ჩაერთნენ თუ არა ღიად არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში? - რა საკითხებზე მსჯელობდნენ აჭარაში NGO სექტორის წარმომადგენლები „ლელოს“ წევრთან ერთად?
მმართველი გუნდისთვის ეს ფაქტი იმის უტყუარი დასტურია, რომ დონორების მიერ გამოყოფილი ტრანშები ქვეყანაში არამიზნობრივად იხარჯება. კანონმდებლების თქმით, მილიონობით ლარი, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ნაცვლად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ხმარდება, მიზანი კი ერთია - ნებისმიერი გზით, ხელისუფლების ხელში ჩაგდება. სახელისუფლებო გუნდი, მსგავსი ქმედებების მიღმა, არჩევნების პროცესში უხეში ჩარევის მცდელობას ხედავს.
23 ივლისს აჭარის რეგიონში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ეგიდით, გამართული შეხვედრა, პრემიერ-მინისტრისთვის, მესამე სექტორის პოლიტიზებულების მორიგი, უტყუარი მტკიცებულებაა. საუბარია ბათუმში მოწყობილ პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც, არასამთავრობოებთან ერთად, ყოფილი სახალხო დამცველი და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელიც ესწრებოდნენ, მთავარი განსახილველი თემა კი გამჭვირვალობის კანონი, არჩევნები და ხელისუფლების ცვლილების გზები იყო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის წაშლილი ზღვარი ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ე.წ. შავი ფული ტრიალებს, რაც კანონის ამოქმედების შემდეგ, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება.
„ლელოში“ არ უარყოფენ, რომ გიორგი უშიკიშვილმა, ამ ფორმით, წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ამბობენ იმასაც, რომ საზოგადოებისთვის პოლიტიკურად ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია.
მმართველ პარტიაში კი კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ იყო აუცილებელი და საჭირო, რათა მსგავსი სახის ქმედებებს მოეფინოს ნათელი.
„ლომჯარიები და გიგაურები, ვითომ არასამთავრობო და „ნეიტრალურები“, შეხვედრას აწყობენ ადგილობრივებთან და მიწვეული ჰყავთ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ალაპარაკებთ ჩვენს ლიდერებზე, ალანძღვინებთ ჩვენს პოლიტიკას და წინასაარჩევნოდ რაღაც დაპირებებსაც კი მოვკარი ყური - ეს არის მიუღებელი, ეს არის უხეშად ჩარევა. ამიტომაც იყო აუცილებელი, რომ მიგვეღო ეს ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რითაც ყველას ჩამოვხსნით ნიღაბს“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, „პოლიტიკურ თავხედობასთან ერთად, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების“. მისივე შეფასებით, დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის იმდენად საჭირო, რომ მას სხვა ქვეყნებიც კი იღებენ.
„ახლა არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი დგას და საუბრობს იმაზე, რომ აქ მომავალში, როგორ შეიძლება რევოლუციური სცენარები განავითარონ და ის შავი ფული, რომელსაც უკვე აღარ მალავენ, რომ ერიცხებათ, უცხოელებიც აღარ მალავენ, რომ ურიცხავენ, როგორ მოახმარონ აქ მოლოტოვის კოქტეილების შეძენას და ათას უბედურებას საქართველოში, რადიკალურ პროცესებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივი პოლიტიკური სუბიექტები არიან და ამის ღია ლუსტრაცია ხდება. ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არანაირი შემხებლობა ამ ხალხს არასამთავრობო სექტორთან არ აქვთ.
„ესენია არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რადიკალიზმს ასაზრდოებდნენ და ახლა წინასაარჩევნო პროცესებში ღიად არიან ჩართულები. პირდაპირ აგიტაცია-პროპაგანდას ეწევიან იმის, რომ ეს ხელისუფლება უნდა გაუშვან. ამ ხალხმა ყველანაირი ნიღაბი ჩამოიხსნა. თუკი აქამდე საუბრობდნენ, რომ ვითომ ნეიტრალური არბიტრის როლში იყვნენ და დამკვირვებლები არიან, ახლა არაფრის დამალვაც აღარ უნდათ. ეს კი მათი ბოლო გაფართხალებაა.
