"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეტენზია უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაზე დღესავით ნათელია, ის ღიად და რაც მთავარია ძალით აღარ ერევა არ პროცესებში. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოსკოვს ძალის გამოყენების გარეშე დართო თამაშის ნება. მათთან დაწყებულია დიალოგი და სანაცვლოდ მიიღეს პირობა, რომ რუსეთი არსად და არასდროს აღარ გამოიყენებს ძალას. ამითაც იყო გასული წელი მნიშვნელოვანი. როგორი იქნება 2014 წელის ამას ძალიან მალე დავინახავთ. მგონი ცუდი არ იქნება - სხვა თუ არაფერი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მთავრდება... საქართველოში მთელი თანხა ნაციონალების გახლდათ - ყველა ბიზნესს ისინი აკონტროლებდნენ და როცა არჩევნები წააგეს, ეს თანხები ქვეყნიდან გაიტანეს. გარკვეული ეკონომიკური პრობლემები ამ თანხის გადინებამ გამოიწვია", - აცხადებს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს ამზადებს" / რატომ შეაქცია დასავლეთმა ზურგი სააკაშვილს.
"დასავლეთში ბევრი გავლენიანი და ავტორიტეტული პოლიტიკოსი მეგობარი მყავს - მათი წყალობით ძალიან კარგად ვიცი საერთაშორისო სამზარეულოში რა წვენი იხარშება - 9 წლის მანძილზე "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა გაყვლიფეს და ქვეყანა მასხრად აიგდეს, მათ აქედან ამოღებული თანხა ძალიან საქმიანად და სწორად დააბანდეს. მოგეხსენებათ, ფულს კავშირები მოაქვს. ამის წყალობით, დასავლეთში "ნაციონალების" ხელშეუხებლობით ძალიან ბევრი იყო დაინტერესებული. თუმცა დასავლეთში ასეთი ადამიანების რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს. "ნაციონალებს" ფული ჯერ ისევ აქვთ, მაგრამ იმ ადამიანებმა გაიგეს, სინამდვილეში რას აკეთებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები... გაირკვა ისიც, თუ რატომ იყო მშენებლობის ასეთი ბუმი - ყველა მშენებლობას რაც "ნაციონალებმა" საქართველოში განახორციელეს ჰქონდა ერთი მიზანი - ფული იშოვებოდა მშენებლობაში და ამავე დარგში ხდებოდა ფულის უვნებელი გათეთრება!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"გრძელვადიან პოლიტიკაში აშშ ცდილობს საქართველოში ერთპარტიული სისტემა და ერთპარტიული დიქტატურა არ დაუშვას. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ვაშინგტონმა თბილისს უთხრა, რომ ისინი ართპარტიულ გაბატონებაზე თვალს აღარ დახუჭავენ. "ნაციონალების" დროს თვალს ერთი მიზეზის გამო ხუჭავდნენ - მათ აშშ-ში სერიოზული ლობისტები ჰყავდათ, რომელთაც სერიოზულ თანხებს უხდიდნენ. მათი დახმარებით დახატეს ისეთი სურათი, თითქოს საქართველოში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იყო პროდასავლური ძალა, დანარჩენები ყველა რუსეთის აგენტებად წარმოაჩინეს... სააკაშვილის ლობისტების დიდმა ნაწილმა იცოდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მაგრამ ეკონომიკური სარგებლის გამო ამ სიცრუეზე თვალს ხუჭავდნენ. ამერიკის ნამდვილი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ახლა გაცხადდა - ობამამ ხელი მოაწერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სავსებით ბუნებრივია, სააკაშვილი ამერიკაში რომ იმყოფება - ეს მისი ძველი ლობისტების დამსახურებაა. აშშ ხელისუფლება თვლის, რომ საქართველო ადგას დასავლური განვითარების გზას, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც ამ კურსს შეცვლის, მაშინ სააკაშვილს რეზერვის სახით გამოიყენებენ - მის გარშემო პროდასავლურად განწყობილი ხალხის შეკრება არ გაუჭირდებათ. ასეთი ხალხი საკმაოდაა საქართველოში - უკვე გაიზარდა თაობა, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის რუსეთი და მასთან ურთიერთობა - შინაგანად ეს თაობა ბევრად პროდასავლურია. მაგრამ სააკაშვილს ნებისმიერ დროს არ გადმოისვრიან, თანაც ეს არ გახლავთ აშშ-ის სახელმწიფო ინტერესი - ამის იდეის უკანაც კონკრეტული ძალები დგანან. და არავინ იცის ისინი სააკაშვილს აქ გადმოისვრიან თუ სადმე უარეს ადგილას. სააკაშვილი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი. ეჭვი მეპარება, რომ ის და მისი გარემოცვა ოდესმე საჭირო გახდეს საქართველოში", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი.