მთავარი პროკურორის ვინაობა გასაიდუმლოებულია

მთავარი პროკურორის ვინაობა გასაიდუმლოებულია

"ქვეყანა კვლავ მთავარი პროკურორის გარეშეა დარჩენილი. მთავრობაში მთავარი ბრალმდებლის შერჩევაზე თურმე დიდი ამბებია ატეხილი. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. საკუთარი კანდიდატურა მოსახლეობასაც ჰყავს შერჩეული. მათი რჩეული კახი კახიშვილია. ამბობენ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება. ამ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ. სახელისუფლებო კულუარებში ეტყობა ეს ინფორმაცია ძალიან აქვთ გასაიდუმლოებული. ან დაფიცებული აქვთ, რომ ეს ინფორმაცია არ გააჟღერონ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა ამ კვირაში გახდება ცნობილი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით მთავარი პროკურორის ვინაობა გასაიდუმლოებულია / რატომ არ უმხელს მის ვინაობას ღარიბაშვილი უმრავლესობას.

"გავრცელებული ინფორმაციით ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა ირაკლი ღარიბაშვილს უკვე შერჩეული ჰყავს და ის კახა კახიშვილი არ არის. სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ახალი პროკურორი საპარლამენტო უმრავლესობიდან ნამდვილად არ იქნება. ირკვევა ისიც, რომ ღარიბაშვილს ახალი მთავარი პროკურორის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები ჯერ არ ჰქონდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მთავარი პროკურორის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იღებს. მთავარ პროკურორს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. თუ პრემიერი ჩათვლის საჭიროდ, რომ იმსჯელოს კოალიციის შიგნით ლიდერებთან, ესეც მისი გადასაწყვეტია, სხვა შემთხვევაში, მას არანაირი ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე არ გააჩნია. თუმცა, შეიძლება კოალიციის წევრებს, იგივე პარლამენტის წევრთა ჯგუფს ჰქონდეს მოსაზრება კანდიდატურასთან დაკავშირებით და ეს მოსაზრება პრემიერ-მინისტრს გაუზიაროს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.

"ჩემთვის ჯერ ცნობილი არ სრის, ვინ იქნება მთავარი პროკურორი. თვითონ პროცედურულად პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, პროკურორის დანიშვნის საკითხში არ მონაწილეობს. იუსტიციის მინისტრი წარადგენს კანდიდატურას და პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ეს არის წმინდად პრემიერის გადასაწყვეტი საკითხი და ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადებში იქნება წარმოდგენილი ეს კანდიდატურა, რომელიც ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს იმ ფუნქციას, რასაც ჰქვია მთავარი პროკურორის ფუნქციები. მთავარი პროკურორი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე და იცნობდეს სისტემას. მე არ ვთვლი, რომ ის უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი და პოპულარული ადამიანი. საკმაოდ ეფექტურად უნდა გაართვას თავი ამ თანამდებობას, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება მიმდინარეობს, რომელთა გახსნასაც საზოგადოება ელოდება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

"გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავარი პროკურორის შერჩევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილი. ამაში ეჭვი არც საპარლამენტო უმცირესობის წევრს შოთა მალაშხიას ეპარება. მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შედეგად გადადგა. "ჩვენ ყველამ ვნახეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები და რეაქცია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო სექტორიდან არ გასცა ბრძანება მის გადადგომასთან დაკავშირებით. ეს იყო ივანიშვილის ჩარევით მიღებული გადაწყვეტილება", - დასძენს შოთა მალაშხია.