რეალურად, მათი დღის წესრიგით მოქმედებენ. არაფერი არ ხდება, უბრალოდ კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოჩინდა ის, რომ საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროქტის შემუშავება აუცილებელი იყო, რომ ამ ხალხის რეალური სახე საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა. რეალურად, ესენი ხარჯავენ დონორების მიერ გამოყოფილ ფულს მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოაწყონ. ამათი სახე უკვე ხალხმა დაინახა და ვერავის ვერაფერს ვეღარ მოატყუებენ“, - ამბობს ქადაგიძე.
იმ რაღაცა მოცემულობაში, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია, ამ არჩევნებზე ესენიც მათთან ერთად ჩაირეცხებიან. ამ ხალხს ანტისამთავრობო მოძრაობა აქვთ გაჩაღებული და მესამე სექტორის არაფერი ამათ არ სცხიათ.
მისივე თქმით, „თავისუფლების მოედანი“, რომელიც ენჯეო სექტორებისგან არის დაკომპლექტებული, სწორედ ამ აბსურდის ნათელი მაგალითია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ე.წ. მდიდარი ენჯეოები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთი მათგანი ცდილობს როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ისე იბრძოლონ, ხოლო მეორე მათგანი კი მესამე სექტორის სახელით ეხმარება. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ორივე მათგანი რეალურად, პოლიტიკური სუბიექტები არიან, რომლებიც რადიკალური ნაცოპოზიციის სახეს წარმოადგენენ.
ანალიტიკოს გია აბაშიძე კი ამბობს, რომ მესამე სექტორის ნაწილი, რომლებიც ე.წ. მდიდარ ფლანგს წარმოადგენენ, ისინი ცნობილი დეზინფორმატორები და მანიპულატორები არიან. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიგაური, ლომჯარია, ორგანიზაცია „ისფედი“ და სხვები, დიდი ხანია ხელისუფლებასთან პირდაპირ ღია დაპირისპირებაში იმყოფებიან.
„ეს ხალხი რევანშისტური ძალის მესიჯების გახმოვანებაში უკვე დიდი ხანია ცნობილები არიან. ეს ახალი ნამდვილად არ არის და მათ ამგვარი აქტივობა წლების განმავლობაში პარლამენტის წინ ჰქონდათ, როცა თავად ეკა გიგაური, საჯაროდ, მთავრობის ჩამოგდებას მოითხოვდა. იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტის მუხტი დაეცა, ახლა გადაწყვიტეს, რეგიონებში გავიდნენ. მმართველ პარტიას ჰქონდა საფუძვლიანი შენიშვნა და წუხილი იმაზე, რომ ამგვარი შეხვედრები უცხოელი დონორების მხრიდან ფინანსდება.
ეს შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გამართლებული იყოს, მაგრამ პოლიტიკოსების შემთხვევაში ეს გაუმართლებელია. რაც შეეხება გზავნილებს, რომელსაც გიგაური, ლომჯარია და სხვები რეგიონებში აჟღერებენ და თავადაც ხვდებიან, რომ ამით საზოგადოება ღიზიანდება, მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის დესტრუქციული გზავნილების ვადა გასულია. ამ ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობას ხალხს ვეღარ აჯერებენ და აპოკალიპტური სურათის დახატვით ხალხის გულს ვერ იგებენ. ყველამ გაიგო, რაც და ვინც არიან. მობეზრდა ხალხს ამათი დესტრუქციული ნარატივი. შესათავაზებელი ხალხისთვის არაფერი აქვთ და მხოლოდ ნეგატივზე არიან ორიენტირებული. ამიტომაც იარონ და რაც უნდა ის ილაპარაკონ, მაგათ მაინც არავინ არ უსმენს“, - ამბობს აბაშიძე.