რა გარიგება შესთავაზა კეზერაშვილმა ვიქტორ ჭელიძეს?

რა გარიგება შესთავაზა კეზერაშვილმა ვიქტორ ჭელიძეს?

ბელგიაში მყოფი სამხედრო – საზღვაო ძალების დაზვერვის ყოფილი უფროსი ვიქტორ ჭელიძე „ტელეგრაფს“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. ჭელიძე აცხადებს, რომ ის და თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2007 წელს ერთმანეთს ბელგიაში შეხვდნენ და დავით კეზერაშვილმა მას გარიგება შესთავაზა. ყოფილ მაღაჩინოსნებს შორის შეხვედრა ქ. ანტვერპენში, მექსიკურ რესტორანში შედგა. ამ გარიგების თანახმად, ვიქტორ ჭელიძეს კეზერაშვილისთვის ირაკლი ოქრუაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალები უნდა გადაეცა, სანაცვლოდ კი საზღვაო ძალების დაზვერვის ყოფილი უფროსის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

ვიქტორ ჭელიძე „ტელეგრაფს“ 2007 წელს, დავით კეზერაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა:
„დავით კეზერაშვილი ბელგიაში ხშირად ჩამოდიოდა და, როგორც ვიცი, ძირითადად, ებრაელების დასახლებაში, ე.წ. ელიკანსტრანტის უბანში ჩერდებოდა. 2007 წელსაც, როდესაც მე მას შევხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის იყო ჩამოსული. მაშინ მას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. ვიცოდი, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა უნდოდათ და მასალებს აგროვებდნენ. სანამ კეზერაშვილი ჩამოვიდოდა, მისი ახლობლებიც დამიკავშირდნენ და თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობა შემომთავაზეს. მივედი კეზერაშვილთან და პირდაპირ ვუთხარი: ბიჭო, ჩემი საქმე ხელახლა გამოიძიეთ, ოქრუაშვილსაც დაიჭერთ და დანარჩენებსაც-მეთქი. კეზერაშვილმა მითხრა, შენ გაგვირიგდი და მერე შენს საქმეს მივხედავთო. გარიგების თანახმად, მე მისთვის ოქრუაშვილის წინააღმდეგ კომპრომატები უნდა გადამეცა, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდებოდა. ამაზე ვუპასუხე, გამოიძიეთ ხელახლა ჩემი საქმე, სადაც ოქრუაშვილის ბრალეულობა იკვეთება და სამართლებრივად სწორი ფორმით დასჯით-თქო. მივხვდი, რომ ჩემი პოზიცია კეზერაშვილს არ მოეწონა… ფაქტობრივად, ინფორმაციის მიცემაზე უარი ვუთხარი. ამ შეხვედრის დროს, კეზერაშვილს კიდევ ერთი ქართველი ებრაელი ახლდა, მე მისი სახელი არ ვიცი.

მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ რატომ ჩამოდიოდა კეზერაშვილი ბელგიაში ხშირად. არ გამოვრიცხავ, რომ ის ინტერესდებოდა ალმასების და ბრილიანტების ბიზნესით. უბანში, სადაც ჩვენი შეხვედრა შედგა, ალმასებისა და ბრილიანტების დიდი ბირჟაა. მსოფლიოში ასეთი სულ 5 უზარმაზარი ბირჟა არსებობს და აქედან 3 სწორედ ამ რაიონში მდებარეობს. ბელგიაში მცხოვრები ქართველი ებრაელები უმეტესად ამ ბიზნესით არიან დაკავებულები.

ვიქტორ ჭელიძე „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილისა და იგორ გიორგაძის საიდუმლო შეხვედრებზეც საუბრობს.

„სანამ ირაკლი ოქრუაშვილს „ქვეყნის ხერხემალს“ უწოდებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ ის რუსეთის აგენტია. მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი ხშირად ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადიოდა და იქ იგორ გიორგაძეს ხვდებოდა. სწორედ ამ ინფორმაციის მიღებას ითხოვდა ჩემგან კეზერაშვილი. როგორც კი ვაჭრობა დამიწყო, პირდაპირ ვუთხარი, წადი და დედაშენს ევაჭრე-მეთქი… მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იგორ გიორგაძეს ჯავაში სამჯერ შეხვდა. ამ თემაზე მაშინვე დავიწყე ყვირილი. რაც ჯარში ვმსახურებდი, სულ მახსოვდა, რომ გიორგაძე ჩვენი ქვეყნის მტერია და ყველა ის პირი მძულს, ვინც რუსულ ფულს საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ხარჯავს, თუმცა გარიგების ფორმა, რაც კეზერაშვილმა შემომთავაზა, ჩემთვის მიუღებელი იყო და თანამშრომლობაზე ამიტომ არ წავედი“, – განაცხადა ვიქტორ ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დევნილობაში მყოფი დაზვერვის პირველი რანგის კაპიტანი ვიქტორ ჭელიძე ბოლო 8 წელიწადია ბელგიაში ცხოვრობს. მან საქართველოს შეიარაღებული ძალები 2005 წელს დატოვა. ჭელიძე სამხედრო პოლიციის მიერ 2006 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 323-ე და 399-ე მუხლებით იძებნება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურ მითვისება-გაფლანგვას ითვალისწინებს. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამხედრო ქონების წესის დარღვევაშიც ადანაშაულებენ. წინა ხელისუფლების დროს სასამართლომ მას დაუსწრებლად 20 წელი მიუსაჯა.