მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არცთუ იშვიათად ისეთ უცნაურ ამბებს ჰყვებიან, რომ ძნელია ტყუილ-მართლის გარჩევა. ხშირად ასეთი თემები უცხოურ პრესაში ან ინტერნეტსაიტებზეც ვრცელდება.
განსაკუთრებით უცხოეთში მისი ვოიაჟები ექცევა ყურადღების ცენტრში, რადგან ჩვენს პრეზიდენტს ყველა ქვეყანაში ადვილად ცნობენ. ახლახან "კვირის პალიტრას" პრეზიდენტის შედარებით ნაკლებად ცნობილ თავგადასავლებზე "ეროვნული ფორუმის" წევრი ირაკლი მელაშვილი ესაუბრა და მეტად უცნაური ამბები მოუთხრო:
- კაცმა ბავშვობის ყველა ოცნება აიხდინა. პრეზიდენტი ხან ბოდრუმში დაფრინავს, ხან არაბულ ქვეყნებში და ა.შ. ერთხელ სააკაშვილი დაცვას გაეპარა და კიევში ჩაფრინდა, ტაქსი გააჩერა და საცეკვაო მოედანზე მივიდა. იცეკვა!.. მერე საქართველოდან სასწრაფოდ თვითმფრინავი ჩაფრინდა უკრაინაში და პრეზიდენტი უკან ჩამოიყვანა.
ეს ამბავი როდის მოხდა?
- 2009 წლის შემოდგომასა თუ ზამთარში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება არ იყო შეცვლილი.
თქვენ საიდან გაიგეთ ეს ამბავი?
- კიეველი მეგობრებისგან. უკრაინის დედაქალაქში ეს საკმაოდ გახმაურებული ამბავია, რადგან მიხეილ სააკაშვილი დისკოთეკაზე ტაქსით მივიდა. ტაქსისტი თურმე გაოგნდა, როცა მანქანაში მიხეილ სააკაშვილი ჩაუჯდა. მას საქართველოს პრეზიდენტი ტელეეთერში ჰყავდა ნანახი და იცნო. მეორე შოკი საცოდავმა მაშინ მიიღო, როცა სააკაშვილმა უთხრა, დისკოთეკაზე წამიყვანეო. ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ უკრაინაში თითქმის ყველამ იცის.
საქართველოს პრეზიდენტისაგან აღარაფერი გვიკვირს. გახსოვთ, სააკაშვილი ბოდრუმში რომ გაფრინდა? მისი გუნდის წევრები მაშინაც გვარწმუნებდნენ, რა უნდა პრეზიდენტს ბოდრუმში, თბილისშია და ქვეყნის შიდა საქმეებს აგვარებსო.
მერე რომელიღაც საიტმა სააკაშვილის ბოდრუმში ყოფნის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. უცნობმა კი "საკნიდან" ბოდრუმის სასტუმროში დარეკა და იკითხა, მიხეილ სააკაშვილი მანდ არის თუ არაო და დაუდასტურეს. სააკაშვილი არც მალავს, რომ პრეზიდენტობით ბავშვობის ოცნებები აისრულა.
მაგრამ პრეზიდენტს ხომ შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტების დროსაც გამონახოს გასართობად დრო?
- ჰო, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მას არაერთმა ქვეყანამ მიღებაზე უარი უთხრა. სააკაშვილმა აჰმადინეჯადიც დაპატიჟა, მაგრამ ამ უკანასკნელმა სააკაშვილს, ფაქტობრივად, უარი შემოუთვალა. მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, განეცხადებინა, რომ სინამდვილეში აჰმადინეჯადი არ მოუპატიჟებია და ირანის პრესაში ცრუაჟიოტაჟი შეიქმნა. ესეც ვერ გამოუვიდა პრეზიდენტს მთლად კარგად, ირანმა შეურაცხყოფად მიიღო, რომ სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტის დაპატიჟება უარყო.
აპრილში, თუ არ ვცდები, სააკაშვილს რუმინეთმაც უარი უთხრა მიწვევაზე, ამჟამად ვერ მიგიღებთ, ეროვნულ დღესასწაულს აღვნიშნავთ და ერთ თვეში ჩამობრძანდითო. ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა. რატომ არ შეიძლებოდა რუმინელების ეროვნულ დღესასწაულს სააკაშვილიც დასწრებოდა?
ერთი თვის მერე სააკაშვილი რუმინეთში მაინც ჩავიდა, კონსტანცაც მოიარა, იქაურ პრეზიდენტსაც შეხვდა, მაგრამ ვეჭვობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რომელიმე საკითხი მოეგვარებინოს... ყველამ კარგად იცის, რომ დიდი ჭკუამხიარული კაცია ჩვენი პრეზიდენტი...
ერთხელ სააკაშვილმა "უცნობის" სიმღერაზე იცეკვა და შალვა ნათელაშვილმა გააკრიტიკა: კარგი იქნება, საქართველოს პრეზიდენტმა ქორეოგრაფი დაიქირავოს, ახლა მის ცეკვას მთელი მსოფლიო უყურებსო. თქვენც ასე გამოგდით...
- მე ადამიანს ფიზიკურ ნაკლზე ხომ არ მივუთითებ? იცეკვოს როგორც უნდა, მაგრამ საცეკვაოდ აქვს კი საქმე?!
რატომღაც გასაიდუმლოებული იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლის შესახებაც ინფორმაციამ უცხოურ საიტებზეც გაჟონა. ვიზიტის გასაიდუმლოებას რით ახსნით?
- საეჭვოდ მეჩვენება. ვითომ აქ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა შექმნეს და არაბი ინვესტორები ჩამოიყვანეს, ჩვენი ინფორმაციით კი ამ უკანასკნელებს ერთი ლარის ინვესტიციაც არ განუხორციელებიათ.
დიდი ეჭვი მაქვს, ვიზიტები არაბულ ქვეყნებში იმ შავი ფულის გათეთრებას ემსახურება, რომელიც არაბული კომპანიების წყალობით ბრუნდება საქართველოში. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილიც ამ მიზნით ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ოჯახური ბიზნესის დაცვას ცდილობს და ამ საქმეს გარემოცვას არ ანდობს. როგორც ჩანს, ნოღაიდელის, ბურჯანაძის, ოქრუაშვილის წასვლის შემდეგ პრეზიდენტი თავის გუნდს ძველებურად აღარ ენდობა.
თუ სააკაშვილი თავისი ფინანსური ინტერესების უზრუნველყოფაზე ფიქრობს, ე.ი. დარწმუნებულია, რომ სურვილის მიუხედავად, ძალიან გაუჭირდება 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენა.
ისიც შევიტყვეთ, რომ ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის არაბი შეიხის სახელის მინიჭება გადაუწყვეტიათ.
- ჩვენს ქვეყანაში ხომ თვითმმართველობა არ არსებობს, პრეზიდენტი წყვეტს, რომელ ქუჩას რა სახელი მიანიჭოს, ძეგლი აიღოს თუ დადგას, სახლი რა ფერად შეღებოს და რა გასაკვირია, ქუჩას არაბი შეიხის სახელი დაარქვას? აღმოსავლეთი ცნობილია იმით, რომ მეფური საჩუქრები და ყურადღების გამოხატვა ძალიან უყვართ.
მთავარია, რა უჯდება ეს საქართველოს და რა ღირს თუნდაც პრეზიდენტის სხვადასხვა ქვეყანაში ვოიაჟი და გართობა, რამდენი იხარჯება საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან პრეზიდენტის ფონდიდან. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს, დარწმუნებული ვარ, რაც უნდა ეცადოთ, მაინც ვერ მიიღებთ.