 თითი გვეყოფა იმის ჩამოსათვლელად, ვინ დააპატიმრეს: ახალაია, მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა პიროვნება, მეტი არავინ. ქონება რამდენს არ დაუბრუნდა. „ქართული ოცნების“ მხარეს იყო ჰუმანური მომენტი, მიიღეთ ეს პირობები და ამიერიდან ნუღარ დაარღვევთ კანონს, ნუ იქნებით აგრესიულები, ბიზნესი შეგრჩეთ, ქონება შეგრჩეთ, იცხოვრეთ ნორმალურადო. სხვათა შორის, „ნაციონალების“ ნაწილმა ეს შეთავაზება ნორმალურად მიიღო და შემიძლია ბევრი ადამიანი დავასახელო, ვინც გაქრა პოლიტიკიდან. „ნაცმოძრაობის“ ძალიან ცნობადი მაშინდელი სახეები საერთოდ არ გვინახავს უკვე ამდენი წელიწადია. ეს ადამიანები მშვენივრად არიან, არავის არ უჭირს ეკონომიკურად, ზოგიერთი მათგანი უცხოეთში ცხოვრობს, ზოგიერთი საქართველოში დარჩა, არავინ დევნის, მაგრამ დარჩა „ნაციონალების“ აგრესიული ნაწილი, რომელიც თავიდან ძალიან დიდ სტრესში იყო. მახსოვს ბარამიძის სამარცხვინო გამოსვლა პარლამენტში, რომელიც რაღაცას ლუღლუღებდა, ძლივს მიმართავდა ივანიშვილს ქვევიდან ზევით, მერე გათავხედდნენ „ნაცები“, უდანაშაულობის სინდრომი გაჩნდა მათში. „ნაცები“ ხომ ძალას ცნობენ მხოლოდ, ტყუილი, სიძულვილი, ძალადობა - აი, მათი კრედო, სამი საყრდენი. დაუსჯელი დანაშაული უბიგებს დამნაშავეს უფრო დიდი დანაშაულის ჩადენისკენ, დამნაშავე ხომ სხვანაირი ფსიქიკის ადამიანია, ვიდრე ის, ვისაც დანაშაული არასოდეს ჩაუდენია და ასეთებიც არიან. თუ კაცმა დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული შერჩა, ე.ი. ამაზე მეტი დანაშაულის ჩადენა შეუძლია. ეს თანდათან გამოჩნდა, განსაკუთრებით, 2020 წლის შემდეგ, როდესაც დამნაშავეები არ მალავდნენ, ძალა გამოვიყენოთ და ახლავე დავასრულოთ ეს ხელისუფლებაო. გამოვარდა თემურ ალასანია, ბოიკოტი, ახალ კომიტეტს ვქმნით, შულავერის კომიტეტი, არავინ არ შედის პარლამენტშიო. აქედან ოცნების ყოფილი ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე ამბობდა, მე ბოლო ვიქნები, ვინც პარლამენტში შევაო, ასეთნაირად უპატაკებდა თემურ ალასანიას.

თუკი სამართლიანობა აღდგება, ეს ისევე გამოიწვევს ნაცმოძრაობის გაქრობას, როგორც ნიურნბერგის ტრიბუნალმა დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები, მათ შორის, გესტაპო და ნაცისტური პარტიის შემადგენლობა?

-ნაციონალები შესაძლოა, მთლად ვერ მოშორდნენ, მაგრამ სწორი გამოძიებისა და განაჩენების სამართლიანი აღსრულების შედეგად მოსალოდნელია მათი მუხტის გაქრობა. ნახეთ, ლაფანყურის საშინელი სისხლიანი დანაშაული გამოძიებული არ არის, სასამართლოში პროცესი ჩატარებული არ არის. არადა, 2012 წლის აგვისტოში მოხდა ეს დანაშაული. 12 წელი არაფერი გაკეთებულა ამ საქმის გამოძიებისთვის. ეს მაშინ, როცა გვპირდებოდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიებას, სულ ცოტა ხანში დასრულდება გამოძიება, საშინელებას გაიგებთო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს ფაქტი დროულად რომ გამოეძიათ, არავითარი გია ლორთქიფანიძე არ იქნებოდა დღეს უკრაინაში, ლაფანყურის დანაშაულის ეს მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი სააკაშვილის და მერაბიშვილის დავალებით და ვერ გამოგზავნიდა ის კაცი იქიდან სააკაშვილს. ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა, რადგან დანარჩენებიც დაინახავდნენ, რომ დანაშაულისთვის ყველანი ციხეში წავიდოდნენ.

