"საქართველოში ანგელოზიც რომ იყო, ბოლოს მაინც პოლიტიკოსი გახდები"

"ღმერთმა დამიფარა პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ანგელოზიც რომ იყო, ბოლოს და ბოლოს მაინც პოლიტიკოსი გახდები. გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რა თქმა უნდა, კოჰაბიტაციის დამთავრება და ახალი პრეზიდენტის არჩევნები იყო. მაგრამ დამთავრდა კი ეს დიდი გაუგებრობა, ანუ კოჰაბიტაცია? ძნელი სათქმელია, თუკი მეტად აქტიური, პოლიტიკურად კარგად გაწვრთნილი უმცირესობისა და მორიდებული, თუ გაუბედავი უმრავლესობის ურთიერთობებს გავიხსენებთ. მივიღეთ თუ არა ის დემოკრატია, რაც ჭეშმარიტად ადამიანურ ცხოვრებას შეეფერება და ეკადრება? ვფიქრობ, ასეთი დემოკრატია არც ისე ადვილი მისაღწევია, რომ ასე უცებ დამყარებულიყო საქართველოში", - აცხადებს მწერალი და საზოგადო მოღვაწე თამაზ ჭილაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქართველოში ანგელოზიც რომ იყო, ბოლოს მაინც პოლიტიკოსი გახდები" / ყველაფერზე თანხმობა სილაჩრის ნიშანია, ყველაფერზე უარის თქმა _ სიბრიყვის".

"დემოკრატია ხელისუფლების შეზღუდვაა, მეტი არაფერიო", - თქვა რეიგანმა. ამერიკაში იმპიჩმენტი მოუწყვეს და გადააყენეს პრეზიდენტი, რომელმაც მოსასმენი აპარატი დაუდგა ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელეს, ჩვენში მთელ ქვეყანას უსმენდნენ, მაგრამ ვინმეს გადაყენების ნაცვლად, ჩვენ თვითონ ჩურჩულით დავიწყეთ ლაპარაკი. რადგან საქართველოში ყველაფერზე ძნელი ხელისუფლების შეცვლაა - ისეთ დემოკრატიამდე, როგორსაც ამერიკის პრეზიდენტი გულისხმობდა, ჯერ კიდევ შორია. ივანიშვილის კეთილშობილ, შორს გამიზნულ ქმედებას, არა მგონია, ბევრი მიმდევარი გამოუჩნდეს ჩვენში. ჩვენმა ხალხმა, რომელიც ერის საკმაოდ შერყეული ღირსების დასაცავად გამოვიდა ქუჩაში, გენეტიკური გონიერების წყალობით, თითქმის უნებურადაც კი, სწორედ ჭეშმარიტ დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, შევინარჩუნებთ თუ არა ამ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, შევძლებთ თუ არა, უპირველეს ყოვლისა, არ დავივიწყოთ, რომ რაც უფრო თავისუფალი ხარ, მით უფრო მეტი შემზღუდავი კანონები ჭირდება შენს თავისუფლებას, რათა ანარქიაში არ გადაიზარდოს. გვახსოვდეს, რომ დემოკრატია გაცილებით მკაცრია, ვიდრე ავტოკრატია, რამდენადაც კანონს ეყრდნობა და არა რომელიმე, ნებისმიერი პიროვნების ნებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ჭილაძე. 

"რატომ ვამბობ ამას და რა მაძლევს თუნდაც მცირედი ეჭვის გამოთქმის უფლებას? ალბათ ის ფაქტი, რომ ჩვენში არ არსებობს საშუალო ფენა, ანუ არ არსებობს საზოგადოება და ამდენად არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი, ეს ერთგვარი დაუწერელი კონსტიტუცია, აუცილებელი ნორმალური ცხოვრებისთვის. დღევანდელ დღეს საზოგადოებრივი აზრი აუცილებელია იმიტომაც, რომ როგორმე განიმუხტოს უაღრესად პოლიტიზებული გარემო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი ვითარება სრულიად გამოუსადეგარია სხვა, ნებისმიერი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობისთვის. არც არის საკვირველი, რომ ასე საგრძნობია სრული განუკითხაობა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში - კულტურა იქნება ეს, მეცნიერება თუ ბიზნესი, პოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. საზოგადოებრივი აზრის არარსებობამ შექმნა ერთგვარი პარადოქსული ვითარება - ჩვენში თითქოს მხოლოდ პოლიტიკოსები ცხოვრობენ, სხვა პროფესიის ადამიანები ქვეყანას არ ჰყავს", - მიიჩნევს მწერალი.

