ხველა, გახდომა, მეტყველების დაქვეითება - ასე დაიწყო ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან პირველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. პირველი ბოლოს ერთი კვირის წინ რუს ჟურნალისტ, მაქსიმ შევჩენკოსთან გამოჩნდა ეთერში, თუმცა მას საუაბრი გაუჭირდა და ეთერიც დასრულდა. ამის შემდეგ ლევან პირველი მიდის თურქეთის დედაქალაქში ანკარაში, სადაც მას დაუდასტურდა ბაქტერიებით მოწამვლის ფაქტი. როგორც პირველის გარემოცვა აცხადებს, მდგომარეობა საკამოდ მძიმეა.
ლევან პირველის მოწამვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელმაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიამრთა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. როგორც ვასაძე აცხადებს, თურქი ექიმების განცხადებით, დაფიქსირდა პირველის მიზანმიმართული მოწამვლა. კერძოდ, ორგანიზმისთვის დამაზიანებელი ბაქტერიების დოზირებულად რაღაცა პერიოდის განმავლობაში მიწოდებით.
„ჩემი მეგობრისგან, ლევან პირველისგან მივიღე ასეთი შეტყობინება: „მოწამვლა დამიდასტურდა“. სასწრაფოდ გადაურეკე ლევანს, დიდხანს ვესაუბრე, დეტალურად გამოვკითხე და ასეთი რამ შევიტყვე - თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოში ლევანს დაუდასტურეს, რომ მოხდა მისი მიზანმიმართული მოწამვლა ორგანიზმისთვის დამაზიანებელი ბაქტერიების დოზირებულად, რაღაცა პერიოდის განმავლობაში მიწოდებით. ლევანი არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში.
კარგი ის არის, რომ დადგინდა მისი ავადყოფნის მიზეზი. თურქი ექიმები იძლევიან იმედს, რომ მოერევიან ლევანის ამ მძიმე მდგომარეობას. მინდა მივმართო თხოვნით საქართველოს მმართველს ბიძინა ივანიშვლს, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ლევანის მოწამვლის საქმე მაინც და მინდა ვკითხო მას, როდემდე უნდა ხდებოდეს ცუდად საქართველოში მისგან დამოუკიდებელი, ეროვნული, ტრადიციონალისტური აზროვნების საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.
ჩვენი ინფორმაციით ლევან პირველის მდგომარეობა მძიმეა. მას ჩამორთმეული აქვს ტელეფონი და იმყოფება იზოლირებულად. სხვა დეტალები მისი მდგომარეობის შესახებ უცნობია. შეგახსენებთ, რომ ლევან პირველი პოლიტიკურად აქტიური პირი იყო, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა ყოფილ ხელისუფლებას და ამხელდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ლევან პირველი მოწამლეს და ახლა იბრძვის გადარჩენისთვის. გოგავა იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი განსაკუთრებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიციის გამო გლობალურმა სისტემამ განაჩენი გამოუტანა.
„ზურაბ ჭავჭავაძე - დაიღუპა კლინიკაში ავტოავარიის შემდეგ; მერაბ კოსტავა - დაიღუპა ავტოავარიაში; სანდრო გლურჯიძე - მოულოდნელად გარდაიცვალა; გია ყარყარაშვილი - ესროლეს, გადარჩა, მაგრამ დღემდე სავარძელს არის მიჯაჭვული; სოლიკო ხაბეიშვილი - მოკლეს; დემურ დვალიშვილი - „თავი მოიკლა“; ზვიად გამსახურდია - „თავი მოიკლა“; გია ქუთათელაძე - მოკლეს; გია გულუა - მოკლეს; გია ჭანტურია - მოკლეს; ნუგზარ საჯაია - „თავი მოიკლა“;
გურამ შარაძე - მოკლეს; ზურაბ ჟვანია - „გაზით გაიგუდა“; რამაზ კლიმიაშვილი - „გაზით გაიგუდა“; გია მაისაშვილი - გარდაიცვალა თავის ტრამვის შედეგად განვითარებული სიმსივნით; ნიკო ორველაშვილი - მოულოდნელად გარდაიცვალა; ბადრი პატარკაციშვილი - მოულოდნელად გარდაიცვალა; ლევან მიქელაძე - მოულოდნელად გარდაიცვალა; რომან დუმბაძე - მოკლეს; ირინა ენუქიძე - გარდაიცვალა; იური ვაზაგაშვილი - ააფეთქეს შვილის საფლავზე; კობა დავითაშვილი - გარდაიცვალა წამებით მიღებული ტრამვებისგან განვითარებული დაავადებით;
პატრიარქის მოწამვლის მცდელობა; პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო - მოწამლეს, გადარჩა; თამაზ მეჭიაური - გარდაიცვალა კლინიკაში; ლევან ვასაძე - მოწამლეს, გადარჩა; ირაკლი კობახიძე - ევროკომისარი დაემუქრა რობერტ ფიცოს მაგალითით; ლევან პირველი - მოწამლეს, იბრძვის გადარჩენისთვის - ამ პირთა უმრავლესობას საქართველოს სუვერენული განვითარების სურვილი გააჩნდა. როგორც ვხედავთ, პატრიოტიზმი საქართველოში დასჯადია. ჩვენს ქვეყანაში „მკვლელობის სინდიკატი“ მოქმედებს, რომლის მიზანია საქართველო საკუთარი ინტერესების შესაბამისად არ განვითარდეს.