ხშირად იმართლებენ თავს, რომ ქართულ ოცნებას დასავლეთი აბრკოლებდა, თუმცა დღეს ირკვევა, რომ ქართულმა ოცნებამ თავად არჩია ნაცების მძევლობაში ყოფნა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- დასავლეთი არ აბრკოლებდა ქართულ ოცნებას, სინამდვილეში, ეს გამოწვეული იყო იმით, თუ რას ეუბნებოდნენ ივანიშვილს ოცნებაში ჩანერგილი ადამიანები. ყველას გვახსოვს ლევან ბერძენიშვილის განცხადება, სააკაშვილის არათუ დაპატიმრება, საერთოდ, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრაც კი არ შეიძლება, ვინაიდან სააკაშვილი გაცილებით პოპულარულია მსოფლიოში, ვიდრე მთელი საქართველოო. იმ დროს ბერძენიშვილი ქართულ ოცნებაში თანამდებობის პირი იყო, პარლამენტში მოღვაწეობდა. ეგეთები რომ გეყოლება და ყოველდღიურად გარწმუნებენ, აი, ჩვენ ველაპარაკეთ უცხოელებს და ისეთი ზეწოლაა სამართლიანობის აღდგენის საწინააღმდეგოდ, რა ვქნათო. თვითონ ივანიშვილი ძალიან იშვიათად ხვდებოდა უცხოელებს, ესენი აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას. ამ დროს ევროპის საბჭოს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დარგში, რომელმაც ჰამარბერგი შეცვალა, ღია წერილი მოიწერა, ახლა მაინც იმედი გვაქვს, წინა ხელისუფლების ყველა დანაშაული ჯეროვნად იქნება გამოძიებული და სამართლიანად დასჯილიო.

თუკი დამნაშავის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, დანაშაული განმეორებადია, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ნაციონალების სამიზნე ახლა ბიძინა ივანიშვილია და მისი გადაადგილება მთელ საქართველოში არც თუ ისე უსაფრთხოა?

- გავიხსენოთ, სააკაშვილის ბიძა როგორი ემოციით ამბობდა, ეს ხომ ჩაწერილია, მე მგონი, ვიდეოცაა ამის შესახებ, აღარ შემიძლია, ვეღარ მოვითმენ, ვეღარ დავიცდი, მორჩა და გათავდა, მილიონ დოლარს ვაძლევ იმას, ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ივანიშვილს. ალასანია ამას რუსულად ამბობს და ეს ხუმრობა არ არის. მით უმეტეს, მილიონი დოლარი არ სჭირდება ამას, მოიძებნებიან ადამიანები, ვისთვისაც თანხის ოდენობა სულერთია. მაინცდამაინც ქართველი კი არა, სხვა ეროვნების რამდენი ადამიანია, ოღონდ გადაუხადე ფული, ფოტო მიეცი და დავალებას შეასრულებენ. მილიონი დოლარი ნამდვილად არ უჭირს ადამიანს, ვინც ტრამპის გვერდით შეისყიდა აპარტამენტები, როგორც სააკაშვილის დედას არ გაუჭირდა 920 ათასი დოლარის გადახდა სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილის გამავრცელებელი კომპანიისთვის.

თუკი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილებას შეეცდებიან, რა შედეგს მიაღწევენ? მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე დგას ქართული ოცნება? მმართველი გუნდი დამოუკიდებლად ვერ აკრეფს იმ კურსს, რაც ბიძინამ დაიწყო?

- ივანიშვილის ფაქტორი დღეს ძალიან ძლიერ ფაქტორად რჩება. ვერ წარმომიდგენია, ეს ფაქტორი რატომღაც რომ გაქრეს, ამ გუნდმა დიდხანს შეინარჩუნოს მდგრადობა, შემართება და ასეთი რესურსი, რადგან მოპირდაპირე მხარეს ძალიან დიდი ფინანსური რესურსია თავმოყრილი. რა უნდა დაუპირისპირო ამას? ბიუჯეტის ფულს ხომ ვერ დახარჯავ? დღევანდელი მოცემულობით, ივანიშვილის ნდობით ბიზნესმენები ოფიციალურად ღიად აფინანსებენ ქართულ ოცნებას. ეს ხომ ვიცით, რომ ოცნება მეტ დაფინანსებას ღებულობს ოფიციალურად, ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად აღებული და, მადლობა ღმერთს, რომ ასეა.