„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა დასახელებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია პარლამენტს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების მაღალი ინტერესი, მიაღწიონ რთულ, მაგრამ აუცილებელ შეთანხმებას, აირჩიონ მეურვეები დასახელებული 27 კანდიდატიდან და ხმა მისცენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას პოლიტიკური კონტროლისაგან. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დაძალებით ვერ შეარჩევენ კანდიდატს. რა ხდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ირგვლივ?
სოციალური სარეკლამო რგოლით, რომლითაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ხელისუფლებას მიმართავენ თხოვნით, „არ გაიმეორონ წინა ხელისუფლების შეცდომა“ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიმართებით, უკვე ტრიალებს საქართველოს სატელევიზიო ეთერში, პარლამენტის წევრებს პეტიციის ტექსტს უგზავნის სამოქალაქო საზოგადოების კოალიციაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ „პარლამენტის მიერ დანიშნულმა შესარჩევმა კომისიამ სანიმუშოდ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, მეურვეობის 68 მსურველიდან შეარჩია 27 ღირსეული კანდიდატი. სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერ შეძლო წარდგენილი სიიდან სასურველი კანდიდატების ამორჩევა. დემოკრატიულად დაწყებული პროცესი შეფერხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, იგეგმება ხელახალი კონკურსი, რაც მოიცავს საფრთხეს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბჭოში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პოლიტიკური ნიშნით არჩეული კანდიდატები. ამით დაზარალდება როგორც მაუწყებელი, ასევე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი“.
27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეურვეების მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა, ცხრიდან ექვსი ადგილი კი ვაკანტური დარჩა. ამასთან, უმრავლესობა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატები მათთვის ასარჩევად სავალდებულო სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთ კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. ამჯერად სახალხო დამცველმა კვლავ თავდაპირველად დასახელებული ორი წევრი წარმოადგინა, იგივე კანდიდატი დაასახელა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც. თუ მომდევნო ორ ჯერზე დასახელებულ კანდიდატებს პარლამენტი კვლავ ვერ აირჩევს, ხელახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს. როგორც ვახტანგ ხმალაძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ამბობს, ეს არის დემოკრატიის თანმდევი პროცესი, ვინაიდან იძულებით ვერავის დაასახელებინებენ ასარჩევ კანდიდატურას:
„ორი ძირითადი მოთამაშეა ამ სქემაში - ერთი არის კომისია, მეორეა პარლამენტი. ორივეს უნდა უნდოდეს ვიღაცის არჩევა, რომ ის გახდეს სამეურვეო საბჭოს წევრი. თუ კომისიამ არ წარადგინა, პარლამენტი ვერ აირჩევს; თუ კომისიამ წარადგინა და პარლამენტს სურვილი არ ექნა, პარლამენტი არ აირჩევს, ანუ, უარეს შემთხვევაში, ადგილი დარჩება ვაკანტური. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ქმნის ამას. მე მინდა საბჭოში პეტრეს არჩევა, მაგრამ კომისიამ არ წარმოადგინა პეტრე. მე ხომ პეტრეს ვერ ავირჩევ, რანაირად მოვახდენ პოლიტიკურ გავლენას, აი, ეს მაინტერესებს“.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა გიორგი კლდიაშვილმა, კოორდინატორმა კოალიციისა „მედიის ადვოკატირებისთვის“, რადიო თავისუფლების დილის ეთერში განაცხადა, რომ კარგად დაწყებული პროცესი ფერხდება პარლამენტის მიერ და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესი, ვინაიდან ჩანს, რომ პარლამენტი მათთვის სასურველი კანდიდატების გარდა არ ასახელებს კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან ასარჩევ მეურვეებს:
„ამის საფრთხე არსებობს და ამ საფრთხეს ვხედავთ ყველა ჩვენ - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ ხდება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. თუ პარლამენტი დანიშნავს იმ კანდიდატებს, რომელიც პარლამენტს სურს, და არა იმ კანდიდატებს, რომელიც საზოგადოებამ წარუდგინა მათ, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლების, უფრო სწორად, მთავრობის მაუწყებელს და არა ‘საზოგადოებრივ მაუწყებელს’“.
ფორმალურად პროცესი შესაძლოა ხანგრძლივად გაიწელოს, ანუ მანამდე, სანამ პარლამენტს საზოგადოებრივი კომისია მისთვის სასურველ კანდიდატებს არ წარუდგენს. საზოგადოებრივი კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ კომისიის საქმიანობა იმ დღეს დასრულდა, როცა მათ პარლამენტს მეურვეების ასარჩევი 27-კაციანი სია გადასცეს. ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ის და, მისი სიტყვებით, კომისიის არც ერთი წევრი კომისიაში ხელახლა შესვლას არ გეგმავს. ანუ პარლამენტარებისთვის „მოსაწონი“ სიის შესათავაზებლად ახალი კომისიის დაკომპლექტება გახდება საჭირო:
„ჩვენი კომისიის მიერ წარდგენილ 27-კაციან სიას გადაავლეს თვალი და ნახეს, რომ იქ არ მოიძებნება ხუთი ისეთი ადამიანი, - მინიმუმ ხუთი ისეთი ადამიანი, - რომელიც იქნება მათი პოლიტიკური მორჩილი“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დასახელებული წევრებისთვის კენჭისყრას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის შუაში გეგმავს. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა, ერთი კანდიდატის გარდა, სხვა ორ კანდიდატზე შეთანხმებული არ არის. ერთი კანდიდატი არ ჰყავს დასახელებული უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებსაც.