"ეროვნული ვალუტის მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებულ და სწორ მოქმედებაზე, რადგან ლარის გაუფასურებას ეკონომიკასთან არ ჰქონდა კავშირი. სპეკულაციური მოთხოვნა იყო ლარზე, როდესაც მცირე და საშუალო ინვესტორებმა საქართველოდან ფული გაიტანეს. ამას, ერთი მხრივ, თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ედო საფუძვლად, მეორე მხრივ კი უკრაინაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება. გარკვეული ობიექტური მიზეზი იყო, თუმცა ჩვენი მდგომარეობა ამ მხრივ მაინცდამაინც კარგი არ იყო. ეროვნულმა ბანკმა 340 მილიონზე მეტი გაისროლა ბოლო 3 თვეში. შედეგად მივიღეთ გაურკვეველი პოლიტიკა - ჩვენ არ შეგვიძლია ეროვნული ბანკის ქმედებების პროგნოზირება - ცხადია, ასეთი მდგომარეობა კარგი არ არის. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა თანდათანობითი დევალვაცია გამოცხადდეს 1 წლის განმავლობაში, რომ ბიზნესმაც და მოქალაქემაც ადაპტირება შეძლოს", - აცხადებს ეკონომიკისი ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დემურ გიორხელიძე: "საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფული არ არის".
"გვქონდა და გვაქვს უდიდესი პრობლემა - ლარის კურის იყო ძალიან გადაფასებული, იყო შეუსაბამოდ მაღალი, რაც ნარჩუნდებოდა ფულის მიწოდების ხელოვნური შეზღუდვით. ლარის კურსის დაცემამ გარკვეული ფული გააჩინა მიმოქცევაში, თუმცა ეს აბსოლუტურად არ არის საკმარისი. ამიტომ, თუ ეს სტიქიურად არ მოხდება და "შავი პარასკევის" მსგავს რამეს არ გააკეთებს ხელისუფლება (რაშიც დარწმუნებული არ ვარ, რადგან გაუგებარ ქმედებებს აქვს ადგილი), მაშინ ლარის დევლავაცია გარდაუვალი იქნება და ეს აუცილებელიცაა, რადგან ვერანაირი ეკონომიკური ზრდა ვერ მოხდება ხელოვნურად გაძვირებული ეროვნული ვალუტის ხარჯზე, ასეთი ფულის შიმშილის პირობებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფული არ არის. და თუ არის, ბანკების მიერ ის კონცენტრირებულია საკუთარი ბიზნესებისთვის. მთავრობა ამას ყურადღებას არ ქცევს, არადა, ამ სფეროში კონკურენტული გარემო უნდა შექმნას. ბანკებს ისეთი კანონმდებლობა აქვთ, რომ საკუთარ თავს აფინანსებენ და ეკონომიკის ყველაზე დიდი შემაფერხებლები არიან. სანამ ასეთი საბანკო სისტემა იქნება, საქართველოს ეკონომიკას ვერანაირი ხელისუფლება ვერ უშველის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
"რაკი ეროვნული ვალუტა შეთამაშდა, რაკი ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა ჩამოკიდებული, იმპორტი კი წინა ხელისუფლების მიერ კარგად ორგანიზებულ და განაწილებულ მონოპოლურ ჯგუფებს გააჩნიათ. ისინი სარგებლობენ ამ სიტუაციით და თავის დაზღვევის მიზნით ახდენენ პროდუქციის გაძვირებას. პროდუქციის გაძვირება არ უკავშირდება მასზე მოთხოვნის ზრდას - რაკი არაკონკურენტული გარემო გვაქვს, რაკი სხვა მექნიზმები მოქმედებს, დომინირებული ჯგუფები, რომლებიც ხელოვნურად იყვნენ გაჩენილი, შესანიშნავად სარგებლობენ ამ მდგომარეობით - ეს არის ფასების ზრდის მთავარი მიზეზი", - დასძენს ეკონომიკური ექსპერტი და შეკითხვას - "ხელისუფლებამ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას..." - პასუხობს:
"დღეს საქართველო ამ საშინელი მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს, სჭირდება მძლავრი ეკონომიკური ზრდა, ასევე სამუშაო ადგილების შექმნა. ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა ფორმალურად ეკონომიკური ზრდა და ამ ზრდას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამუშაო ადგილების შექმნასთან. ისეთ სექტორებში და ისეთი ფორმით იდებოდა ფული, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნებოდა. დღეს ხელისუფლებამ თითქმის შეცვალა ის მანკიერი პოლიტიკა, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. თუ ადამიანები არ გააქტიურდნენ და შრომა არ დაიწყეს, ვერანაირი ცალკეული პროექტი ვერ მოხსნის ამ დიდ პრობლემას. ამიტომ უნდა შეექმნათ პირობები, რომ ადამიანებმა დამოუკიდებელი საქმიანობა შეძლონ. ამას ხელშეწყობა სჭირდება. მთელ მსოფლიოში ეს პროცესი ხელშეწყობილია, საქართველოში კი არ იყო. რაღაც პატარა ნაბიჯი ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გადადგა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას დიდი პრობლემები შეექმნება. პრობლემურია 5%-იანი ზრდის მიღწევა, რადგან 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უნდა გაორმაგდეს. ეს თავისთავად არ მოხდება, ეს რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა სტიმულაცია, რომელიც ჯერ გაჩენილი არ არის".