"შეიძლება ეს იმის გამო ხდებოდეს, რომ ამჟამად სახეზე პოლიტიკური ნიღაბი გვაქვს აფარებული, თუნდაც იმიტომ, რომ სხვანაირი სახით ჩვენი დანახვა არც ერთ სხვა ქვეყანას არ უნდა. არადა, ხალხი საინტერესოა და მშვენიერი ყოველგვარი ნიღბის გარეშე. დარწმუნებული ვარ და, რა თქმა უნდა, ესეც ჩვენი ბრალია, არც ერთმა უცხოელმა დიპლომატმა არ იცის, რა დიდი და უძველესი კულტურის ქვეყანაში უხდება მოღვაწეობა. ბევრ საელჩოს, მგონი, კულტურის ატაშეც კი არა ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. თუმცა, რაღა უცხოელებს ვსაყვედურობ, არც ერთს, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელ პოლიტიკოსს ქართულ კულტურაზე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. წინა ხელისუფლებამ ისე დაამთავრა თავისი მმართველობა, თეატრში არ შესულა ("ქეთო და კოტეს" არ ვგულისხმობ!), სიმფონიური მუსიკის კონცერტს არ დასწრებია, გამოფენა არ უნახავს, წიგნი არ გადაუშლია, ძირითადად, ძეგლების გადაადგილება-გადმოადგილებით და წარსულის "კოსმეტიკით" იყო გართული. ჩვენს სინამდვილეში დამკვიდრდა ეგრეთ წოდებული ეპიგონური კულტურა, ეპიგონური განათლება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რატომღაც მგონია, რაღაც დავთმეთ, ზედმეტად დამჯერე, ანუ ზედმეტად პასიურები გავხდით. ჩემი პოლიტიკური გამოუცდელობის გამო, მეჩვენება, რომ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები უფრო ჩვენი ჭკუის დარიგებით არიან გართულნი, ვიდრე რეალური დახმარებით. ყველაფერზე თანხმობა სილაჩრის ნიშანია, ყველაფერზე უარის თქმა - სიბრიყვის, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რას ვთანხმდებით და რას არა. ჩვენმა ხალხმა თითქმის ერთხმად გადაწყვიტა ნატოში შესვლა, მაგრამ არც უფიქრია, რომ ამის გამო დაეთმო და დაევიწყებინა ყველაფერი, რითაც საქართველო საქართველოა, დაეთმო თუნდაც ერთი გოჯი იმ მიწისა, რომელიც ამჟამად ოკუპანტის მავთულხლართებში არის მოქცეული და რომელსაც, თუკი თავისთავადობას შევინარჩუნებთ და ღმერთიც მოგვხედავს, სულ მისხალ-მისხალ დავიბრუნებთ არც ისე შორეულ მომავალში. მთავარია, გვწამდეს ეს და ამ ახალ წელსაც ამ იმედით შევხვდეთ", - დასძენს თამაზ ჭილაძე.

"ჩვენ დიდი წარსულიდან მოვდივართ, უფრო ზუსტად, წარსული ჩვენთან ერთად ცხოვრობს და მოქმედებს დღევანდელობაში და საკმაოდ სასიკეთო გავლენასაც ახდენს ჩვენზე. უწარსულოდ სამშობლოს ცნება არ არსებობს, წარსულით სიამაყე ამძაფრებს სამშობლოს სიყვარულს - ასე აუცილებელს ჩვენთვის და ასე ზედმეტს "ახალი ადამიანისთვის", ანუ თითქმის რობოტის დონეზე მოაზროვნე არსებისთვის, რომელიც "უნარჩვევებს" ცხოვრებიდან კი არა, მისთვის საგანგებოდ შექმნილი სახელმძღვანელოდან იძენს. ამავე დროს, სწორედ წარსულთან დაკავშირებით, ბევრი რამის მკაცრად გადასინჯვა და შეცვლა მოგვიწევს", - აცხადებს მწერალი და შეკითხვას - "ბატონო თამაზ, რომ ამბობდით: `ქვეყნის პოლიტიკური რუკა სასტიკად დაქუცმაცებულია, მაგრამ ხელუხლებელია ჩვენი ერის სულის რუკა და აი, ამ რუკის მიხედვით აღსდგება საქართველოო~, რას გულისხმობდით `სულის რუკაში?" - პასუხობს:

"ეს ის რუკაა, რომელსაც ყველა ჩვენგანს დაბადებისთანავე გულზე გვახატავს განგება. ეს ჩვენი სამშობლოს რუკაა, სხვა არაფერი, რომლის პირველი შტრიხიც მაშინ გაჩნდა, როცა რამდენიმე ათასწლეულის წინ შეიქმნა ქართული ანბანი, ანუ ამოქმედდა ქართული კულტურა, რომელიც მერე ქართველი ერის ჩამოყალიბების სტიმულად და უფრო მეტიც - საფუძვლად იქცა. ის ყველა ჩვენგანისთვის ავგაროზიც არის და კომპასიც, რომელიც სწორ გზას გვიჩვენებს. ამ შემთხვევაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ვგულისხმობ. სწორი არჩევანი უკვე თითქმის გამარჯვებაა. გვეყო ნებისმიერი მეზობლის "სიურპრიზების" შიში. დე, ახალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ჭეშმარიტი რაობის, ჩვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის წელი"