"სასურველია, დედა პარასკევა თუ შეინანებს"

"ესაა მართლმადიდებლობის და თავად მამა გაბრიელის შეურაცხყოფა"

"დიდი მკრეხელობაა, როდესაც მაცხოვრის კვართს ზურგს ვაქცევთ და მივდივართ და ვაწუხებთ მამა გაბრიელს"

"ასეთ რაღაცეებს აკეთებდნენ ლოიოლა, დედა ტერეზა და სხვ. ასე ნელ-ნელა ჩვენც დავემსგავსებით კათოლიციზმს, მეტიც, მასაც გავცდებით და გადავალთ პროტესტანტიზმში."


გუშინ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარს დედა პარასკევას, სიზმარში გამოცხადება ჰქონდა, სიზმარში მას მამა გაბრიელმა უთხრა, რომ ვინც შობამდე მის საფლავზე რწმენით ნანატრ 2 სურვილს ითხოვს, აუცილებლად აუსრულდება. ამის გამო მამა გაბრიელის საფლავს ათასობით ადამიანი მიადგა. რამდენად სწორია ეს, ამაზე კომენტარი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი თევდორაშვილს ვთხოვეთ.


- მცხეთას არის მომდგარი სრულიად ქართველობა. ძალიან რთული სანახავია, ამდენი ხალხი 2 სურვილით რომ გარბის წმინდანის საფლავზე. ესაა მართლმადიდებლობის და თავად მამა გაბრიელის შეურაცხყოფა. მამა გაბრიელი ამხელდა ხოლმე მსგავს უგუნურებას და დღეს მისი სახელით ხდება ასეთი უმსგავსობა. თურმე ასრულდება მხოლოდ ორი სურვილი, რა შუაშია ორი ან სამი?! ასეთი რამე მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობს. მე იმ ხალხზე კი არ ვარ გაბრაზებული, ვინც საფლავთან მიდის, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც ხელეწიფება, რომ ეს შეაჩეროს და ხმას არ იღებენ ამ სისულელეებზე.

- მამაო, ისტორიულად, კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა შემთხვევები, როდესაც წმინდანებს იყენებდნენ პიარ-სვლებისა თუ ბიზნესისათვის. ერთგვარად ასეთ სიტუაციასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

-რა თქმა უნდა. მართლმადიდებლური ეკლესია ასეთ რამეს გმობს, ვითომდა წმინდანი უხმობდეს თავის მრევლს საფლავზე, რათა სურვილები შეუსრულოს.ასეთ რაღაცეებს აკეთებდნენ ლოიოლა, დედა ტერეზა და სხვ. ასე ნელ-ნელა ჩვენც დავემსგავსებით კათოლიციზმს, მეტიც, მასაც გავცდებით და გადავალთ პროტესტანტიზმში. მე არ ვამტკიცებ, რომ დედა პარასკევამ ეს გააკეთა, მაგრამ თუ მართლა მან ქნა, სასურველია, თუ შეინანებს, რათა ასეთი მკრეხელობა აღარ განმეორდეს. ყველას დაავიწყდა, დღეს არის მაცხოვრის შობის დღესასწაული და მთელი ყურადღება იქით აქვთ გადატანილი, რომ მცხეთაში მივიდნენ და მამა გაბრიელს სთხოვონ სურვილების შესრულება, არა იესო ქრისტეს, არამედ მამა გაბრიელს. დიდი მკრეხელობაა, როდესაც მაცხოვრის კვართს ზურგს ვაქცევთ და მივდივართ და ვაწუხებთ მამა გაბრიელს. დარწმუნებული ვარ მამა გაბრიელი თავად შეწუხდებოდა ასეთ ქმედებაზე და ამხელდა მსგავს სისულელეებს. ეშმაკმა დაგვცინა, როდესაც მარხვაში, შობის წინ ხალხი რიგებში დგას, იმის მაგივრად, რომ აღსარება თქვან, საზიარებლად მოემზადონ და შობა იზეიმონ.

-დედა პარასკევამ განაცხადა, მას არავითარი სიზმარი არ უნახავს. მან თქვა, რომ უბრალოდ შესთხოვა მამა გაბრიელის საფლავს რათა მორწმუნეთათვის თხოვნა აესრულებინა...

- ეგეც არასწორია. მე ვარ ნარიყალას წმ.ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი და რომ გამოვაცხადო: მე ვთხოვე წმინდა ნიკოლოზს, რომ ხალხს დაეხმაროს-მეთქი, ხომ წარმოგიდგენიათ, ნარიყალაზე რამდენი ხალხი იქნება.დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი მამა გაბრიელს არ გაუხარდებოდა.