თითოეული ჩვენგანი, ვინც სუვერენისტულ პოზიციებს საჯაროდ გამოვხატავთ, სამიზნეებს წარმოვადგენთ. აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. სამშობლოსთვის სიკვდილი სასახელო საქმეა, მაგრამ პატრიოტ-სუვერენისტების გამოხშირვით, საქართველო კვლავ კოლონიალურ სახელმწიფოდ რჩება. ვითხოვთ რეალურ გამოძიებებს და პასუხებს!“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ღია წყაროში გაკეთებული ინფორმაციის ანალიზი იძლევა იმის საფუძველს ვთქვათ, რომ სახეზეა ტერორისტული აქტი და ეს არის ბიოტერორისტული აქტი. რაც შეეხება იმას, რა ძირითადი მიზეზები შეიძლება არსებობდეს ამ ტერორისტული აქტის მოწყობის, კუხალაშვილი თვლის, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეულ ეკონომიკურ, ან პოლიტიკურ ინტერესებს, ან ორივეს ერთად.
„საინტერესოა და, ალბათ, აუცილებელია, რომ სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს, რომ გამოვკეთოთ სად და როგორ შეიძლება მომხადარიყო სამიზნე ობიექტზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ ტერორისტული აქტის განხორციელება. შესაძლებელია იყოს ლაბორატორიები, სადაც ხდება, გარკვეულწილად, სხვადასხვა ტიპის კვლევები, ან შეიძლება მიზანიმართულად ხდებოდეს ამ ბაქტერიების შემოტანა და შემდეგ გავრცელება. ეს შეიძლება განხორიციელდა მისი კვების პროცესში, უკვე სახლის გარეთ.
ამ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე გეგმავს ამ სახის ოპერაციას, ის სწავლობს ზემოქმედების ობიექტს და შესაძლებელია, ეს ხორციელდებოდა რომელიმე კვების ობიექტზე, სადაც ლევან პირველი იკვებებოდა. თუმცა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ანალოგიური ქმედება ხორციელდებოდა მის სახლში გარკვეული შეღწევადობით. ბევრი დეტალი გაირკვევა მას შემდეგ, როდესაც გავარკვევთ, თუ რა სახის ბაქტერიებზეა საუბარი“, - აცხადებს კუხალაშვილი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებობს სამართლებრივი საფუძვლები იმის შესახებ, რომ აღიძარას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს სათანადო საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმის მიმართულებით.
„მათ შორის, ალბათ, გამოიკითხება თვითონ ლევან პირველი. აღებული იქნება შესაბამისი დასკვნები უცხო ქვეყნის კლინიკაში და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ის ძირითადი ხაზი, რომელიც გამოყენებული იქნა ამ ტერორისტული აქტისთვის. თუ გადავხედავთ ჩვენი დამოუკიდებლობის უახლოეს მოვლენებს, ასეთი მსგავსი ტიპის მოწამვლები გვიფიქსირდება.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკითხი აქტუალურია და ამ შემთხვევაში სპეცსამსახურების როლიც იქნება განსაკუთრებული. ვსაუბრობთ ტერორისტულ აქტზე, რომელშიდაც გამოყენებული არის ე.წ. ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შეიძლება კონკრეტულად ამ აქტისთვის იყო შემოტანილი ქვეყანაში და გამოყენებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.