ივანიშვილის წილი Google-ში, Apple-ში და Volkswagen-ში - ექსპრემიერის შემოსავლები, გასავლები და აქციები

ივანიშვილის წილი Google-ში, Apple-ში და Volkswagen-ში - ექსპრემიერის შემოსავლები, გასავლები და აქციები

2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა ფიზიკურ პირებზე 178 000 აშშ დოლარის, 11 500 ევროსა და 787 268 ლარის დახმარება გასცა. 

ყველაზე დიდი რაოდენობით ერთჯერადად გაცემული დახმარება დოლარში 56 500 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ლარში - 116 250 ლარს. გარდა ამისა, ექს-პრემიერმა გასულ წელს 1 569 470 ლარის შემოწირულობა გასცა.

შედარებისათვის, 2012 წელს წარდგენილ დეკლარაციაში ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა 21 467 040 ლარის შემოწირულების, როგორც გასავლის დეკლარირება, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემულმა დახმარებამ შეადგინა 603 697 ლარი. 

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, შარშან მილიარდერის მიერ მომსახურების ღირებულებაზე დახარჯულმა თანხებმა 74 147 ლარი და 36 048 ევრო შეადგინა. გარდა ამისა, შარშან, ყოფილმა პრემიერმა 89 176 ლარი დახარჯა საინფორმაციო მომსახურებაზე, 296 000 ევრო - სატრანსპორტო მომსახურებაზე, 124 201 ლარი - კომუნალურ მომსახურებაზე, 84 779 ლარი - იურიდიულ მომსახურებაზე, 2 971 233 - საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე, ხოლო გადახდილ ჯარიმაზე - 48 400 000 აშშ დოლარი. 

რაც შეეხება შემოსავალს, 2013 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარაციაში მითითებულმა შემოსავალმა 56 120.00 აშშ დოლარი და 79 710 022 ლარი შეადგინა. 

აქედან, 79710022 ლარი ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ დეკლარირებულია როგორც ჯარიმის დაბრუნებით მიღებული შემოსავალი, ხოლო 56 120 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტით მიღებული შემოსავალია. შედარებისათვის, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დარიცხული პროცენტით 75 845 აშშ დოლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის მოვალეობის შესრულებისთვის 9423,91 ლარის ანაზღაურება მიიღო.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის აქტივებს, როგორც წარდგენილი დეკლარაციიდან ირკვევა, ყველაზე მეტი, 6 020 000 აქცია ბიძინა ივანიშვილს კომპანია Rolls Royce Hld. Shs.-ში აქვს, რომელთა ფასი მითითებული არ არის. რაოდენობით მეორე ადგილზეა ქართული ”პროგრესბანკის” აქციები - ყოფილ პრემიერი ”პროგრესპანკის” 3 794 500 აქციას ფლობს (თითო აქციის ღირებულება - 1 ლარი).

ბიძინა ივანიშვილი ასევე ფლობს 2,3 მილიონ აქციას ბრიტანულ ფონდში AXA Framlington Units Class, საერთო ღირებულებით 3 მილიონი დოლარი. 

ფონდში J O Hambro Capital Management Umbrella ბიძინა ივანიშვილს 2,5 მილიონ აქცია აქვს საერთო ღირებულებით 6,5 მილიონი დოლარი, ხოლო ბრიტანულ ფონდში CF Lindsell Train – 1,1 მილიონ აქცია საერთო ღირებულებით 2,2 მილიონი დოლარი. 

ყველაზე მეტი კაპიტალი გასულ წელს ბიზნესმენმა მაინც ფარმაცევტულ ბიზნესში ჩადო. ბიძინა ივანიშვილს აქვს 1,2 მილიონი აქცია ”Raptor Pharmaceutical” -ში, რომელთა საერთო ღირებულება 16,7 მილიონი ევროა. 

გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს ისეთი ცნობილი კომპანიების აქციებს როგორიცაა Volkswagen ( ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების 2 700 აქცია), Goldman Sachs ( 4,2 მილიონი დოლარის ღირებულების 250 ათასი აქცია) და Apple (1,3 მილიონი დოლარის 2 400 აქცია), Google (1,2 მილიონი დოლარის 1 100 აქცია).

ბიძინა ივანიშვილს აქციები აქვს სასტუმროების ქსელებშიც - მაგალითად, Intercontinental Hotels-ში და ასევე, აქვს ფასიანი ქაღალდები დასავლურ ბანკებში. მათ შორის, Barclays-ში და DEUTSCHE BANK - ში.

რაც შეეხება მილიარდერის საბანკო ანგარიშებს, 

მას აქვს საბანკო ანგარიშები როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბანკებში: 

ბანკი ქართუ - 84 679 ლარი, 4 155 ევრო, 305 665 აშშ დოლარი;
სს კბ რასია - 203 478 ევრო, 10 1223 აშშ დოლარი;
Raiffeisen Centrobank AG - 341 იაპონური იენი, 8 083 შვეიცარიული ფრანკი, 2 687 944 ევრო, 2 560 926 აშშ დოლარი, 1 973 736 ფუნტი სტერლინგი, 136 022 უნგრული ფორინტი, 3 838 680 თურქული ლირა;
დსს რაიფაიზენბანკი - 13 280 აშშ დოლარი, 393 116 ევრო, 155 678 რუსული რუბლი;
Coutts TPMS Main Capital – 89 215 ევრო, 227 586 ფუნტი სტერლინგი, 17 753 895 აშშ დოლარი;
BlackRock Institutional Liquidity Fund – 10 000 000 აშშ დოლარი.

გრაფაში ”მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში” ყოფილი პრემიერმინისტრის სახელზე მონიშნულია, რომ 2001 წლიდან ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს პარტნიორს ფრანგულ კომპანიაში ეს-სი-აი დუ 29 რუე დე ლა პრინცესს.

ჟურნალ ”ფორბსის” მილიარდერების რეიტინგის თანახმად, 2013 წლის მარტის მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2012 წელს კი, მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ქონების კლების გამო ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს რეიტინგში 153-ე ადგილიდან 229-ე ადგილზე გადაინაცვლა.