ძალაუფლების

ძალაუფლების "არითმეტიკა": 9-ჯერ გადატანილი პოლიტიკური "ციებ-ცხელება" - არჩევნები და არადნები ანუ რას გვასწავლის ისტორია

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა დრო დარჩა. აქამდე საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო პროცესი უკვე ცხრაჯერ ჩატარდა. მოკლედ გადავხედოთ ისტორიას.

პირველი არჩევნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი­ მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა,­ სამწუხაროდ, დიდი პოლარიზაციის ფონზე პოლიტიკური ძალები ზვიად გამსა­ხურდიასა­ და გია ჭანტურიას მომხრე-მოწინა­აღმდეგეებად იყვნენ გაყოფილი და პარტიათა ნაწილმა უზენაესი საბჭოს არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა სექტემბერში ალტერნატიული არჩევნები ჩაატარეს, თუმცა მან ლეგიტიმაცია ვერ შეიძინა.

პარლამენტი (უზენაესი საბჭო) 250 წევრისგან შედგებოდა - 125 პროპორციული­ და 125 ერთმანდატიანი ოლქი. ამომრჩეველთა­ საერთო რაოდენობა 3 444 002 კაცს შეადგენდა. არჩევნებში მონა­წილეობდა 2 406 742 კაცი. ეს, სამწუხაროდ, ერთადერთი არჩევნებია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალში. ბარიერი 4%-იანი იყო. ბევრისთვის მოულოდნელად არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო".

საბოლოოდ მანდატები ასე განაწილდა: "მრგვალი მაგიდა" - 115 მანდატი, "კომუნისტური პარტია" -73 მანდატი, "სახალხო ფრონტი" - 13, დამოუკიდებელი კანდიდატები - 6. პირველივე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს.

პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა - 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. თუმცა საბოლოოდ მან ვერ შეასრულა ის ფუნქცია, რომ პოლიტიკური პროცესები სხდომათა დარბაზში განვითარებულიყო და არა ქუჩაში. დაძაბულმა პოლიტიკურმა პროცესებმა სამოქალაქო ომი გამოიწვია (რუსეთის ინსპირირებით) და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობასთან ერთად, პირველმა პარლამენტმაც შეწყვიტა არსებობა.

"იმედის არჩევნები" ანუ "იმელის" პარლამენტი

1992 წელს საქართველო უმძიმეს ვითარებაში ხვდებოდა. სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთში და არალეგიტიმური ხელისუფლება - ქვეყანას სახელმწიფო საბჭო მართავდა შევარდნაძის ხელმძღვანელობით. ამ არჩევნების მთავარი მიზანი იყო საქართველოს ჰყოლოდა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ძლიერ ქვეყნებთან დაამყარებდა ურთიერთობებს, რათა ქაოსში ჩაძირულ ქვეყანას დახმარებოდნენ. ამიტომაც 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს "იმედის არჩევნები" ეწოდა.

დაწესდა 2%-იანი ბარიერი. არჩევნებში 3 466 677 ამომრჩევლიდან 2 592 117 მონაწილეობდა. საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას ჰყავდა წარმომადგენელი. აფხაზეთის ნაწილსა და ცხინვალში არჩევნები არ ჩატარებულა.

მანდატები ასე განაწილდა: ბლოკი "მშვიდობა" (შევარდნაძის ხელმძღვანელობით - 29 მანდატი, "11 ოქტომბრის ბლოკი" - 18, "ერთობა"“- 14, "ედპ" - 12, "მწვანეთა პარტია" - 11, "დემოკრატიული პარტია" - 10, „"ქარტია 91" - 9, „"ტრადიციონალისტთა კავშირი" - 7, "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" - 7, "მერაბ კოსტავას საზოგადოება" - 5, "ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი" - 4, "მშრომელთა სოციალისტური პარტია" - 4, "ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია" - 4, დანარჩენები - 16.

სულ პარლამენტში 26 პარტია მოხვდა და ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო იყო. ძნელი წარმოსადგენია, ეს "რეკორდი" უახლოეს მომავალში მოიხსნას. პარლამენტმა პირველივე სხდომაზე თავმჯდომარედ და შემდეგ სახელმწიფოს მეთაურად ედუარდ შევარდნაძე აირჩია. საკანონმდებლო ორგანო მარქსისა და ენგელსის სახელობის ყოფილ შენობაში განთავსდა, რადგან პარლამენტის შენობა სამოქალაქო ომისგან იყო დაზიანებული. ამიტომაც ეწოდა მას "იმელის" პარლამენტი.

ახალი კონსტიტუცია, ახალი არჩევნები

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით იმავე წლის 11 ნოემბერს გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 121 075 კაცს შეადგენდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 127 946-მა ამომრჩეველმა. ბარიერი შეადგენდა 5%-ს. ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა, დანარჩენმა პოლიტორგანიზაციებმა კი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული ოლქებით გაიყვანეს.

არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა შევარდნაძის ახალმა პარტიამ "მოქალაქეთა კავშირმა" და საბოლოოდ გამარჯვება მან მოიპოვა. ასევე, პარლამენტში დიდი დოზით მოხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი მმართველის ასლან აბაშიძის პარტია "აღორძინება".

მანდატები ასე გადანაწილდა: "მოქკავშირი" - 108 მანდატი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 34, „"აღორძინება - 31, "ტრადიციონალისტები" - 2, "სოციალისტური პარტია" - 4, "ეროვნული თანხმობა" - 2, "თანადგომა" - 3, "რესპუბლიკური პარტია" - 1, "სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანება" - 1, ბლოკი "პროგრესი"– - 4, "ლემი" - 1, "დამოუკიდებელი კანდიდატები" - 29. აფხაზეთის მაჟორიტარული ოლქებიდან 12 დეპუტატს ავტომატურად გაუგრძელდა უფლებამოსილება, რადგან ეს ტერიტორია უკვე ოკუპირებული იყო.

პარლამენტის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აირჩიეს. ედუარდ შევარდნაძემ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა.

"სტაბილურობიდან ეკონომიკურ კეთილდღეობამდე"

დიახ, ეს იყო მმართველი პარტიის ახალი სლოგანი, 1999 წლის არჩევნებზე აქცენტი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე კეთდებოდა. პარალელურად, ასლან აბაშიძემ "აღორძინების" ბაზაზე დიდი პოლიტიკური ცენტრის შექმნა მოახერხა. საბოლოოდ, "მოქკავშირის" ერთ-ერთი საარჩევნო ილეთი სწორედ ის იყო, რომ მოქალაქეებს "აღორძინების" ხელისუფლებაში მოსვლით აშინებდნენ. სიახლე ის იყო, რომ საარჩევნო ბარიერად 7% დაწესდა. მოსვლით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 882 646 კაცს შეადგენდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 948 659-მა კაცმა. საბოლოოდ, მანდატები ასე გადანაწილდა: "მოქკავშირი" - 131 მანდატი, "აღორძინება" - 58, "მრეწველები" - 15, დანარჩენები: მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული 2 ლეიბორისტი, 16 დამოუკიდებელი კანდიდატი და 12 დეპუტატი აფხაზეთიდან, რომელთაც ავტომატურად გაუგრძელდათ ვადა. პარლამენტის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აირჩიეს.